მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ვის შეხვდება პრეზიდენტის მილიონი

რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მედიისა და არასამთავრობო სექტორისთვის სარეზერვო ფონდიდან მილიონი ლარის გამოყოფა და ვინ მიიღებს აღნიშნულ თანხას?

პრეზიდენტის მიერ 17 დეკემბერს გამოცემული ბრძანებულების მიხედვით, სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი 

გამოიყოფა მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საგრანტო პროგრამით დაფინანსებისთვის. აღნიშნულს უკანონოს უწოდებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, იურისტი თამარ კორძაია.

'არ შეიძლება პრეზიდენტის ფონდი პრეზიდენტმა საკუთარ, პირად სახსრებად აღიქვას. ეს არის საბიუჯეტო სახსრები და როცა განსაზღვრული მიზნით გასცემს ის თანხას, ეს არის გრანტის გაცემა. გრანტების შესახებ კანონი მკაცრად ადგენს კრიტერიუმს, ვინ შეიძლება იყოს გრანტის გამცემი და მიმღები. ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი თავისი სარეზერვო ფონდით არ შეიძლება იყოს გრანტის გამცემი', - განუცხადა თამარ კორძაიამ 'ნეტგაზეთს'.

მისივე თქმით, გრანტების შესახებ კანონით სახელმწიფოს მიერ გრანტის გაცემის მხოლოდ ორი შემთხვევაა

გათვალისწინებული: როცა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი გასცემს გრანტს და ასევე, სამინისტროს შეუძლია გასცეს გრანტი.

'პრეზიდენტს სარეზერვო ფონდიდან არ შეუძლია გრანტის გაცემა, მაგრამ პრეზიდენტის ბრძანებულება ითვალისწინებს არაკომერციული იურიდიული პირის შერჩევას და შემდგომ მის მიერ ამ გრანტების გაცემას, მაგრამ ეს მაინც არღვევს გრანტების შესახებ კანონს', - ამბობს თამარ კორძაია.

თამარ კორძაიას მოსაზრებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მედიის დაფინანსება ეწინააღდმეგება მედიის თავისუფლებას, რადგან შეუძლებელია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედია იყოს თავისუფალი. იურისტი ასევე იხსენებს 'საზოგადოებრივი მაუწყებლის' მოდელს და მიზეზს, რის გამოც ის სახელმწიფო ტელევიზიიდან გარდაიქმნა 'საზოგადოებრივ მაუწყებლად'. 

ტელეკომპანია 'კავკასიის' დირექტორისთვის, ნინო ჯანგირაშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზციებისთვის გრანტის მიცემა. ის გამორიცხავს 'კავკასიის' მიერ ამ გრანტის მოთხოვნის შესაძლებლობას.

'წარმოუდგენელია სარეზერვო ფონდიდან მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ასე პირდაპირ გამოიყოს თანხა. სარეზერვო ფონდს უფრო მნიშვნელოვანი მიზნები უნდა ჰქონდეს. მედია არის კომერციული სტრუქტურა თავისი არსით', - განუცხადა 'კავკასიის' დირექტორმა 'ნეტგაზეთს'. მისივე მოსაზრებით, მედია და არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებისგან მკვეთრად უნდა იყოს გამიჯნული.

'ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ წლების მანძლზე სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე არსებობდა ხელისუფლების სამეგობრო, რომელშიც მედიაც შედიოდა და არასამთავრობო სექტორის რაღაც ნაწილი. არჩევნების შემდეგ ყველა ვხედავთ, რომ დაფინანსების მთელი რიგი წყაროები დაეკეტათ მედიასაშუალებებსა და არასამთავრობოებს. ბუნებრივია, მათი დაფინანსება სჭირდება მიხეილ სააკაშვილს. იმდენად უტიფრად არის ეს გაკეთებული, რომ გაოცებულიც კი ვარ. თქვენ ნახავთ, ვინ აიღებს ამ ყველაფერს, 'ნაცმოძრაობის' ე.წ. მოლაპარაკე თავები, რომლებიც ყოველთვის და ყველაფერში ამართლებენ წინა ხელისუფილებას. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს კოალიცია 'ევროპული საქართველოსთვის', 'საქართველოს რეფორმების ასოციაცია', 'რუსთავი 2', ჟურნალი 'ტაბულა',  აი, ამ ტიპის ორგანიზაციები. ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ ასე ვვარაუდობ', - აცხადებს ნინო ჯანგირაშვილი.


ჟურნალ 'ტაბულას' მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი კატეგორიულად გამორიცხავს, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს რაიმე პროექტისთვის გრანტის მიღება სთხოვოს.

'ჩემი ქმარი არის პრეზიდენტის მრჩეველი უშიშროების საკითხებში და ვფიქრობ, ეს არაკორექტული იქნება', - განუცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა 'ნეტგაზეთს'.

'ყველა ქვეყნის პრეზიდენტმა შეიძლება რაიმე მიზნისთვის მსაგვსი ჟესტი გააკეთოს. არ ვიცი, ეს რას უკავშირდება ამ მომენტში და რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდებოდა სარეკლამო კლიპები, ფილმები და ა.შ. ამდენად, თავისთავად ამ გადაწყვეტილებაში ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ, მაგრამ მე პრინციპულად წინააღმდეგი ვარ, რომ გადასახადის გადამხდელთა ფულით თუნდაც კლიპების, არასამთავრობო ორგანიზაციების ან მედიის დაფინანსება მოხდეს.  ალბათ, იცით ჩვენი პოზიცია, რომ 'ტაბულა' გარკვეულწილად 'საზოგადოებრივი მაუწყებლის' არსებობის წინააღმდეგიც არის, რადგან ფული იქ გადასახადის გადამხდელებისგან მიდის. ამიტომ პრინციპულად წინააღმდეგი ვარ, თუმცა, ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად გამჭვირვალე იქნება პროცედურა, კონკურსი და ა.შ.', - მიიჩნევს თამარ ჩერგოლეიშვილი.

'ტაბულას' მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ თუ რომელიმე მედიასაშუალებამ გრანტის სახით მიიღო დაფინანსება პრეზიდენტის ფონდისგან, ცალსახად არ შეიძლება იმის თქმა, იქნება თუ არა ის ხელისუფლების გავლენის ქვეშ. მისივე თქმით, თუ გამოყოფილ 1 მილიონს მხოლოდ 1 მედიასაშუალება მიიღებს, შესაძლოა ეჭვის საფუძველი გაჩნდეს, მაგრამ თუ ბევრზე გადანაწილდება, ეს არ იქნება იმ ოდენობის თანხა, რომელიც მედიას ხელისუფლებაზე დაქვემდებარებულს გახდის.

'მე ყოველთვის პროდუქტის შეფასების მომხრე ვარ და არა იმის, რომელიმე ბიზნესი აფინანსებს თუ სახელმწიფო. თუ პროდუქტი იქნება დაბალანსებული, თუ იქნება სტანდარტების დაცვით გაკეთებული და ა.შ. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ფული საიდან არის აღებული - ივანიშვილისგან თუ პრეზიდენტის ფონდისგან, თუ სხვისგან', - უთხრა 'ნეტგაზეთს' თამარ ჩერგოლეიშვილმა.

'ნეტგაზეთი' დაუკავშირდა ტელეკომპანია 'რუსთავი 2'-ის გენერალურ დირექტორს, ყოფილ გენერალურ პროკურორსა და განათლების მინისტრს, ნიკა გვარამიას, რომელმაც განგვიცხადა, რომ მას პრეზიდენტის ბრძანებულების შესახებ არაფერი სმენია, შესაბამისად, ვერანაირ განცხადებას ამაზე ვერ გააკეთებს.

იგივე განუცხადა 'ნეტგაზეთს' 'საქართველოს რეფორმების ასოციაციის' ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.

'ზოგადად, სამოქალაქო სექტორი და მედიასაშუალებები ბევრი ვინმეს ინტერესის სფეროა. ევროკავშირი, ასევე, აშშ აპირებს გააძლიეროს დაფინანსება, სხვა ქვეყნებიც იგივეს აპირებენ. მიიჩნევა, რომ შემდეგი წლების განმავლობაში პრიორიტეტია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება. პრეზიდენტმა რა მოსაზრებით გააკეთა ეს, ალბათ, თავად უკეთ გეტყვით, მე არ მაქვს ინფორმაცია ამის შესახებ და ვერაფერს გეტყვით', - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახნეებთ, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გრანტს გასცემს საკონკურსო კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებით, ესენი არიან: ნინო კალანდაძე (საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე), ვან ბაიბურთი, მუბარის კარაევი, ვერა ქობალია (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი) და ნატალია ყანჩელი.

აღნიშნული კომისია საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს შერჩეულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელსაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, რომელიც 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის შესაბამისად 10 მილიონი ლარისგან შედგება, გამოეყოფა 1 000 000 ლარი მედიასაშუალებებზე ან/და სხვა შესაბამის ორგანიზაციებზე გრანტების კონკურსის წესით გაცემის მიზნით.

ნეტგაზეტი

ე.შ

 

 

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები