მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ვაზიანის ბაზაზე ქართულ-ამერიკულ სწავლებას დიპლომატები და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მიმდინარე ქართულ-ამერიკულ სწავლებას Agile spirit დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ. 
როგორც 'ინტერპრესნიუსის' კორესპონდენტი ბაზიდან იუწყება, ქართულ-ამერიკული სწავლება 10 მარტს დაიწყო და მისი მიმდინარეობა დღეს ვაზიანის ბაზაზე სტუმრებს წვრთნების ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა არჩილ ომიაძემ გააცნო. მან ისაუბრა იმ ეტაპების შესახებ, რომლებიც გაიარეს სწავლების ქართველმა და ამერიკელმა მონაწილეებმა. 
პოლკოვნიკის ინფორმაციით, სწავლების პირველი ეტაპი იყო ვარჯიშები სროლაში, ხელჩართულ ბრძოლაში, სამაშველო ოპერაციებში და ავტომატის სწრაფ დატენვაში. ასევე, გაიმართა შეჯიბრი მკლავჭიდში. 
მეორე ეტაპი იყო ტაქტიკური წვრთნები, რომელთა შემდეგაც შემუშავდა სცენარი შემაჯამებელი სწავლებისთვის.
ერთობლივი სწავლება შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ. მისი ინფორმაციით ამ სწავლებაში ჩართული იყო 750 ქართველი და ამერიკელი სამხედრო.
'ეს სწავლება გულისხმობს ჩვენს ძალებს შორის ურთიერთქმედებას, ასევე ერთობლივ ტაქტიკურ და სამხედრო ამოცანების დაგეგმვას და შესრულებას. ამ სწავლებამ დაადასტურა, რომ ჩვენი სამხედრო ძალები მაღალ დონეზე არიან მომზადებული და შეუძლიათ ერთობლივი ოპერაციები ჩაატარონ ამერიკელ სამხედროებთან ერთად', - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
ასევე, ხარშილაძე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, რომელმაც წვრთნებს პროვოკაცია უწოდა და აღნიშნა, რომ სწავლება არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული. 
'ეს არის ჩვენი უფლება, რომ პარტნიორთან დავგეგმოთ და განვახორციელოთ ერთობლივი სწავლება. ეს არ არის ვინმეს საწინააღმდეგოდ მიმართული განსხვავებით იმ სწავლებებისგან, რომელსაც რუსეთი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ატარებს', - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
სწავლებას მნიშვნელოვანი უწოდა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა.
'სასიამოვნოა ამ წვრთნებზე დასწრება და დაკვირვება. ეს წვრთნა არის ერთ-ერთი ნაწილი ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობისა. ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ კონტრიბუციას, რომელიც შეაქვს საქართველოს ავღანეთში იმისთვის, რომ ავღანელ ხალხს ჰქონდეს უფრო მეტი უსაფრთხოება და მშვიდობა. ეს არის ძალიან მძიმე მისია და როგორც აღვნიშნე, დღევანდელი სწავლება არის ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის ნაწილი', - განაცხადა ჯონ ბასმა.
სწავლებაში მონაწილეობენ საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები და ასევე ამერიკელი საზღვაო ქვეითები შავი ზღვის საროტაციო ძალებიდან. სამხედრო ოპერაციების ჩატარების გარდა, შავი ზღვის საროტაციო ძალები მზადა არიან, მონაწილეობა მიიღონ ბუნებრივი კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციაში. სამედიცინო ბრიგადას კი შეუძლია, საველე პირობებში ნებისმიერი სირთულის ქირურგიული ოპერაცია ჩაატაროს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები