მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დევიდ პეტრეუსი ბაჩო ახალაიას მადლობას უხდის

აშშ-ის ჯარების სარდალი, გენერალი დევიდ პეტრეუსი თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას ავღანეთის მისიაში საქართველოს მონაწილეობისთვის მადლობას უხდის.

როგორც 'ინტერპრესნიუსს' თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ოფიციალურ წერილში, რომელიც გენერალმა თავდაცვის მინისტრს გამოუგზავნა, ნათქვამია, რომ ქართულმა ბატალიონებმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს ნიმრუზსა და ჰელმანდის პროვინციების უსაფრთხოებასა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში.

სამადლობელ წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ქართული საჯარისო შენაერთები წარმატებით თანამშრომლობენ ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებთან და ადგილობრივ სამთავრობო ლიდერებთან.

'უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარების თვალსაზრისით მათ ერთობლივად უამრავი ინიციატივა და ოპერაცია განახორციელეს. ავღანელი ხალხის მიმართ თქვენი ჯარისკაცების დამოკიდებულებამ ხელი შეუწყო ISAF-ისა და ავღანეთის ისლამისტური რესპუბლიკის მთავრობისადმი ნდობის გაზრდასა და განმტკიცებას. მაგალითისთვის შემიძლია აღვნიშნო, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი ოპერირებენ, მუსა ქალეჰის სამხრეთ ნაწილში, დღეს უკვე ქვეითები პატრულირებენ. თქვენი ჯარისკაცები ნამდვილად გამოირჩევიან თავიანთი სიმამაცითა და გამბედაობით. ამ ყოველივეს კი მათ მიერ ქვეითი პატრულირებაც ცხადყოფს, რომელიც ამ ტერიტორიაზე არსებული რისკების გათვალისწინებით დიდ გამბედაობას მოითხოვს', - ნათქვამია წერილში.

როგორც გენერალი წერს, აღსანიშნავია ქართული ბატალიონების მეთაურთა ლიდერობის უნარი. განსაკუთრებულად კი დევიდ პეტრეუსი ვიცე-პოლკოვნიკ ფრიდონ ტერელაძისა და მაიორ ალექსანდრე ტუღუშის გამორჩეულ თავდადებაზე საუბრობს.

'ორივე მეთაური არაჩვეულებრივად იცნობს თავის სამოქმედო არეალს, ინარჩუნებენ კარგ დისციპლინას თავიანთ შენაერთებში და ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ხალხზე მეამბოხეთა გავლენა შეასუსტონ. რეგიონალური სარდლობის მეთაური სამხრეთ-დასავლეთში, გენერალ-მაიორი რიჩარდ მილსი, უდიდეს კმაყოფილებას გამოთქვამს 31-ე და 32-ე ბატალიონების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობებთან დაკავშირებით. მან პირადად მაცნობა, რომ თქვენი ძალები არიან მოტივირებულები, დისციპლინირებულები და, რომ ისინი შესანიშნავად ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მისიას. ქართველი ჯარისკაცების თავდადების, კარგი რეპუტაციის, სიმამაცის, სისხარტისა და პროფესიონალიზმის შესახებ ყველა სამეთაურო დონეზეა ცნობილი', - აღნიშნულია გენერლის წერილში.

ოფიციალური წერილის დასასრულს გენერალი პეტრეუსი კიდევ ერთხელ უხდის მადლობას თავდაცვის მინისტრს იმ დახმარებისთვის, რომელსაც საქართველო ავღანელ ხალხს უწევს.

დევიდ პეტრეუსი იმედოვნებს, რომ მათი ერთობლივი საქმიანობა შესაძლებელს გახდის, ავღანეთის მთავრობამ მომავალში თავადვე მოახერხოს საკუთარი ხალხისთვის უფრო უსაფრთხო გარემოსა და წარმატებული მომავლის შექმნა.

'ინტერპრესნიუსი'

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები