მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გრიგოლ ვაშაძე - რიჩარდ ნორლანდის სიტყვებს ჯერჯერობით არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვთ

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე რიჩარდ ნორლანდის ნათქვამ სიტყვებს ჯერჯერობით არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვთ , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა,  გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
მისივე თქმით, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განცხადებები არავის მხრიდან გაკეთებულა და კომიტეტის წევრები,  უბრალოდ, შეკითხვებს უსვამდნენ ელჩს, რომელიც დანიშნულიც არ არის.
'იგი ამ შეკითხვებს უბრალოდ პასუხობდა და, შესაბამისად, ამ სიტყვებს ჯერჯერობით არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვთ. ამერიკა-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობები ემყარება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას. ეს არანაირად არ არის დამოკიდებული ელჩის ფიგურაზე, ეს დამოკიდებულია მხოლოდ ორი ქვეყნის მიერ გაცხადებულ პოლიტიკურ კურსზე', - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის შესახებ გუშინ გავრცელდა. სენატორი კარდინი კომიტეტის სხდომაზე დაინტერესდა, ელჩი ნორლანდისგან მიეღო ინფორმაცია, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს იგი, რათა საქართველომ განაგრძოს წინსვლა თავისუფალი და ღია არჩევნებისკენ.
ნორლანდის პასუხი კი, შემდეგნაირი იყო: 'წლევანდელ არჩევნებსა და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც აღვნიშნეთ, გარკვეული პროგრესის მიუხედავად, საქართველოში ნამდვილად არის შეშფოთების საფუძველი, იმასთან დაკავშირებით, რასაც შეიძლება ეწოდოს 'მოსწორებული სათამაშო მოედანი'. მოგვდის ინფორმაცია ოპოზიციური კანდიდატების შევიწროების შესახებ, რაც ჩვენ ძალიან გვაწუხებს. კონტროლის პალატის ე.წ როლი, პარტიათა დაფინანსების კანონი, დიდ შეშფოთებას იწვევს საქართველოში და საერთაშორისო თანამეგობრობაშიც. ჩვენმა მისიამ უკვე განუცხადა ჩვენი შეშფოთება ამ საკითხების გამო საქართველოს ხელისუფლებას, როგორც საჯაროდ, ისე - პირად საუბრებში და თუ ეს დადასტურდება, ჩემი ფუნქცია იქნება, გავაგრძელო გულმოდგინე მონიტორინგი იმისა, როგორ იცავს საქართველო იმ პრინციპებს, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია. ეს იქნება ჩემი მისიის მთავარი პრიორიტეტი. ამერიკა მილიონობით დოლარს ხარჯავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ხელშეწყობისთვის და ჩვენ ამ ფონდების ყურადღებიანი განმგებლები უნდა ვიყოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენთვის მოსალოდნელ შედეგებს ვიღებთ. და ბოლოს, მივანიშნებ - თუ გავითვალისწინებთ საქართველოს დაინტერესებას და სწრაფვას ნატო-ს წევრობისკენ და ჩვენს მხარდაჭერას, ის, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები, იქნება მეტად მნიშვნელოვანი ლაკმუსის ქაღალდი და ჩვენ ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალს ამ არჩევნებს, რათა შევაფასოთ თუ რამდენად შეესაბამება ისინი ნატო-ს სტანდარტებს'.
რიჩარდ ნორლანდი ჯონ ბასს შემცვლელად არის დასახელებული. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები