მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ელდარ ბუბულაშვილი - აჰმეთის მეჩეთის აღდგენა არქეოლოგიური გათხრების შემდეგ უნდა მომხდარიყო

ეკლესიის ისტორიის მკვლევარი ელდარ ბუბულაშვილი მიიჩნევს, რომ რაბათის ციხეში მდებარე აჰმეთის მეჩეთის აღდგენა არქეოლოგიური გათხრების შემდეგ უნდა მომხდარიყო. 
როგორც 'ინტერპრესნიუსს' ბუბულაშვილმა განუცხადა, მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების ჩატარება შესაძლებელია, რის შედეგადაც იმ ადგილზე ქართული ეკლესიის ნატაძრალი აუცილებლად გამოჩნდებოდა. 
მისივე თქმით, მეჩეთის ფუნქციონირების შემთხვევაში, იქ ჯვრის გამოსახულებიანი ქვები არ იქნებოდა. 
'რესტავრაციამდე დასკვნის სახით მაინც უნდა ყოფილიყო, რის ადგილზე აშენდა მეჩეთი და რესტავრაციაც ამის მიხედვით განხორციელებულიყო. თუკი მეჩეთის აღდგენა უნდოდათ, ისტორიულად როგორიც იყო, იმის მიხედვით უნდა აღმდგარიყო', - დასძინა ბუბულაშვილმა. 
ისტორიის მკვლევარის თქმით, გადმოცემები არსებობს, რომ ახალციხის ციხეში (რაბათის) ქართული ეკლესია არსებობდა, თუმცა ამის შესახებ ისტორიული წყაროები არ მოგვეპოვება. 
'რაბათის გალავნის იქეთ არსებულ წმინდა მარინეს ეკლესიაზე ისტორიული წყაროები არსებობს. მეჩეთის ადგილზე არსებული ეკლესიის შესახებ კი არაფერი შემორჩენილა. ზემო ქართლში სულ 13 ეპარქია არსებობდა. ოსმალობის 300-წლიანმა ბატონობამ მიწასთან გაასწორა ყველაფერი. წმ.მარინეს ეკლესიაში ოსმალობის ბატონობის დროსაც, მე-19 საუკუნეშიც კი წირვა-ლოცვა ქართულად მიმდინარეობდა. იმ მხარეს სოლომონ II-ეც აფარებდა თავს', - დასძინა ბუბულაშვილმა.  
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა გუშინ საქართველოსა და თურქეთში კულტურული ძეგლების რესტავრაციასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების დეტალებზე განცხადება გააკეთა. 
მანანა მანჯგალაძის თქმით, ხელშეკრულების მიხედვით, აჰმადის მეჩეთიდან შუა საუკუნეების ჯვრის გამოსახულებიანი ქვის რელიეფები უნდა გამოიტანონ და ოქროსფერი გუმბათი ტყვიისფერით შეცვალონ. 
საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე მარინა მიზანდარი კი, არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მეჩეთის ადგილზე მე-16 საუკუნის ქართული ეკლესია იყო, თუმცა სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებამდე იქ არქეოლოგიური გათხრები უნდა ჩატარებულიყო. 
გარდა ამისა, მიზანდარი მიიჩნევს, რომ რესტავრირებულ მეჩეთში ჯვრის სიმბოლოები არ უნდა იყოს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები