მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ევროპის საბჭო: საქართველოს პოზიციები დღევანდელი მდგომარეობით და მომავლის გამოწვევები

ზურაბ ჭიაბერაშვილი  საქართველოს ყოფილი  მუდმივი წარმომადგენელი   ევროპის საბჭოში

2013 წლის 23 აპრილს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გაზაფხულის სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ აქტუალური გახდა საკითხი - შეძლებს თუ არა საქართველო შეინარჩუნოს ის პოზიციები ევროპის საბჭოში, რაც მან 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის, ქვეყნის ორი რეგიონის მიმდინარე ოკუპაციისა და ანექსიის ფონზე მოიპოვა.

ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ამ პოზიციების მკაფიო გააზრება, რათა მომდევნო თვეების განმავლობაში დავინახოთ, როგორ აისახება საქართველოსათვის მნიშვნელოვან დოკუმენტებსა თუ გადაწყვეტილებებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის შერბილებული რიტორიკა რუსეთის მიმართ.

ევროპის საბჭოს   საპარლამენტო ასამბლეა

საპარლამენტო ასამბლეას რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი აქვს მიღებული რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით. რამდენადაც ეს იყო ომი ევროპის საბჭოს წევრ ორ სახელმწიფოს შორის, საკითხის განხილვა, პირველ რიგში, დაიწყო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტში.

მონიტორინგის კომიტეტის ძირითადი ფუნქციაა, წევრობისთვის მოამზადოს, ხოლო გაწევრიანების შემდეგ, აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ რეგულარული მონიტორინგის ფორმით ითანამშრომლოს წევრ და/ან წევრობის მსურველ სახელმწიფოებთან. ეს ფაზა გაიარა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, აგრეთვე, ყოფილი საბჭოთა კავშირის უკლებლივ ყველა ქვეყანამ, რომელიც დღეს ევროპის საბჭოს წევრია. განსხვავება ისაა, რომ ქვეყნების ნაწილის მიმართ მონიტორინგის კომიტეტმა ამოწურა თავისი ფუნქცია, ქვეყნების ნაწილთან თანამშრომლობა კი გრძელდება. რუსეთიც და საქართველოც ამ მეორე ჯგუფშია.

საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულლმა ომმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა არათუ ევროპის საბჭოს წინაშე რუსეთის მიერ გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების, არამედ თავად ვეროპის საბჭოს წესდების ფუძემდებლური პრინციპებისადმი რუსეთის ერთგულების საკითხი. სწორედ ამიტომ, საკითხზე ძირითად მომხსენებელ კომიტეტად მონიტორინგის კომიტეტი განისაზღვრა, თუმცა კომიტეტის მომხსენებელთა მიერ მომზადებული ანგარიშები, რეზოლუციებისა და რეკომენდაციების პროექტები მუდმივად განიხილება სხვა რელევანტურ კომიტეტებში - ესენია პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტი, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტი და მიგრაციისა და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების კომიტეტი.

რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო მონიტორინგის კომიტეტში მომზადებული სამი რეზოლუცია და ერთი რეკომენდაცია. ესენია:

- რეზოლუცია 1633 და რეკომენდაცია 1846 - 2008 წლის ოქტომბერი;

- რეზოლუცია 1647 - 2009 წლის იანვარი;

- რეზოლუცია 1683 - 2009 წლის სექტემბერი.

იქიდან გამომდინარე, რომ 2008 წლის აგვისტოს ომს ახლდა უმძიმესი ჰუმანიტარული შედეგები, მიგრაციისა და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების კომიტეტმა ცალკე მომხსენებელი გამოყო და მოამზადა შესაბამისი ანგარიშები. საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ამ კომიტეტის მიერ მომზადებული 3 რეზოლუცია და 3 რეკომენდაცია. ესენია:

- რეზოლუცია 1648 და რეკომენდაცია 1857 - 2009 წლის იანვარი;

- რეზოლუცია 1664 და რეკომენდაცია 1869 - 2009 წლის აპრილი;

- რეზოლუცია 1916 და რეკომენდაცია 2008 - 2013 წლის იანვარი.

ყველა ზემოაღნიშნულ დოკუმენტში დაფიქსირებულია საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანი ტერმინოლოგია და ფრაზეოლოგია და აუცილებელია მათი შენარჩუნება.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის იანვარში - საქართველოში განხორციელებული პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ - მიღებული რეზოლუცია 1916 და რეკომენდაცია 2008 - იმ დიპლომატიური სამუშაოს შედეგია, რაც საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წინა (2008-2012 წლების) შემადგენლობამ და ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ გაწია. ცნობისთვის: 2012 წლის 26 ივნისს, საქართველოს მაშინდელი დელეგაციის წევრთა აქტიური ძალისხმევით, მიგრაციის კომიტეტმა მოითხოვა 2009 წლის რეზოლუცია 1648-ის შესრულების თაობაზე ანგარიშის მომზადება და სწორედ ამ ანგარიშის განხილვას მოჰყვა ახალი 1916 რეზოლუცისაა და 2008 რეკომენდაციის მიღება.

საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ახალი შემადგენლობის მუშაობის ეფექტურობა იმის მიხედვით უნდა შეფასდეს, რამდენად შეძლებს იგი, დაარწმუნოს ასამბლეა, რომ, ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუციების შესრულებაზე კონტროლის გარდა, აუცილებელია მონიტორინგის კომიტეტის მიერ ინიცირებული რეზოლუციების (1633, 1647 და 1683) შესრულებაზე სერიოზული კონტროლის მექანიზმების ამუშავება. ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლი სწორედ ის იყო, რომ მან ასამბლეას არ მოუწოდა რეზოლუცია 1683-ის შესასრულებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

[ამ მიმოხილვაში შეგნებულად არ ვეხები ზემოხსენებული დოკუმენტების შინაარსს. თუკი მათ შინაარსს განვიხილავთ ვნახავთ, რომ 1633, 1647 და 1683 რეზოლუციების არხსენება ასეთ ტრიბუნაზე არათუ ნაკლი, არამედ უხეში შეცდომაა. ასევე ცალკე წერილს მივუძღვნი რუსეთის ტაქტიკას, რომლითაც იგი მუდმივად ცდილობდა, ასამბლეის დღის წესრიგიდან ამოეგდო რეზოლუციების 1633, 1647 და 1683 განხილვის საკითხი.]

ევროპის საბჭოს   მინისტრთა კომიტეტი

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ორგანიზაციის უმაღლესი ორგანოა და წელიწადში ერთხელ, მაისში, წევრი-სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იკრიბება. დანარჩენ პერიოდში კომიტეტი ელჩების დონეზე მუშაობს.

2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის შემდგომ, საკითხი 'ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში' მუდმივად იდგა როგორც მინისტერიალის, ისე მინისტრთა კომიტეტის რეგულარული სხდომების დღის წესრიგში.

[მკითხველის ყურადღებას ცოტა ხნით შევაჩერებ ტერმინზე 'კონფლიქტი'. საქართველოს პოზიციაა, რომ საქართველოში ერთი კონფლიქტია - ესაა კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასთან და ამ კონფლიქტში ეთნიკური აფხაზი და ოსი საქართველოს მოქალაქეები კრემლის მიერ გამოყენებულია საშუალებად. რუსეთის პოზიციაა, რომ საქართველოს აქვს კონფლიქტები მის რეგიონებთან, მისი ხედვით, აწ უკვე 'დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან'. ამ თვალსაზრისით, პრემიერის გამოსვლასა და კითხვებზე პასუხში ტერმინის 'კონფლიქტების' ხმარება, როგორც მინიმუმ, მიუტევებელი შეცდომაა.]

შესაბამისად, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ამოცანაა, შეინარჩუნოს რუსეთ-საქართველოს ომის საკითხი ევროპის საბჭოს უმაღლესი ორგანოს დღის წესრიგში. ამას რამდენიმე მიმართულებით აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა: თუკი საკითხი მინისტრთა კომიტეტის დღის წესრიგიდან ამოვარდება, საპარლამენტო ასამბლეაში პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება ზემოხსენებული რეზოლუციების შესასრულებლად რუსეთზე ეფექტური ზეწოლის განხორციელება;

ზემოთ საპარალამენტო ასამბლეის მიერ მიღებული 4 რეკომენდაცია ვახსენე (1846, 1857, 1869 და 2008). ეს არის რეკომენდაციები მინისტრთა კომიტეტისადმი და ეს უკანასკნელი ვალდებულია, უპასუხოს საპარლამენტო ასამბლეას იმ საკითხების შესახებ, რაც ასამბლეამ რეკომენდაციებში დასვა. პირველ სამ რეკომენდაციას 2009-2010 წლებში გასცა პასუხი მინისტრთა კომიტეტმა და ამ პასუხების ტექსტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პოზიციების გამყარების კიდევ ერთი მაგალითია. ახლა უნდა დავაკვირდეთ, როგორ პასუხს გასცემს მინისტრთა კომიტეტი საპარლამენტო ასამბლეას რეკომენდაცია 2008-ზე და ხომ არ მოხდება უკუსვლა ამ კონკრეტული დოკუმენტის ტერმინოლოგია/ფრაზეოლოგია/პოზიციებში;

დაკნინდება და, სავარაუდოდ, მომავალში შეწყდება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშგების მექანიზმი, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება. ამჟამად, სწორედ ქართული დიპლომატიის ძალისხმევით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი 6 თვეში ერთხელ წარმოადგენს ამგვარ ანგარიშს, რომელიც მინისტერიალზე ეცნობა ევროპის საბჭოს ყველა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს. უფრო მეტიც, ყოველ ასეთი ანგარიშის განხილვას თან სდევს ევროკავშირის სპეციალური განცხადება, რომელშიც მუდმივად დაფიქსირებულია ევროკავშირის პოზიციის ურყევობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით. ამასთან, ამ განცხადებას უერთდება ევროპის საბჭოს წევრთა იმ ნაწილის უმრავლესობა, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები; (გთხოვთ, ამ საკითხზე ასევე იხილოთ ევროპის საბჭოდან ახლახანს ვადაზე ადრე გამოწვეული მუდმივი წარმომადგენლის, მამუკა ჟღენტის წერილი ჟურნალ 'ტაბულას' ვებგვერდზე http://www.tabula.ge/article-30601.html )

გასათვალისწინებელია, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჟენევის მოლაპარაკებების II სამუშო ჯგუფისთვის, სადაც სწორედ ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხები იხილება. თუ საქართველო პოზიციებს დაკარგავს მინისტრთა კომიტეტში და, შემდგომ, გაქრება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის აღმწერი ეს იშვიათი მექანიზმი, მაშინ შესუსუტდება საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხების დასმა ჟენევის მოლაპარაკებების II სამუშაო ჯგუფშიც;

მინისტრთა კომიტეტზე პოზიციების დაკარგვა საქართველოსთვის შეუძლებელს გახდის, იმუშაოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროპის საბჭოს სპეციალური მონიტორინგის მექანიზმების შეღწევის მიმართულებით. ამ მექანიზმებიდან ოკუპირებული ტერიტორიების კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რამდენიმე: წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი (CPT); რასიზმისა და შეუწყნარებლობის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი (ECRI); ტრეფიკინგის საწინააღმდეგო კომიტეტი. (ასევე შემდგომი წერილის თემაა ევროპის საბჭოს ამ მექანიზმების ფარგლებში საქართველოს წინა ხელისუფლების დროს შესრულებული სამუშაოს აღწერა);

არც ერთ ამ მექანიზმს დღესდღეობით, რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ უშვებს და ერთადერთი საშუალება ეს კომიტეტები შევიდნენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, არის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ჩარევა. კომიტეტზე რუსეთ-საქართველოს ომის საკითხის ნიველირება, რაც შეიძლება მოჰყვეს რუსეთთან ურთიერთობების 'დალაგების' ივანიშვილისეულ პოლიტიკას, საქართველოს ხელიდან გამოაცლის ამ შანსს.

ევროპის საბჭოს   ადამიანის უფლებათა   სასამართლო

და ბოლოს. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლო აპოლიტიკური ორგანოა. მისი გადაწყვეტილებები ეყრდნობა ევროპის საბჭოს კონვენციებს. ამის მიუხედავად, სასამართლოსთვის უაღრესად ღირებულია ყველა დოკუმენტი, რომელიც იქმნება და მიიღება ევროპის საბჭოს სხვა ორგანოების (მინისტრთა კომიტეტის, საპარლამენტო ასამბლეის, მონიტორინგის მექანიზმების) მიერ. საქართველოს ორი სახელმწიფოთაშორისი სარჩელი აქვს წარდგენილი სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ: ერთი ეხება 2006 წელს ეთნიკური ქართველების (რომელთა შორის იყვნენ როგორ საქართველოს, ისე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, მათ შორის, დევნილებიც) რუსეთის ფედერაციიდან მასობრივ დეპორტაციას ეთნიკურ ნიადაგზე; მეორე ეხება 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის, ქვეყნის ორი რეგიონის მიმდინარე ოკუპაციისა და ანექსიის პირობებში ადამიანის უფლებების დარღვევებს.

სასამართლო მოსმენებზე საქართველოს პოზიციების დასაცავად მნიშვნელოვანია ყველა ზემოჩამოთვლილი დოკუმენტი (თუმცა ამ წერილში ყველა დოკუმენტი არ მიხსენებია) და ამ დოკუმენტებში დაფიქსირებული ტერმინოლოგიის, ფრაზეოლოგიისა და პოზიციების გამყარება/შენარჩუნება.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ კარგად იცის რა უნდა: მას უნდა 2008 წლის შემდგომ საქართველოს მიერ დიპლომატიურ არენაზე მოპოვებული პოზიციების 'თანდათანობითი ეროზია'.

სტატიაში 'გადატვირთვა ქართულად' (იხილეთ ვებგვერდზე http://sapere8aude.wordpress.com) ქართველი ექსპერტი ზურაბ ელიავა წერს: 'რუსეთის მოქმედების ლოგიკის გასაგებად უნდა გავიხსენოთ რას წერს შვეიცარელი დიპლომატი ჰეიდი ტალიავინი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ თავის ანგარიშში: 'პრევენციული დიპლომატია და კონფლიქტის საერთაშორისო მენეჯმენტი წარუმატებელი აღმოჩნდა 2008 წლის კონფლიქტში, ნაწილობრივ იმის გამო, რასაც მე ვუწოდებდი მანამდე განხილული და შეთანხმებული საერთო პარამეტრების თანდათანობით ეროზიას, აგრეთვე, საერთაშორისო ვალდებულებების მზარდ უპატივცემულობას.'

სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, არ დავუშვათ ევროპის საბჭოში და ყველა დიპლომატიურ ფრონტზე საქართველოს პოზიციების დასუსტება. ამ თვალსაზრისით, პრემიერ ივანიშვილის ევროპის საბჭოს საპარლამნეტო ასამბლეაზე გამოსვლა, სამწუხაროდ, უკუეფექტის მომტანი იყო. დავაკვირდეთ შედეგებს.

24 საათი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები