მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ეკლესია დღეს დავით და კონსტანტინე მხეიძეების ხსენების დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მოწამეების, დავით და კონსტანტინე მხეიძეების ხსენების დღეს აღნიშნავს, ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება. 
ეს დღე განსაკუთრებით აღინიშნება მოწამეთას წმ. დავით და კონსტანტინეს სახელობის მამათა მონასტერში, სადაც წმინდანთა წმინდა ნაწილები განისვენებს. 
არგვეთის მთავარნი დავით და კონსტანტინე 740 წელს არაბების შემოსევისას მურმან ყრუს ბრძანებით აწამეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, ქედზე ლოდები გამოაბეს და მდინარეში გადააგდეს. ღამით წმინდანთა სხეულებს ნათელი დაადგათ და წყლის ზედაპირზე ამოტივტივდნენ. მოწამეთა ცხედრები წყალწითელას ხეობაში კლდის აკლდამაში გადაასვენეს. შემოგარენს კი მოწამეთა ეწოდა.
საბჭოთა პერიოდში, 1923 წელს, ახალგაზრდა კომუნისტებმა დაარბიეს, გაძარცვეს მონასტერი, წმინდანთა წმინდა ნაწილებს კი ქუთაისში ქუჩა-ქუჩა დაათრევდნენ. მათ სურდათ წმინდანთა ნაწილები რიონში ჩაეყარათ, თუმცა აპრილის მზიან დღეს მოულოდნელად წვიმა და სეტყვა წამოვიდა და ქარიშხალი მძვინვარებდა. პროცესიამ რიონამდე მისვლა ვეღარ მოახერხა. ამით ისარგებლა საზოგადო მოღვაწემ, ქუთაისის საისტორიო საზოგადოებისა და მუზეუმის დამაარსებელმა, პირველმა დირექტორმა, პუბლიცისტმა ტრიფონ ჯაფარიძემ (მისი მამა-პაპანი სამღვდელონი იყვნენ) და სასწრაფოდ წმინდანთა წმინდა ნაწილების მუზეუმში გადაბრძანება ითხოვა. 
1954 წლამდე დავითისა და კონსტანტინეს წმინდა ნაწილები ქუთაისის მუზეუმში იყო დაცული. მაგრამ მორწმუნე ერი მაინც ახერხებდა სანთლით ხელში მიახლებოდა მათ წმინდა ნაწილებს და ელოცა მათ წინაშე. 1954 წელს მოწამეთას ეკლესია მოქმედი გახდა და დავითისა და კონსტანტინეს წმინდა ნეშტები კვლავ პირვანდელ წმინდა სამყოფელს დაუბრუნდა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები