მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ: “ჯავახეთში ბიოლოგიური იარაღი გამოსცადეს”

რუსული პროპაგანდისტული მანქანა, საქართველოს ფეთქებადსაშიშ რეგიონებში შუღლის ახალი მარცვლის დათესვას ცდილობს. ამჯერად, მათ ბულგარელი და ფრანგი კოლეგებიც ეხმარებიან. რუსულმა მედიამ, მორიგი „სენსაციური' ცნობა ბულგარული რესურსის, Bulgarian News Network (bnn) - ის მიხედვით გაავრცელა. ინფორმაციის ავტორი ირწმუნება, რომ საქართველომ ეთნიკური სომხებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბიოლოგიური იარაღი გამოიყენა და მსგავს ქმედებას სამომავლოდაც აპირებს.

 

ასეთი ზღვარგადასული დეზინფორმაცია, ალბათ ყურადღების მიქცევადაც არ ეღირებოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ მსგავსი აბსურდი რუსული მედიის საზღვრებს გასცდა. საინფორმაციო შეტევა საქართველოზე უკვე ევროკავშირის ქვეყნების მედიის საშუალებითაც ხორციელდება, რაც ჩვენს ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვას და უცხოეთიდან მართულ, ახალი ეთნოდაპირისპირებების წარმოქმნის სურვილს აგრესიულად და მიზანმიმართულად ემსახურება.

სტატიაში მითითებულია, რომ ინფორმაცია, თავდაპირველად, ფრანგი ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, თუმცა არც ამ ჟურნალისტების ვინაობაა დაკონკრეტებული და არც რაიმე ფრანგული წყაროს მონაცემებია მითითებული. კრემლის მიერ მართული მედია საზეიმოდ გვამცნობს, რომ საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს ინფორმაციით, საქართველო საიდუმლო პროგრამაზე მუშაობს, რომელიც ბიოლოგიური იარაღის შექმნასა და საკუთარ ტერიტორიაზე ვირუსების გავრცელებაზეა ორიენტირებული.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების მიკრობიოლოგები და ვირუსოლოგები (აშშ-ის არმიის ინფექციური დაავადებების კვლევების სამედიცინო ინსტიტუტი) და საქართველოს მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი თბილისში, ქოლერის გამოვლენა-გავრცელების და დაავადებასთან დაკავშირებული ახალი მეთოდების ინდენტიფიკაციაზე მუშაობენ.

ამერიკულ-ქართული სამეცნიერო კვლევების შედეგად,  საქართველოში ქოლერის პათოგენების სავარაუდო, პოტენციური გავრცელების სრული სურათი შეიქმნა. გამოკვლეული იქნა საქართველოს ოთხი ტბა და შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორია, რომელთა მეშვეობითაც ქოლეროგენი შეიძლება იქნას გავრცელებული. ეს კვლევები კი საშუალებას იძლევა, ქოლერის, როგორც ბიოლოგიური იარაღის, მეტი პოტენციალის გამოყენებისათვის.

ბულგარული რესურსი ირწმუნება, რომ ამერიკელები ქართველებს ასწავლიან, როგორ შეიძლება მოკლე დროში, ეპიდემიის გამოწვევის მეშვეობით, დიდი რაოდენობით ადამიანების გაწყვეტა. 2002 წელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის შორის ხელმოწერილ იქნა შეთანხმება, ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ბიოლოგიური იარაღის განვითარებაში ინფორმაციის გაცვლის საკითხებს ეხებოდა. 2004 წლის სექტემბერში, თბილისში სენატორი რიჩარდ ლუგარი ჩამოვიდა, მიღწეულ იქნა შეთანხმება თბილისთან ახლოს, სოფელ ალექსეევკაში ცენტრალური რეფერენტ ლაბორატორიის შექმნის შესახებ. პროექტის ღირებულებამ 95 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.

ფანტაზიის რამხელა უნარი და გაქანება სჭირდება იმას, რომ ამ ინფორმაციიდან საბოლოოდ ამგვარი დასკვა გამოიტანო, მაგრამ ბულგარელები და რუსები ირწმუნებიან, რომ სამი წლის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე ღორის გრიპი რომ დაიწყო, ეს სწორედ ბიოლოგიური იარაღის გამოცდის შედეგი იყო. სტატიაში „სასხვათაშორისოდ' მითითებულია, რომ „ეგზოტიკური' ავადმყოფობა განსაკუთრებით სამცხე - ჯავახეთში მძვინვარებდა, რომელიც ეთნიკური სომხებით არის დასახლებული.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ასეთი ტიპის ინფორმაცია, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ ქვემო ქართლის რეგიონთან დაკავშირებით, წლების წინაც გავრცელდა და ჩრდილოური სპეცსამსახურების მიერ შემოგდებული პროვოკაცია აზერბაიჯანულმა მედიამაც აიტაცა. საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო შემოტევის გააქტიურება კი, სავარაუდოდ, მორიგი, ავი ზრახვების განხორციელების უვერტურაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ პერმანენტულად იგეგმება.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები