მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დღეს მთელი საქართველო ლუბა გოლოვინას იმედზეა

4 აგვისტოს, თბილისის დროით 17:00 საათზე ოლიმპიურ სარბიელზე კიდევ ერთი ქართველი, ამჯერად უკვე ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა გამოვა. 22 წლის გოლოვინასთვის ეს მეორე ოლიმპიადაა, 4 წლის წინ იგი ჩინეთში, პეკინის ოლიმპიადაზეც ასპარაზობდა და დებიუტანტისათვის საკმაოდ კარგი შედეგი, მე-6 ადგილი აჩვენა. ამჯერად ლუბა უკვე გამოცდილ სპორტსმენად ითვლება და შესაბამისად მისგან რომელიმე სინჯის მედალსაც ველით. გოლოვინას აქამდე რამდენიმე სერიოზული ტურნირიც აქვს მოგებული და შესაბამისად გამოცდილებაც საკმარისი დაუგროვდა. 
2005 წელს ეინდჰოვენში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა, ევროპის ინდივიდუალურ პირველობებზე 2004 წელს ვერცხლის მედალი ერგო, ორი წლის შემდეგ კი საფრანგეთში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, გუნდურში თამარ კაკაშვილთან და ნანა ღუჭაშვილთან ერთად მესამე ადგილი დაიკავა. 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე პეკინის ოლიმპიადის საგზური დაიმსახურა და ჩინეთის დედაქალაქში დაამახსოვრა თავი გულშემატკივრებს.
ლონდონის ოლიმპიადამდე, აპრილის შუა რიცხვებში გოლოვინა სანკტ-პეტერბურგში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობდა და პირველი დღის შემდეგ ლიდერადაც მოგვევლინა.  ლუბამ კვალიფიკაციაში 101.660 ქულა მოაგროვა და ფინალში პირველი შედეგით 'შეაბიჯა'. სამწუხაროდ, ფინალში ასე ვეღარ იყოჩაღა და მხოლოდ მე-5 შედეგი აჩვენა.გოლოვინამ 53.630 ქულა მოაგროვა და როგორც აღვნიშნეთ, საპრიზო სამეულში ვერ შეაღწია, მედლები კი ასე განაწილდა: ოქრო - ტატიანა პიატრენია (ბელორუსი, 55.195), ვერცხლი - ვიკტორია ვორონინა (რუსეთი, 54.040), ბრინჯაო - ლაურა გალაჰერი (დიდი ბრიტანეთი, 53.940).
ოლიმპიადამდე პერიოდში გოლოვინა ბელორუსის დედაქალაქ მინსკში იმყოფებოდა და სწორედ იმ ფირმის ბატუტზე ემზადებოდა, რომელზეც მომავალი შეჯიბრი გაიმართება. ბატუტზე ხტომაში ქალთა საკვალიფიკაციო შეჯიბრი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება, ფინალში კი, რომელიც სტარტს 18:26 საათზე აიღებს, 16-დან 8 საუკეთესო გააღწევს.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები