მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> გულწრფელობა ვჭამოთ?!

საერთაშორისო სტანდარტებით, ასი დღე ახალი ხელისუფლებისთვის 'თაფლობის თვედ' ითვლება და ჩვენც ასი დღის მერე ვაკრიტიკოთ ახლებიო, ამბობენ ვიღაცები. კი ბატონო, მოვიცდიდით, მაგრამ თავად ივანიშვილმა მოინდომა ერთი თვის თავზე ანგარიშის ჩაბარება, პრესკონფერენციაც გამართა და ოპონენტებს საკბილო მისცა, მსუბუქით დავიწყოთ: 'მე პოლიტიკიდან იმ შემთხვევაში წავალ, თუ ეფექტურ ხელისუფლებას დავტოვებ და ჩვენ მიერ წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირებების შესრულებასთან დაკავშირებით არავის ეჭვები და კითხვები არ დარჩება, მაგრამ თუ გაჩნდება ეჭვები და კითხვები, არსადაც არ წავალ'. ვინმეს სჯერა, რომ ეს ყველაფერი წელიწად-ნახევარში მოესწრება? რა გამოდის, მოგვატყუეთ, ბატონო ბიძინა? არჩევნებამდე ეს რომ ვიკითხე, სულ 'ვაჟბატონი' მეძახეთ - როგორ გაბედა მაგ ვაჟბატონმა ჩემს სიტყვებში ეჭვის შეტანა, კარგად მოესმინა, რაც ვთქვიო. ახლა ამბობთ, არსადაც არ წავალ და თუ საჭირო იქნება, მომავალ არჩევნებზეც ვიბრძოლებ გამარჯვებისთვისო.

რა თქმა უნდა, ეს უფრო ჯანსაღი პოზიციაა, ვიდრე წელიწად-ნახევარში წასვლა, რომელიც გაქცევა უფრო იქნებოდა, მაგრამ თავიდან ასეთი პირობის დადებას ვინ გაიძულებდათ?
კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირება ტარიფების განახევრებაა. რა ვქნათ, ბევრი ისეთი კომპონენტი აღმოჩნდა ჩადებული ტარიფში, წინასწარ ვერ გავითვალისწინეთო. იქნებ ბევრი სხვა რამეც ვერ გაითვალისწინეთ და ხვალ აღმოჩნდეს, რომ არც საყოველთაო დაზღვევა გვექნება? ამ პრესკონფერენციის შემდეგ ზოგი ამბობდა, რას ერჩით, გულწრფელიაო, შეცდომას აღიარებსო. ამის პასუხად სოციალურ ქსელში იკითხეს: 'გულწრფელობა ვჭამოთ?!'

დასასრულ, მისი ყველაზე საოცარი განცხადება: 'ამნისტია რაღაც ეტაპზე და გარკვეული დროით გაზრდის კრიმინალს. საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს და უნდა გავიჭირვოთ. ვიღაცები გამოგვეპარებიან, ვიღაცებს უკან შებრუნება მოუწევთ, ამისთვის სამართალდამცავი ორგანოები არსებობენ'.' და ისევ ანეკდოტი სოციალური ქსელებიდან: '90 წლის მოხუცს აუპატიურებენ, ის კი ხმას არ იღებს. მოძალადე გაკვირვებულია, რატომ არ ყვირითო. რა ვქნა, შვილო, გაგებით ვეკიდებიო, - პასუხობს მოხუცი'.

ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების


ვიცი, ახლა ვიღაცები მეტყვიან, ამ კაცს სიტყვებზე რას ეკიდებიო. რაც მე სააკაშვილს სიტყვებზე გამოვკიდებივარ, ახლა ივანიშვილს რა სინდისით არ გამოვეკიდო? არ შეიძლება პოლიტიკოსი ხმამაღლა ფიქრობდეს, ან ვიდრე საკითხი არ გადაწყდება, მანამდე აკეთებდეს განცხადებებს. გავიხსენოთ მისი ამერიკაში ვიზიტის თემა. ჯერ თქვა, პირველი ვიზიტი ამერიკაში მექნება, რადგან ისინი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიანო; მერე გამოაცხადა, დამარწმუნეს, რომ პირველი ვიზიტით ევროპაში უნდა ჩავიდე, ამერიკაში კი იქაური არჩევნების მერე გავემგზავრებიო. ახლა გაირკვა, რომ ამერიკაში ვიზიტი ისევ გადაიდო. 'ევროპულმა ვიზიტმა მაჩვენა, რომ ბევრი სამუშაო და პრობლემა გვაქვს. ვერტიკალს გამაგრება უნდა, ეკონომიკას ბევრი რამ სჭირდება. ევროპაში მაქსიმალური ქულები დავიწერეთ ვიზიტით. ყველა შეხვედრა იყო წარმატებული, თუმცა ეს ოთხი დღე ძვირად დაგვიჯდა, რადგან ქვეყნის განვითარების პროცესს ამან ხელი შეუშალა',' - აღნიშნა ივანიშვილმა. 

ambebi.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები