მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ევროკავშირის კომისარს შტეფან ფულეს მიმართვა გაეგზავნა

 

აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ ევროკავშირის კომისარს გაფართოების საკითხებში, შტეფან ფულეს, დანიის პრემიერ-მინისტრს ჰელე თორნინგ-შმიდტსდა დანიის ევროპის საკითხთა მინისტრს ნიკოლაი ვამენს მიმართვა გაუგზავნა. მიმართვას ხელს აწერს პლატფორმაში შემავალი 51 არასამთავრობო ორგანიზაცია.

როგორც 'ჯეონიუსს' აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმიდან  აცნობეს, პლატფორმის წევრი ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ 2011 წლის ბოლოს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში, განსაკუთრებით კი, 'მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ' კანონში შესულ ცვლილებებსა და სამოქალაქო კამპანიაზე - 'ეს შენ გეხება', რომელიც აღნიშნული კანონმდებლობის შეცვლის მოთხოვნით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წამოიწყეს.

'გვსურს, გაგიზიაროთ ჩვენი შეშფოთება საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ' საქართველოს ორგანულ კანონში პარლამენტის მიერ 2011 წლის დეკემბერში მიღებული ცვილებების თაობაზე. 2012 წლის თებერვალში, ფართო კონსესუსის საფუძველზე, 200-ზე მეტმა სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტმა, არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციების წარმომადგენელმა, და ასევე 1500-მა მოქალაქემ ხელი მოაწერა პეტიციას, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში ახალი ცვლილებების განხორციელებას ითხოვს, ვინაიდან ბოლოდროინდელი რეგულაციები აუარესებს საარჩევნო გარემოს, ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური აქტივობის თავისუფლებას, და ამომრჩეველთა წინააღმდეგ მძიმე და გაუმართლებელი პასუხისმგებლობის დაკისრების საშუალებას იძლევა, რაც, თავის მხრივ, იწვევს ე.წ. 'მსუსხავ ეფექტს' სიტყვის თავისუფლებისა და სამოქალაქო ჩართულობის თვალსაზრისით. აღნიშნულ მოსაზრებას ეხმიანება მშვიდობიანი შეკრების და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებელის განცხადება (2012 წლის 13 თებერვალი) და, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზს უსვამს, რომ ახალი საარჩევნო კანონმდებლობა 'არათანაბარ პოლიტიკურ სამოქმედო ველს' ქმნის. სამოქალაქო აქტორებისა და მედიის წარმომადგენელთა ინიციატივით დაიწყო კამპანია სახელწოდებით 'ეს შენ გეხება', რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. კამპანია მიზნად ისახავს ფართო საზოგადოებამდე ხმის მიწვდენასა და მათი მხარდაჭერის მობილიზებას ისეთი თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებისათვის, რომელიც შეესაბამება საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის, საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმისა (ENP AP) და 'აღმოსავლეთ პარტნიორობის' ფარგლებში,' - ნათქვამია პლატფორმის განცხადებაში.

'ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის მონდომებასა და განხორციელებულ ძალისხმევას საქართველოში მოახლოებული არჩევნების დემოკრატიულად ჩასატარებლად და ვითვალისწინებთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს 2012 წლის 27 თებერვლის დასკვნას, რომელიც ხაზს უსვამს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებულ დემოკრატიულ სტანდარტებთან თანხვედრის უდიდეს მნიშვნელობას და 'საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით დაკვირვების' პირობას დებს'.

პლატფორმაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები სთხოვენ ევროკომისარს, დანიის პრემიერ-მინისტრსა და დანიის ევროპის საკითხთა მინისტრს, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების საკითხი ევროკავშირის პრიორიტეტად დარჩეს და ყურადღება მიაქციოს ქვეყანაში ამ მხრივ განვითარებულ პროცესებს. 'კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნვესაყოფად თქვენს მიერ გაწეული ძალისხმევისთვის და იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული საკითხი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის დღის წესრიგში პრიორიტეტულ თემად დარჩება,' - ნათქვამია განცხადებაში.

ჯეონიუსი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები