მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ვასილ კაჭარავა - მრჩება შთაბეჭდილება, რომ საგარეო პოლიტიკაში რომნი რონალად რეიგანის 'კოვბოურ ჩექმებს' იზომებს

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების წინ არსებულ ვითარებაზე, პრეზიდენტობის კანდიდატების, ობამასა და რომნის სავარაუდო შანსებსა და იმაზე, თუ როგორ აისახება რომელიმე მათგანის პრეზიდენტად არჩევა აშშ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივაზე, 'ინტერპრესნიუსი' ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, პროფესორ ვასილ კაჭარავას ესაუბრა.

- ბატონო ვასილ, 6 ნოემბერს აშშ თავის რიგით 45-ე პრეზიდენტს აირჩევს. როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო ვითარებას ამერიკის შეერთებულ შტატებში და შეგიძლიათ თქვათ არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ განწყობებზე? 


- აღსანიშნავია, რომ ქარიშხალ ,,სენდის'' გამო ორივე კანდიდატმა შეწყვიტა წინასაარჩევნო პოლიტიკური დისკუსიები. პრეზიდენტი თავის მოვალეობას ასრულებს, რომნი კი ქარშხლის შედეგების წინააღმდეგ მიმართულ საქველმოქმედო თუ საზოგადოებრივ აქციებშია ჩართული. თუმცა, რა საკვირველია, საპრეზიდენტო კამპანია გრძელდება. სხვათა შორის, 'ნიუ-იორკ თაიმსში' იმასაც წერენ, რომ აღმოსავლეთ სანაპიროზე შექმნილმა ვითარებამ, რომელიც სავარაუდოდ ხელს შეუშლის არჩევნების ნორმალურად ჩატარებას, შეიძლება ობმას ხმების გარკვეული ნაწილი დააკარგვინოს, ვინაიდან მას სწორედ ნიუ-იორკში გააჩნია უდიდესი უპირატესობა რომნისთან შედარებით.
როგორც ვიცით, გამოკითხვების შედეგად Dდღეს ორივე კანდიდატს თითქმის თანაბრი შანსები აქვს. თუმცა, სასტარტო უპარატესობის მქონე პრეზიდენტისთვის ეს ალბათ არც თუ კარგი მაჩვენებელია. აქედან გამომდინარე, ერთი მარტივი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ ნებისმიერ შემთხვევაში განსხვავება დაგროვებულ ხმებს შორის მინიმალური იქნება. ნუ დავივიწყებთ, რომ ამერიკელი მოქალაქის არჩევანზე მთავარ გავლენას საშინაო ეკონომიკური პრობლები ახდენს. საგარეო თემატიკა თითქმის მუდამ მეორადია. მართალია 2008 წლის კრიზისის ყველაზე მძიმე დღეებმა თითქოს უკვე ჩაიარა, მაგრამ ამერიკის ეკონომიკური მდგომარეობა დღესაც საკმაოდ მძიმეა და მიუხედავად ობიექტური ფაქტორებისა, ეს ტრადიციულად მმართველ პარტიას ბრალდება ხოლმე. 

- აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და პრეზიდენტობის 'რესპუბლიკელთა' კანდიდატმა მიტ რომნიმ წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე არაერთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გამოთქვეს თავისი მოსაზრებები და მათზე ამერიკელმა ამომრჩეველმა იმაზე ბევრად მეტი იცის, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, მაგრამ თქვენი აზრით, რა პრინციპული განსხვავებებია პრეზიდენტობოს კანდიდატებს შორის?

- მიუხედავად იმისა, რომ დღეს ორივე პარტია უფრო ცენტრისკენ მიისწრაფვის და მათ შორის განსხვავება რიგ საკითხებში მცირდება, ისინი მაინც ინარჩუნებენ ფუნდამენტურ განსხვავებას. 'რესპუბლიკლები' დღესაც კონსერვატორთა პარტიად, ხოლო 'დემოკრატები' ლიბერალური რეფორმების პარტიად გვეველინება. თუმცა, ცალკეული მოქალაქის კონსერვატიულობა თუ ლიბერალობაც სხვაადასხვა სფეროში სხავადასხვანაირად გამოიხატება. ადამიანი შეიძლება კონსერვატორი იყოს ფისკალურ საკითხებში და ლიბერალი, მაგალითად, აბორტების საკითხში.
ითვლება, რომ კონსერვატიზმი ტრადიციებისადმი ერთგულებას ნიშნავს. ტენდენციას, როდესაც რელიგიაში, იდეოლოგიასა და პოლიტიკაში ცდილობენ შეინარჩუნონ საუკეთესო და თავს არიდებენ რადიკალურ ცვლილებებს. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ისტორიული განვითარება მნიშვნელოვანწილად სწორედ კონსერვატიზმისა და ლიბერალიზმის დაპირისპირებასა და ამ დაპირისპირების შედეგად მიღწეულ პროგრესზეა დაფუძნებული. ამერიკელიKკონსერვატორები მიიჩნევენ, რომ მთავრობა რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ჩაერიოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში და მასში მიმდინარე პროცესები ძირითადად თავად მოქალაქეებმა უნდა განსაზღვრონ ინდივიდუალურად თუ სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მეშვეობით. ამავე დროს, კონსერვატორები თვლიან, რომ აღნიშნული საქმიანობა, ძირითადად, ადგილობრივი ხელისუფლების თუ შტატის თვითმმართველობის დონეზე უნდა მიმდინარეობდეს. რაც შეეხება ფედერალურ მთავრობას, როგორც 1920-იანი წლების კონსერვატორები თვლიდნენ, მას თავისებური ,,ღამის დარაჯის'' ფუნქცია ეკისრებოდა, ანუ, უპირველეს ყოვლისა, უნდა უზრუნველეყო კონსტიტუციის უზენაესობა და მხოლოდ დიდი სტიქიური ან პოლიტიკური კრიზისების დროს გააქტიურებულიყო. რა საკვირველია, ეს არ ეხებოდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, აქ ფედერალური მთავრობის პრიორიტეტებს არავინ უარყოფდა. 
კონკრეტულად ეს იმას ნიშნავს, რომ ფედერალური მთავრობა მინიმალურად უნდა ჩაერიოს ბიზნესის საქმიანობაში, გადასახადებიც მინიმუმამდე უნდა შეამციროს, ხოლო სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების უდიდესი ნაწილი, ადგილობრივ და შტატის დონეზე უნდა გადაწყდეს.
თავის მხრივ, ძირითადად, 'დემოკრატიული პარტიის' გარშემო დარაზმული ამერიკელი ლიბერალები მთავარ იმედებს ფედერალური მთავრობის აქტიურობაზე ამყარებენ, რომელიც გადასახადებსაც უფრო ხშირად ზრდის (ფედერალური პროგრამების დასაფინანსებლად), ბიზნესსაც უფრო აქტიურად აკონტროლებს და არსებულ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებს, უფრო ფედერალური პროგრამების მეშვეობით არეგულირებს.
თუ ამერიკული კონსერვატიზმის კლასიკური ვარიანტი 1920-იან წლებში ვიხილეთ, ამერიკული ლიბერალიზმის აპოთეოზი რუზველტისეული ,,ახალი კურსის'' სახით მოგვევლინა, როდესაც ეტატიზმი მრავალრიცხოვანი ფედერალური პროგრამებისა და ბიუჯეტის დეფიციტის უსაზღვრო ზრდაში გამოიხატა. ამ ვითარების შეცვლა, ისიც ნაწილობრივ, მხოლოდ რონალდ რეიგანის კონსერვატიულმა რევოლუციამ მოახერეხა.

- არახალია, რომ ვინც არ უნდა იყოს თეთრ სახლში პირველი პირი, აშშ-ს საგარეო პოლიტიკა პრინციპულ ცვლილებას არ განიცდის ხოლმე. ბარაკ ობამასა და მიტ რომნის შორის რიგით მესამე საჯარო სატელევიზიო დებატებმა, რომლებიც ძირითადად საგარეო პოლიტიკას ეხებოდა, არა მარტო ამერიკელ ამომრჩეველს, არამედ სხვასაც ნათლად დაანახა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებს საგარეო პოლიტიკაზე არა მარტო განსხვავებული მიდგომები, არამედ განსხვავებული ხედვებიც აქვთ. თქვენი აზრით, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს თეთრ სახლში ობამას დარჩენის შემთხვევაში და მაშინ, თუ არჩევნებში 'რესპუბლიკელმა' რომნიმ გაიმარჯვა? 

- საპრეზიდენტო პაექრობის მონაწილეთა განსხვავებული პოზიცია, ჩემი აზრით, 30 აგვისტოს რესპუბლიკელთა კონვენტზე მით რომნის პრეზიდენტობის კანდიდატობაზე თანხმობის გამოცხადების სიტყვაში გამოიკვეთა ყველაზე კარგად. თუმცა, ნურც იმას იმას დავივიწყებთ, რომ წინასაარჩევნო რიტორიკა თითქმის ყოველთვის უფრო რადიკალურია, ვიდრე არჩევნების შემდგომი მოქმედებანი. 
საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას რომნიმ განაცხადა - ობამა დადის მთელს მსოფლიოში და ბოდიშებს იხდის ამერიკის დიქტატის პოლიტიკის გამო. ,,არა ბატონო პრეზიდენტო, ამერიკა პირიქით სხვა ერებს ათავისუფლებდა დიქტატორებისგან''. რომნი ბრალს დებს ობამას, რომ მან რიგ საკითხებში ამერიკის მოკავშირეები დააღალატა აღმოსვლეთ ევროპაში რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის გამო და აქვე აღნიშნა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში აშკარად გაურთულებს ცხოვრებას ბატონ პუტინს. რაც შეეხება საგარეო პოლტიკის ზეპარტიულობას, მისი ხაზგასმისას რომნი უპირველეს ყოვლისა დემოკრატ ტრუმენს და რესპუბლიკელ რეიგანს მოიხსენიებს, რომელნიც რუსეთის მიმართ ძალის პოზიციიდან საუბრის მომხრენი იყვნენ, ვინაიდან მათი აზრით, საბჭოთა კავშირს მხოლოდ 'ძალის ენა' ესმოდა. 
საერთოდ, მრჩება შტაბეჭდილება, რომ საგარეო პოლიტიკაში რომნი რონალდ რეიგანის 'კოვბოურ ჩექმებს' იზომებს. თავისი მმართველობის წლებში რეიგანმა მნიშვნელოვნად გაზარდა ამერიკის სამხედრო ბიუჯეტი, ნახევრად მითიური კოსმოსური ომების მუქარის მეშვეობით საბჭოეთს სამხედრო შეჯიბრებაში წარმატების პერსპექტივა მოუსპო, მკვეთრად და ყველა ხერხით დაუპირისპირდა საბჭოეთს პლანეტის ყველა წერტილში, ნავთობზე ფასების დაგდებისა და საბჭოეთის სამხედრო ხარჯების იძულებითი ზრდის მეშვეობით საბოლოოდ დააკნინა საბჭოთა ეკონომიკა, ,,ბოროტების იმპერიის'' მწვავე კრიტიკით საბჭოეთის იდეოლოგიური საფუძვლები შეარყია და მხოლოდ ამის შემდეგ გაუწოდა მეგობრობის ხელი ბატონ გორბაჩოვს. 
ბუნებრივია, ახლა 'ცივი ომი' აღარ არის, მაგრამ მძაფრი კონკურენცია ამ ორ სახელმწიფოს შორის დღესაც არსებობს. თავად რომნი და ზოგიერთი ექსპერტიც არაორაზროვნად ადარებს წლევანდელ საარჩევნო კამპანიას რეიგანისა და მათი აზრით სუსტი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის პაექრობას 1980 წელს. სხვა საქმეა, რეალობაში რამდენად ირეიგანებს რომნი და რამდენად კარტერია ობამა. 

- შემთხვევითობა სულაც არ იქნებოდა ის, რომ აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველივე სამუშაო დღის დაწყებისას სპეციალური წერილით მიმართა, რომელიც მას პირადად აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა გადასცა... 

- ეს ჩვენი უახლოესი მოკავშირის მეტად მნიშვნელოვანი და მრავალისმთქმელი ჟესტია, მაგრამ ალბათ, საკმაოდ ლოგიკურიც. ამ ათწლეულების განმავლობაში ამერიკამ იმდენი პოლიტიკური, იდეოლოგიური, სამხედრო თუ ეკონომიკური ხასიათის ინვესტირება მოახდინა საქართველოში, რომ ახლა ჩვენი ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან და საკმაოდ კრიტიკულ ეტაპზე, ალბათ, არ აპირებს მის მიტოვებას. ჩვენი ურთიერთობის განსაკუთრებულობას ისიც აღნიშნავს, რომ ბატონმა ივანიშვილმა სწორედ ბატონ ობამასგან და არა ქალბატონ მერკელისა თუ ბატონ კამერონისგან მიიღო პირველი წერილი.

- სხვათა შორის, ელჩ ნორლანდის საქართველოში ჩამოსვლამდე იმხანად ოპოზიციაში მყოფი თედო ჯაფარიძემ, ხოლო ახლა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ 'ინტერპრესნიუსთან' საუბარში განაცხადა - 'აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი კარგად იცნობს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და მდგომარეობას ზუსტად აფასებს'. თქვენი აზრით, რა როლი შეასრულა აშშ-მ საქართველოში არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებაში? ბევრი მიიჩნევს, რომ არა ვაშინგტონის პოზიცია, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში იგი არჩევნების შედეგებს მხარს არ დაუჭერს, განმსაზღვრელი როლი ითამაშა საქართველოში ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციისთვის გადაბარებაში. . . 
- ბატონი თედო ისეთი მაღალი რანგის პროფესიონალია, რომ არავითარი საფუძველი არ გვაქვს არ ვენდოთ. ისიც მართალია, რომ ბატონი ნორლანდი ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო დიპლომატად ითვლება და ჩვენც ამაში თითქმის ყოველდღიურად ვრწმუნდებით.
რაც შეეხება არჩევნებს, ყველა ვხედავდით, რომ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები შეუჩერებლივ, ყველა დონეზე პირველი პირებიდან დაწყებული, რიგითი დიპლომატებით დასრულებული, საუბრობდნენ ობიექტური არჩევნების აუცილებლობაზე და პირდაპირ გვიცხადებდნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო დაკარგავდა მათ მხარდაჭერას. ფართომასშტაბანი და ხანგრძილვვადიანი დამკვირებელობის პროცესიც ამას ადასტურებდა. შედეგად მივიღეთ, შეიძლება არც თუ სრულყოფილი, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ალბათ ყველაზე ობიექტური არჩევნები. შეიძლება ვცდები, მაგრამ ჩემი აზრით, მოვლენების ლოგიკა მიგვითითებს, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა განაპირობა არჩევნების შედეგად შექმნილმა ახალმა რეალობამ, ჩვენი მოკავშირეების პრინციპულმა პოზიციამ და, რაც მთავარია, ქართული საზოგადოების სიბრძნემ და გაზრდილმა პოლიტიკურმა კულტურამ, რომელიც არავის მისცემდა სამშობლოს ძალადობრივ კონფრონტაციაში ჩათრევის საშუალებას.

- აშკარაა, რომ მოსკოვი ობამას თეთრ სახლში დარჩენას მიესალმება, ხოლო რომნის არჩევის შემთხვევაში აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების კვლავ დაძაბვას პროგნოზირებს. როგორი ურთიერთობა ექნება კრემლს აშშ-სადმი თუ პრეზიდენტი კვლავ ობამა იქნება და იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს პრეზიდენტი რომნი გახდა? და კიდევ, როგორ აისახება ორივე შემთხვევაში აშშ-რუსეთის ურთიერთობები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომლებიც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს?

- სხვათა შორის, მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტები საკმაოდ სერიოზულად ცვლიან თავის პოლიტიკას, ვინაიდან თვლიან, რომ უფრო მყარდ დგანან ფეხზე, არც მომავალი არჩევნების ეშიანთ და რაც Mმთავარია პირველი ვადის უდიდესი გამოცდილება გააჩნიათ. ჩვენი ქვეყნის მიმართ ალბათ ბატონ ობამასგან დიდ სიახლეებს არ უნდა ველოდეთ და იგი გააგრძელებს არსებულ მეტად კეთილგანწყობილ კურსს ან შეიძლება უფრო გააღრმავოს კიდეც. რაც შეეხება რუსეთს მის მიმართ შეიძლება მცირე სიმკაცრე ალბათ არც ობამასგან არის გამორიცხული. ვინაიდან, გადატვრთვის პოლიტიკით ბოლომდე ალბათ არც დემოკრატები არიან კმაყოფილი. თუმცა, ძირეულ ცვლილებას ალბათ, არ უნდა ველოდეთ.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, უფრო სერიოზულ ცვლილებებს ალბათ ბატონი რომნისგან უფრო უნდა ველოდეთ, თუმცა, მისი გამარჯვების შემთხევაში მისივე საგარეო პოლიტიკის კონკრეტულ ჩამოყალიბებას საკმაო დრო დასჭირდება. 

- სხვათა შორის, კრემლთან დაახლოებული საექსპერტო წრეები უკვე აცხადებენ, რომ საგარეო პოლიტიკის საკითხებში საქართველოს ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილის კურსს აგრძელებს და, შესაბამისად, ასეთ ვითარებაში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში რადიკალური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. თქვენი აზრით, ხელმეორედ გაპრეზიდენტების შემთხვევაში რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ობამამ შეძლოს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში შუამავლის როლის შესრულება?

- ალბათ, ვერ დავეთანხმები კრემლის ექსპერტებს. განსხვავება წინა პოლიტიკასთან შედარებით მნიშვნელოვანია. ევროატლანტიკური კურსისადმი ერთგულებისა და ქართული ტერიტორიიის ოკუპაციის კატეგორიულ მიუღებლობასთან ერთად საქართველოს მთავრობა უარს ამბობს რუსეთის მიმართ ხისტ, მტრულ პოლიტიკაზე და მასთან ურთიერთობების გამოსწორებას გეგმავს. ალბათ, ამერიკის, ევროპისა და რუსეთის საგრეო პოლიტიკის მესვეურნი ამ სიახლის ანალიზზეც იმუშავებენ. 
თბილისის ამგვარი კურსი ამერიკული საგარეო პოლიტიკის ზოგიერთQ,,ქორს'' შეიძლება არ მოეწონოს, მათ ოპონენტებს კი პირიქით, ძალიანაც მოეწონოთ, ვინაიდან რუსეთთან დიალოგის მომხრე საქართველო მათ მრავალ პრობლემას მოუხსნის რუსეთთან ურთიერთობაში და თუ თქვენს მიერ ნახსენები შუამავლის ფუნქცია შედგა, ამ ფუნქციასაც გაუადვილებს. თუმცა, ჩვენს რეგიონში იმდენი პრობლემაა გადახლართული, რომ ძალიან ძნელია რაიმე სერიოზული პროგნოზის გაკეთება. ალბათ, ერთი რამ არის ნათელი - ჩვენ ჩვენსას უნდა ვეცადოთ და საქართველოს საგარეო პოლიტიკა მაქსიმალურად ზეპარტიულ საფუძველზე უნდა წარვმართოთ.

- პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საზღვარგარეთ მისი პირველი ვიზიტი ვაშინგტონში შედგება. შემდეგ პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ იგი დაარწმუნეს, პირველი ვიზიტით ევროპას უნდა სტუმრებოდა. თქვენი პროგნოზით, სავარაუდოდ, რომელ ქვეყანაში გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ივანიშვილის პირველი ვიზიტი? 

- ალბათ, ხვდებით, რომ ჩემი მისამართით დასმული ეს კითხვა უფრო რიტორიკულ ხასიათს ატარებს - პროფესორებს ასეთ ინფორმაციას არავინ აწვდის და ეს უფრო პოლიტიკოსებს ეხება, რომელნიც ალბათ, უკეთ ფლობენ კონკრეტულ ინფორმაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ მიმდინარე პროცესებზე და მისგან გამომდინარე აყალიბებენ სახელმწიფო ვიზიტების პრიორიტებებსა და რიგითობას. 
ბუნებრივია, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ, როდის და რა ფორმით გააკეთებს ოფიციალურ მოწვევას. ,,зто же не к бабушке на блины ехать'. სხვათა შორის, ამერიკის პრეზიდენტის წერილი საქართველოს პრემიერისადმი და სხვა ქვეყნების ელჩებთან შედარებით ამერიკის ელჩის სრულიად გამორჩეული აქტიურობა და მხარდაჭერა შეიძლება ამერიკელთა მხრიდან გარკვეულ მინიშნებადაც ჩაითვალოს თუ სად ჯობს პირველი ვიზიტის გაკეთება. თუმცა, ალბათ,Mუფრო მნიშვნელოვანი არა ვიზიტის რიგითობა, არამედ მისი ხარისხი და სავარაუდო შედეგია. 

'ინტერპრესნიუსი'

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები