მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ევროპული ქვეყნების მსგავსად, საქართველოს დიასპორული პარლამენტი ეყოლება

იტალიის, ფინეთისა და ხორვატიის მსგავსად, საქართველოს დიასპორული პარლამენტი ეყოლება, რომელიც ოთხი წლის ვადით აირჩევა და 45 წევრით დაკომპლექტდება.

სახელმწიფო მინისტრის დიასპორის საკითხებში, პაპუნა დავითაიას განმარტებით, აღნიშნული პარლამენტი მის აპარატთან არსებული სათათბირო ორგანო იქნება, რომელიც წელიწადში ერთხელ, ხუთდღიანი სესიის ფარგლებში, ქუთაისის ახალი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეიკრიბება, სადაც სხდომები გაიმართება.

მისი თქმით, დიასპორულ პარლამენტს 45 დეპუტატი ეყოლება, რომელთაგან 30 პირს უცხოეთში მცხოვრები თანამემაულის სტატუსით მქონე ადამიანები პირდაპირი წესით აირჩევენ, ხოლო 15 დეპუტატს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დანიშნავს.

მინისტრის განცხადებით, ქვეყნებისთვის კვოტები, იქ მცხოვრები თანამემამულეების რიცხოვნობის მიხედვით განისაზღვრება. კერძოდ, ქვეყანაში, რაც უფრო მეტი თანამემამულე ცხოვრობს, მას დიასპორულ პარლამენტში, მით მეტი წარმომადგენელი ეყოლება.

„დეპუტატების მაქსიმალური რაოდენობა თითო ქვეყნისთვის - სამი მანდატი იქნება, მინიმალური კი, ერთი.  დიასპორული პარლამენტის თავმჯდომარე - დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იქნება, ხოლო, მის სპიკერს თავად დიასპორული პარლამენტი აირჩევს, რომელსაც ამავდროულად,  საქართველოს პარალამენტის საპატიო წევრის სტატუსი ექნება. დიასპორულ პარლამენტს  ბიურო ეყოლება, რომელშიც კომიტეტების თავმჯდომარეები და სპიკერი შევლენ. რაც შეეხება კომიტეტებს, ისინი თემატური და ტერიტორიული ნიშნით დაიყოფა. თემატური მიგრაციის საკითხთა, განათლებისა და კულტურის და ეკონომიკის კომიტეტები იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჯერჯერობით იდეაა, რომელსაც საკანონმდებლო ინიციატივის სახით, მალე წარვადგენთ', - აცხადებს მინისტრი.

რაც შეეხება იმ საკითხს, დიასპორულ პარლამენტს თუ რა ფუნქცია ექნება, მინისტრი ამბობს, რომ ამ წინადადებით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები მეტ ყურადღებას იგრძნობენ და ისინი ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ-კულტურულ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთვებიან.   

„დიასპორებთან უფრო მეტად შევალთ კონტაქტში. სახელმწიფო საკითხებში  მათი ჩართულობა უფრო მაღალი იქნება და მათ საშუალება ექნებათ თავიანთი ხმა საქართველოს პარლამენტს მიაწვდინონ. რამდენიმე თვის წინ,   დიასპორებთან ურთიერთობის კუთხით, ახალი კანონი შევქმენით, რათა  კავშირები გაგვეაქტიურებინა, მაგრამ ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო შორს წასვლა შეგვიძლია, რის გამოც, ეს ინიციატივა მომზადდა', - დასძინა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ამ ინიციატივას, საკანონმდებლო ორგანო დადებითად აფასებს. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნუგზარ წიკლაურის მოსაზრებით,  ეს იდეა მისასალმებელია და ამ საკითხს, საპარლამენტო მხარდაჭერა ექნება.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები