მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ეუთოს საარჩევნო დამკვირვებლების შუალედური ანგარიში

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ არსებული საარჩევნო გარემო „პოლარიზებულია' და ხასიათდება „ხშირი საჯარო ბრალდებებით, რომლებსაც პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ერთმანეთს უყენებენ', ნათქვამია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის პირველ შუალედურ ანგარიშში.

OSCE/ODIHR-მა სადამკვირვებლო მისია 22 აგვისტოს დაიწყო. 16 ექსპერტისგან შემდგარი ძირითადი გუნდი თბილისში, ხოლო 28 გრძელვადიანი დამკვირვებელი ქვეყნის მასშტაბითაა განთავსებული.

რვაგვერდიანი შუალედური ანგარიში, რომელიც 22 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს, აღნიშნავს, რომ მომავალ არჩევნებში მმართველ პარტიას „სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან ერთად უპირისპირდება  „ბიძინა ივანიშვილი -  ქართული ოცნება' -  ეს არის ექვსი ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი კოალიცია, რომლებსაც მეტად განსხვავებული პოლიტიკური ხედვები გააჩნიათ'.

„ხანდახან კონკრეტული პოლიტიკური პლატფორმის წარმოჩენის მაგივრად, წინასაარჩევნო კამპანია, ერთის მხრივ, თანამდებობის და მეორეს მხრივ, კერძო ფინანსური რესურსების გამოყენებაზე ფოკუსირდება', - ნათქვამია ანგარიშში.

„იმ დროს როდესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს მზაობას ჩაატაროს არჩევნები შესაბამისი სტანდარტების სრული დაცვით,  ქართულმა ოცნებამ გამოხატა უნდობლობა საარჩევნო პროცესის მიმართ, მათი განცხადებით ხდება ადმინისტრაციული რესურსების უკანონოდ გამოყენება და მათი მხარდამჭერების დაშინება', - ნათქვამია ანგარიშში. 

ანგარიშის თანახმად, OSCE/ODIHR-მა სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრებზე სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა „გამოხატეს წუხილი ადმინისტრაციული რესურსების პოტენციურად გამოყენების, საჯარო მოხელეების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების,  დაწესებული ჯარიმების  (რომელთა ოდენობაც მათი აზრით გადაჭარბებულია) და საკუთრების დაყადაღების თაობაზე. მათი განცხადებით, ხდება საჯარო სამსახურებში დასაქმებული ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების დაშინება, სიძულვილის ენის გამოყენება და ამომრჩეველთა დაშინება'.   

ანგარიშში ცალკე თავი ეძღვნება წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხს, რაც, დოკუმენტის თანახმად,  „მნიშვნელოვან და წინააღმდეგობრივ საკითხად იქცა'.

პარტიების დაფინანსების და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესები საქართველოში მას შემდეგ გამკაცრდა, რაც მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა შარშან პოლიტიკაში ჩართვის შესახებ გააკეთა განცხადება.

„მართალია აღნიშნული [პარტიების დაფინანსების საკანონმდებლო] ცვლილებები როგორც ჩანს არის მცდელობა შესრულდეს GRECO-ს მიერ [ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფი] მანამდე გაცემული რეკომენდაციები,  მათ შორის „დიდი ფულის'  მიერ პოლიტიკურ არჩევანზე ზემოქმედების აღკვეთასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, მაგრამ ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე დაკვირვების მისიასთან შეხვედრებზე თანამოსაუბრეები აცხადებენ, რომ ზოგიერთი ეს ცვლილება ქართული ოცნების საქმიანობის შეზღუდვისთვის იქნა შემოღებული მისი ლიდერის ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე', - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე  მოცემულია მონაცემები სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან, რომლის თანახმადაც აუდიტის სამსახურმა 90 არალეგალური შემოწირულობის საქმეზე ხუთმაგი ჯარიმა, ხოლო 10 შემთხვევაში ათმაგი ოდენობის ჯარიმა დააკისრა შემომწირველებს.  ოთხ შემთხვევაში ის შემოწირულობები, რომლებიც უკანონოდ იქნა ჩათვლილი, სახელმწიფო ბიუჯეტში იქნა გადარიცხული.  დანარჩენ 66  შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებით იმ შემომწირველთა ქონებას,  რომლებმაც საარჩევნო სუბიექტს უკანონოდ შესწირეს თანხები/ქონება,  ყადაღა დაედო.

„ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე დაკვირვების მისიასთან შეხვედრებზე თანამოსაუბრეების გარკვეული რაოდენობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შესაბამისი პროცედურების დაუცველობის და კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის დაჯარიმებისას შერჩევითი დამოკიდებულების გამოყენების საფუძველზე მიკერძოებულობაში სდებს ბრალს;  გარდა ამისა, ისინი აუდიტის სამსახურს მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ, მათი აზრით, გადაჭარბებული ჯარიმების დაკისრების გამოც. ამ წუხილების გარკვეული ნაწილი ასევე იქნა გამეორებული საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის დელეგაციების მიერ', - ნათქვამია ანგარიშში.

მედია გარემოსთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ ის „მრავალფეროვნებით ხასიათდება, თუმცა მედია საშუალებები პოლიტიკური ნიშნით რჩებიან დაყოფილი და მხოლოდ რამოდენიმე საშუალება ახერხებს უფრო დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის წარმოებას'. 

ანგარიშის თანახმად, ტელეკომპანიები „რუსთავი 2' და „იმედი' „ძირითადად მთავრობის მომხრე ტელეკომპანიებად აღიქმებიან და კერძო ტელეარხების  „კავკასიის', „მაესტროს' და ახლახან აღდგენილი „მეცხრე არხის'  მაუწყებლობა ძირითადად ოპოზიციის მხარდამჭერად აღიქმება'.

სივილ ჯორჯია

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები