მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დადინჯებული სააკაშვილი და მოჩქარე ივანიშვილი: რას ელოდება პრეზიდენტი?

ჩვენი ბავშვობის მულტფილმია, ალბათ, გახსოვთ კიდეც ბევრს: „უხეირო დათუნია', რომელიც ასე მთავრდება: შეკითხვას უსვამენ დათუნიებს: „აბა, ბავშვებო, როგორი უნდა იყოს დათვი?!' და სამი დათუნია ერთხმად პასუხობს: „დიინ-ჯი!'

დიდი ხანია, მოსახლეობას, პოლიტიკურ სპექტრს, ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს ასეთი დინჯი პრეზიდენტი არ ახსოვთ. რამდენადაც დამაიმედებელია მიხეილ სააკაშვილის სიმშვიდე და დადინჯება მისი მხარდამჭერებისთვის, იმდენად გამაღიზიანებელია „ქართული ოცნების' მომხრეებისთვის. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით: რაც უფრო მეტად ცდილობს ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის „აგდებას', მით უფრო დინჯად და ღირსეულად პასუხობს მის გამოწვევებს მიხეილ სააკაშვილი.

თავისთავად ცხადია, სააკაშვილის სიდინჯით გაღიზიანება ბიძინა ივანიშვილს აჩქარებით მოქმედებას აიძულებს, ხოლო ის, ვინც ჩქარობს, შეცდომებსაც მეტს უშვებს. ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი ვერ გამოდგა ის ჭკვიანი, რომელიც სხვის შეცდომებზე სწავლობს, თორემ აჩქარება რომ შეცდომების დაშვების წინაპირობაა, მიხეილ სააკაშვილის მაგალითზე კი უნდა უწყოდეს.

არადა, პირიქით უნდა იყოს: თითქოს მიხეილ სააკაშვილია ცაიტნოტში და არა ბიძინა ივანიშვილი, თითქოს სააკაშვილს უფრო უნდა ეჩქარებოდეს, ვიდრე პრემიერს. მაგრამ, როგორც ჩანს, ქართული პოლიტიკა, როგორც ყოველთვის, არც ამ ეტაპზე ექვემდებარება ლოგიკას.

ივანიშვილის მოჩვენებითი თავდაჭერილობა მაშინ გაქრა, როცა საქართველოში ბაჩანა ახალაია დაბრუნდა. ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ ეს ნაბიჯი ვერ გაშიფრა, რასაც ჩქარი და ნერვიული ნაბიჯები მოჰყვა: ერთი მხრივ, თავის დროზე მონსტრად შერაცხული ახალაიას არდაკავება აშკარად ჩაიწერებოდა ნაცმოძრაობის აქტივში და მას ხახვივით შერჩებოდა ივანიშვილისა და მისი მეოცნებეებისთვის ცხვირწინ წითელი ნაჭრის აფრიალება, მეორე მხრივ კი, როგორც ჩანს, ბაჩო ახალაიამ ძალიან კარგად იცოდა, რომ მის დაბრუნებას არავინ ელოდა და, შესაბამისად, არც მისთვის სერიოზული ბრალდების წამოყენებისთვის იქნებოდნენ მზად.

ნერვიული ნაბიჯები, ნერვიულ თათბირზე მიღებული გადაწყვეტილება დაკავების შესახებ და ბიძინა ივანიშვილმა პირველი პირწმინდა დამარცხება იგემა: საერთაშორისო საზოგადოება მკვეთრად უარყოფითად შეხვდა ყოფილი თავდაცვის მინისტრის დაკავებას, ხოლო ქართული საზოგადოება დღესაც ქირქილებს იმ ბრალდებებზე, რომლებიც პირველ ეტაპზე წაუყენეს „ყველაზე ცნობილ ნაციონალ კაციჭამიას'.

ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა თავის ვიდეობლოგში იხუმრა და საქმის არსიც ყველაზე კომიკურად დახატა:

„წარმოიდგინეთ ასეთი კადრები: სისასტიკით განთქმული ჩინოვნიკი, რომელიც ნება-ნება თლის რომელიღაც ხილს, ვთქვათ, ატამს... მის წინ აკანკალებული ჯარისკაცი დგას. უცებ, ჩინოვნიკი ხმაურით ჩაკბიჩავს ატამს, წამოდგება და ჯარისკაცისკენ დაიძვრება: ნიკაპზე ატმის წვენი წურწურით ჩამოსდის, ხელში დანა უჭირავს, იგინება... მაყურებელს გული უსკდება, ჩინოვნიკი კი ჯარისკაცს უახლოვდება და თავში მხოლოდ დანის ტარს ურტყამს...'

აჩქარება რომ შეცდომას უდრის, ეს მომდევნო ნაბიჯებშიც გამოჩნდა - გენერალ კალანდაძის დაკავება ის პიკი იყო, რომელსაც ბევრი მართლაც არ ელოდა. როგორც ამბობენ, თვითონ მეოცნებეთა ვერტიკალშიც კი იყვნენ ამ დაკავების მოწინააღმდეგეები, მაგრამ ყველაფერი მთავარი მეოცნების სურვილისამებრ გადაწყდა. მოგვიანებით ისიც გახდა ცნობილი, რომ ირაკლი ალასანიამ, რომელმაც შეიცხადა, გაერთიანებული შტაბის უფროსი საკმაოდ სერიოზული ბრალდებით დააკავეს და ამის შესახებ დილით შევიტყვეო, თავად მიიღო მონაწილეობა გენერლის დაკავებაში, იუსტიციის მინისტრთან ერთად: მინისტრმა შტაბის უფროსი მოსასვენებელ ოთახში, სასაუბროდ მიიწვია, იქ კი თეა წულუკიანი დაახვედრა...

უფრო მოგვიანებით თეა წულუკიანმაც დაუშვა შეცდომა: მან განაცხადა, ბაჩო ახალაია მესიჯობდა, სავარაუდოდ, დაკითხვის დროს მესიჯებს კალანდაძეს უგზავნიდა, ის შეიძლებოდა, მიმალულიყო და ამიტომაც დავაკავეთო...

კალანდაძის დაკავებას რა აჟიოტაჟიც მოჰყვა, ესეც „ოცნების' კისერზეა და ისიც, რომ სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა არ გაიზიარა და კალანდაძე გირაოთი გაათავისუფლა. საინტერესო იყო „დადინჯებული' პრეზიდენტის განცხადება და ქმედება: მან საკმაოდ მოზომილი პოლიტიკური განცხადება გააკეთა, მერე კი კალანდაძე პირადად მიიღო და თანამდებობაზეც დააბრუნა, თუმცა, ივანიშვილმა ჭიდაობა გააგრძელა და გამოძიების დასრულებამდე კალანდაძისთვის უფლებამოსილება შეაჩერებინა.

სააკაშვილმა დანანებით თქვა - როცა დაკავების შემდეგ გათავისუფლებული კალანდაძე მივიღე და თანამდებობაზე აღვადგინე, ამით მივანიშნე, რომ დავა დასრულებულიყო და გვეთანამშრომლა, მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რაო. საერთაშორისო საზოგადოებამ პრეზიდენტ სააკაშვილის პოზიცია გაიზიარა და ევროპაში ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე ნაჭამმა ყურძენმა ბიძინა ივანიშვილს ბრიუსელში მოჰკვეთა კბილები, სადაც ცალკე ბაროზომ და ცალკე რასმუსენმა პირდაპირ მიუთითეს, პოლიტიკურ დაკავებებს თავი აარიდეო.

„დადინჯებული' სააკაშვილი აქაც გამარჯვებული გამოვიდა: ისევ მჭმუნვარე როლი აირჩია და თქვა - კარგია, რომ ევროპაში ახალი ხელისუფლების ინეტერაქცია შედგა, ეს მათთვის გაკვეთილებიაო. მერე კი დაამატა - მეწყინა, რომ გააკრიტიკეს, პირველი ვიზიტისთვის საკმაოდ ბევრი იყოო...

ბიძინა ივანიშვილმა ევროპაში ერთადერთი ინიციატივა გააჟღერა, ფოგ რასმუსენთან: თუ ეჭვი გეპარებათ, რომ დაკავებები პოლიტიკურია, სპეციალური ორგანო შექმენით და გამოძიების პროცესს დააკვირდითო. ანდერს ფოგ რასმუსენის პასუხი ბუმერანგივით გაჟღერდა: არაა საჭირო ახალი ჯგუფების შექმნა, ნატო-საქართველოს კომისია უკვე არსებობსო. მერე კი, ტონი რომ შეერბილებინა, დაამატა: გვჯერა, რომ ობიექტურად გამოიძიებთო...

ევროპიდან ჩამოსული ბიძინა ივანიშვილი უფრო ნერვიული და, შესაბამისად, უფრო აჩქარებული გახდა: ახლა მან თბილისის ვიცე-მერი დააბარებინა დაკითხვაზე და დააკავებინა კიდეც. რა თქმა უნდა, ამას მაშინვე მოჰყვა საპარლამენტო უმცირესობისა და ნაცმოძრაობის ლიდერების განცხადებები: გიგი უგულავამ განაცხადა, თავდებში დავუდგებიო, ხოლო ვანო მერაბიშვილმა პირდაპირ აღნიშნა: ხიზანიშვილის დაკავება ჩემს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ივანიშვილი ასეთი ნაბიჯებით ვერ შეგვაშინებსო.

პარალელურად, შსს-ს კიდევ ათი მაღალჩინოსანი დააკავეს - ბაჩო ახალაიას კადრები, ისინი, ვინც თანამდებობებზე რჩებოდნენ და არც საქართველოდან გასულან. ივანიშვილი აქაც აჩქარდა: შესაძლოა, უკვე დაკავებულებს თავადაც დაეწერათ განცხადებები და წასულიყვნენ, მაგრამ სულსწრაფობამ აქაც უარყოფითი როლი ითამაშა:

ბრალდებამ აბსურდული, კომიკური ჟღერადობაც მიიღო - თურმე კუდ-ის უფროსის დავალებით მისმა ქვეშევრდომებმა შექმნეს პროგრამა, რომლითაც შესაძლებელია სხვის კომპიუტერში შეღწევა, იქედან სატელეფონო მოსმენების ორგანიზება, ჩაწერა და, რაც მთავარია, ამ პროგრამის მეშვეობით, ანუ შორ დისტანციაზე მდგომი კომპიუტერიდან ისიც ყოფილა შესაძლებელი, რომ ტელეფონიდან ჩაწერილი საუბრები ორმხრივი, ანუ დიალოგის რეჟიმში ყოფილიყო...

ისე გამოვიდა, რომ საქართველოს კუდ-ში 17 წლის ბიჭს შეუქმნია პროგრამა, რომელზეც მსოფლიოს ცნობილი სპეცსამსახურები ოცნებობენ...

მოჩქარე ივანიშვილის ბოლო შეცდომა კი თენგიზ გუანავას დაკავება იყო, რომელმაც ნათელი გახადა, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას და საპარლამენტო უმრავლესობას მიზეზი მისცა, „ჩეკისტური მეთოდებით' დაკავებაზე ალაპარაკებულიყო. თენგიზ გუნავას საქმე იმდენად თეთრი ძაფით იყო ნაკერი, რომ სასამართლოს ბევრი არც უფიქრია...

მოკლედ, ბიძინა ივანიშვილს, თუკი ის გარემოცვიდან ვინმეს აზრს საერთოდ იზიარებს, ერთი მარტივი ჭეშმარიტება უნდა შეახსენონ: მოჩქარეს მოუგვიანდესო. რაც შეეხება სააკაშვილს, მსოფლიოს თვალში ის დემოკრატი მმართველია, რომელმაც დამარცხებაც აღიარა, ხელისუფლებაც გადააბარა, თანამშრომლობისთვის მზადყოფნაც გამოთქვა და მორჩილად გამორთო გარე განათება სასახლეში, როცა ადმინისტრაციას დაფინანსება შეუმცირეს...

მაგრამ ვინ, თუ არა მოჩქარე ივანიშვილმა იცის, რომ დინჯი სააკაშვილი ბუნებაში არ არსებობს და რომ მისი სიდინჯე ქარიშხლის წინ ჩამოვარდნილ სიჩუმეს ჰგავს? იქნებ, იმიტომაც გახდა ივანიშვილი მოჩქარე, რომ უნდა, სააკაშვილს ბოლომდე გამოაცალოს ბერკეტები ან იმის ილუზია შექმნას, რომ ბერკეტებს აცლის და ამით გააღიზიანოს, წყობიდან გამოიყვანოს და რადიკალური ნაბიჯები გადაადგმევინოს? ჯერჯერობით, სააკაშვილი სიდინჯით იგებს. არადა, მას, როგორც პრეზიდენტს ძალიან ბევრი რამ შეუძლია:

შეუძლია ვეტო დაადოს პარლამენტის მთელ რიგ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ამას არ აკეთებს;

შეუძლია, მინიმუმ, ხუთი მინისტრის შეუცვალოს პრემიერ-მინისტრს და ამისთვის პარლამენტის თანხმობა არ დასჭირდეს, მაგრამ არც ამას აკეთებს;

ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტიც დაითხოვოს და ხელახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს, მაგრამ სააკაშვილი არც ამის გამკეთებელს ჰგავს:

მიხეილ სააკაშვილი დინჯი მოლოდინის რეჟიმშია.

ის ელოდება, ხოლო მისი მოლოდინის შემყურე ივანიშვილი ჩქარობს და შეცდომებს შეცდომებზე უშვებს.

რას ელოდება საქართველოს პრეზიდენტი?

ამ კითხვაზე პასუხი, სავარაუდოდ, გაზაფხულამდე არ გვექნება, ვარაუდი კი - უამრავია...

დრონი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები