მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ვოვას ოქროს თევზი

„ჩვენ წინაშე ისევ ის ირონიული დილემა ბრუნდება, რომელიც მთელი 90-იანების მანძილზე გვტანჯავდა - როცა სამარჩიელო მხოლოდ ის იყო, ჩვენი მთავრობა უნებლიეთ, ტოტალური არაკომპეტენტურობის გამო ასხამდა მტრის წისქვილზე წყალს, თუ გაცნობიერებულად იდგა რუსეთის სამსახურში'.

ზაზა ბიბილაშვილი, „დავიწყებული დილემა'

ორ საათზე მეტი გასულიყო, რაც ტბაში შეჭრილ ხიმინჯებზე დაგებულ ფიცარნაგზე იდგა სპინინგით ხელში, თევზებისთვის გამზადებული ბადურა კი ისევ ცარიელი იყო. არადა, ყველა ნიშნით, კარგი თევზაობა უნდა ჰქონოდა. შუა შემოდგომის კვირა დღის მშვიდი დილა იდგა. წეროების უკანასკნელი გუნდები ცაში ნავარდობდნენ. ბუნება, რომელიც სულ მალე ზამთრის სუსხს უნდა შეეპყრო, მზეს ხარბად ეწაფებოდა. „დასაცავი ნომერი ერთის' ხელმოცარვამ დაცვის უფროსიც ააღელვა: „რა ეშმაკი შეუჩნდათ, სად გაქრნენ ეს ოხერი ქორჭილები, გუშინ არ მოვიყვანეთ თევზსაშენიდან და ამ ტბაში არ ჩავსვით?'. „გამწარებული ახლა ჩემზე იყრის ჯავრს, თანაც გუშინ ტაეკვანდოს ვარჯიშზე წელი იტკინა', - განიცდიდა დაცვის უფროსი. თავიანთი უფროსის შემყურე, ტბის გარშემო ბუჩქებში შემალული აგენტები უხალისოდ ამთქნარებდნენ: „თუ ასე გაგრძელდა, ამ თვეშიც უპრემიოთ დაგვტოვებს'.

მეორე ნაპირზე მდგარი დაცვის უფროსის ენერგიულმა ჟესტიკულაციამ გამოაფხიზლა უხალისო ფიქრებიდან. ახლაღა შენიშნა როგორ ათამაშებულიყო ტივტივა. რამდენიმე წამი და მკვეთრი მოძრაობით მოქაჩა ანკესი. ანკესზე წამოგებული თევზი წყლის ზედაპირზე აფართხალდა. სპინინგის კოჭი სწრაფად დაატრიალა. „გამოცდილება და ოსტატობა მაინც თავისას შვრება', - კმაყოფილებით გაიფიქრა, მხრებში თავდაჯერებულად გაიმართა, და აქეთ-იქით მიმოიხედა. ბუჩქებში დაცვამ შვებით ამოისუნთქა. რაც უფრო ახლოს მოჰყავდა თევზი, მით უფრო უცნაური ეჩვენებოდა მისი შეფერილობა. მზის სხივები თევზის ფარფლებში ოქროსფრად ირეკლებოდნენ. „მეჩვენება, თუ მართლა ოქროსია, ნუთუ მართლა ჯეკ-პოტი გავარტყი?' - ამის გაფიქრებაც კი ვერ მოესწრო, რომ ფიცარზე ამოგდებული თევზი ანჟელიკა ვარუმის ხმით ალაპარაკდა: „ვოვა, თუ გამიშვებ, ყველა სურვილს შეგისრულებ, ოღონდ ერთი პირობით: შენი სურვილები საქართველოს შესახებ უნდა იყოს, თანაც ერთ წელიწადზე შორს ვერ ვიყურები'. ვოვამ გაოცებისგან პირი დააღო, მაგრამ სწრაფადვე დახურა. ჯერ ერთი, ახლადდაბოტოქსებული ყვრიმალები ეტკინა და, მეორეც, არ უნდოდა დაცვას შეემჩნია, „დასაცავ ნომერ ერთს' რამე გაუკვირდაო. თავის ოდნავშესამჩნევი დაკვრით დაცვის უფროსს ანიშნა, დაცვის რკალი ცოტა შორს გასწიეო. თვითონ კი ჩაიცუცქა, ოქროს თევზს კარგად დააკვირდა და საუბარი გაუბა. რამდენიმე წუთში გაღმა მდგომი დაცვის უფროსი უცნაური სცენის მოწმე გახდა. ჩაცუცქული „დასაცავი ნომერი ერთი' კარგა ხანს ესაუბრა დაჭერილ თევზს, მერე კი ანკესიდან ჩამოხსნა, ტუჩებთან მიიტანა, ნაზად აკოცა, შემდეგ კი ფიცარნაგიდან გადმოწვა და თევზი სათუთად დააბრუნა წყალში. ოქროს თევზმა მადლიერების ნიშნად კუდი შეათამაშა და ტბაში გაუჩინარდა. ვოვამ მეგობარი გერჰარდის ნაჩუქარ სახელობით „პატეკ ფილიპს' დახედა, რომელსაც წარწერა ამშვენებდა „ჩრდილოური ნაკადი ჩვენი ოჯახების საკეთილდღეოდ'. „პატეკ ფილიპი' 2012 წლის 30 სექტემბრის შუადღეს უჩვენებდა.

ჩვენთვის ცნობილი გახდა ვოვას სურვილების მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც უახლოეს ექვს თვეზე იყო გათვლილი. მომდევნო ექვსი თვის ამბავსაც სულ მალე შევიტყობთ, შემოდგომაზე. მკითხველს იმის შეხსენება რაში სჭირდება, რომ ვოვას ყველა სურვილი ერთი და იმავე ფრაზით იწყებოდა: „საქართველოში ისეთი ხელისუფლება მოიყვანე, რომელიც...'.

ვოვას პირველი სურვილი:

... თავადვე გააქარწყლებს საქართველოს წარმატების ისტორიას. აბა, რას ჰგავს ეს, მსოფლიოში ყველაზე მეტი გაზი და ნავთობი მე მაქვს, ბირთვული იარაღიც, მილიონიანი არმიაც და მაინც ჩემი ეკონიმიკა ძლივს 2%-ით თუ იზრდება, საქართველოს ზრდა კი 7%-ზე დაბლა არ ჩამოსულა და მათი ე.წ. რეფორმების შესასწავლად ჩემი ყოფილი სატელიტები თბილისში დარბიან! ან ამ ჩემს ჭკუასუსტ მოადგილე დიმკას რა ვუყო, „საქართველოსგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთო' რომ გაიძახის, ან ეს ჩვენი ჟურნალ-გაზეთები როგორ გავაჩუმო, ვრცელ სტატიებს რომ აქვეყნებენ - საქართველოს რატომ გამოუვიდაო და ჩვენ არაო. ერთი სიტყვით, საქართველოს მთავრობამ თავის ხალხს და მთელ მსოფლიოს, ინვესტორების ჩათვლით, გამოუცხადოს, რომ ეს საერთაშორისო შეფასებები, ანგარიშები, სტატისტიკა, რეიტინგები და ჯილდოები სულ ტყუილი და მონაჩმახია. („ტყუილი, ტყუილი და პაპიროსი პირში' - გაახსენდა, როგორ აჯავრებდნენ ერთმანეთს მისი მეზობელი ბავშვები სოფელ მეტეხში, კასპთან ახლოს). მერე ვნახავ, თუ ნულამდე არ დაეცა მათი ეკონომიკური ზრდა და იმასაც ვნახავ, რამდენ უცხოელ ინვესტორს მოიზიდავენ.

ვოვას მეორე სურვილი:

... შეაფერხებს, ან, უკეთესია, გააჩერებს ამ ბაქო-ახალქალაქი- ყარსის რკინიგზის მშენებლობას. რა გამოდის, ჩვენი „ტრანსსიბი' 110 წელი უალტერნატივო სარკინიგზო კომუნიკაცია იყო ჩინეთსა და ევროპას შორის და ახლა, ჩემს დროში, მას კონკურენტი გამოუჩნდეს აზერებისა და ქართველების წყალობით? არა, ამას ვერ დავუშვებ. ჯერ ქართული მხრიდან შევაფერხოთ და მერე, თუ გაგვიმართლა, აზერბაიჯანულ მხარესაც ვცადოთ.

ვოვას მესამე სურვილი:

... ჩვენს მზვერავებს გამოუშვებს ციხიდან, ოღონდ არა ისე, როგორც შებრალებულ კრიმინალებს, არამედ საპატიოდ, როგორც „პოლიტიკურ პატიმრებს'. ეს სრული რეაბილიტაცია იქნება ჩემი შებღალული პროფესიული ღირსებისთვის. რა წესია, რამდენი წელია ბიჭები თავისთვის ჩუმად და ნაყოფიერად მუშაობდნენ, გადასარევი ნაცნობ-მეგობრობა ჰქონდათ „თეთრი მელას' მთავრობაშიც, პოლიტიკურ და ინტელიგენტურ წრებშიც და, უცებ, ბრახ, და არ აიყვანეს, თან ნივთმტკიცებებით?! მათი გამოშვება საკმარისი არ იქნება, ქართულ დილეგებში წამებისთვის მათ „პოლიტპატიმრობის' პრემია დაიმსახურეს. ამ „პოლიტპატიმრებს' კიდევ რამდენიმე ათას მსჯავრდებულსაც თუ მიაყოლებენ და კრინიმალს მინიმუმ მეხუთედით გაზრდიან, მაშინ იმასაც ვნახავთ, თუ როგორი ნაქები „უსაფრთხო ქვეყანაა' ეგ ყოფილი ტფილისის გუბერნია. მაიცა, ყოფილი ვთქვი? დრო ხომ არ შემეშალა? მომავალი ხომ არ უნდა მეთქვა? ხი ხი ხი!

ვოვას მეოთხე სურვილი:

... გამოშიგნავს კანონს ოკუპაციის შესახებ და უპირობოდ დათანხმდება აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე. ამას რა აჯობებს: აზერბაიჯანიდან თუ გადმოკვეთენ საქართველოს საზღვარს, სისხლის სამართლის დანაშაული იქნება, ხოლო რუსეთიდან თუ გადმოვლენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთზე - მხოლოდ დაჯარიმდებიან. მერე იყვიროს მიშიკომ რამდენიც უნდა, ოკუპაცია, ოკუპაციაო. აფხაზეთის რკინიგზაც თუ უპირობოდ გახსნეს, ჯარების გაყვანისა და დევნილთა დაბრუნების მოთხოვნის გარეშე, მერე ვინღა დაუჯერებს, ოკუპირებული რეგიონებიაო. გიუმრის ბაზასაც გამოვაცოცხლებ, აზერებისთვის ეგ ხომ წითელი ჭინჭია.

ვოვას მეხუთე სურვილი:

... აღიარებს, რომ საერთაშორისო ტერორისტებს ამზადებდა და ჩვენთან აგზავნიდა. ო, ეს ძალიან ელეგანტური სვლა იქნებოდა! თითქმის 15 წელია უშედეგოდ ვცდილობ დავუმტკიცო მსოფლიოს, რომ ჩრდილოკავკასიური პრობლემა სინამდვილეში საქართველოდან მომდინარეობს. რა არ ვცადე, მილიონობით დოლარი მივახარჯე ლობისტურ ფირმებს, ათასობით ჩემი ჯარისკაცი შევაწყვიტე, ათიათასობით დახოცილ კავკასიელ მშვიდობიან მცხოვრებს აღარც ვანგარიშობ, და მაინც, ჩრდილოეთ კავკასიაში ყოველწლიურად 700-ზე მეტი ძალოვანი, სამხედრო და სამოქალაქო პირი იღუპება პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობით. არადა, რა მარტივი გამოსავალი მაქვს: მეამბოხეებს ქართველები ამზადებენ და მერე ჩვენთან გზავნიან. რამდენი კურდღლის მოკვლა შემეძლება ამ განცხადებით? დათვლაც კი მიჭირს.

ვოვას მეექვსე სურვილი:

ამას, ალბათ, შენც კი ვერ შეძლებ, მარადნორჩი ანჟელიკა ვარუმის ტკბილი ხმით მოღაღადე ოქროს თევზო, მაგრამ იქნებ მაინც სცადო. საქართველოს მთავრობამ აღიაროს, რომ ომი ჩვენ კი არა, საქართველომ დაიწყო და აგრესორიც თვითონ არის! ვთქვი და გულზე მომეშვა. იცი, რამდენ პრობლემას მომიხსნის და რამდენ პერსპექტივას გამიხსნის ეს აღიარება?! ამ ყბადაღებული ოკუპაციის დამღასაც მოვიშორებ (ამაში, ტრადიციულად, ქართული ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლებიც დაგვეხმარებიან) და იმ ორი ტერიტორიის საერთაშორისო აღიარების გაყინულ საკითხსაც მივხედავ, ბოლოს და ბოლოს. უჰ, პირდაპირ სუნთქვა მეკვრება! ახლა, ჩემი შემდეგი სურვილი...

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ვოვას ყველა სურვილის გაგება ჯერჯერობით ვერ შევძელით. გპირდებით, რომ შემოდგოზე ყველაფერს გამოვიკვლევ და მოგახსენებთ. მანამდე კი, იმის განსჯა, შეუსრულა თუ არა ოქროს თევზმა ვოვას სურვილები, თქვენთვის მომინდვია, პატივცემულო მკითხველო.

ეპიგრაფში დასმულ დილემას თუ მივუბრუნდებით, ჩვენი მთავრობა არაკომპეტენტურობის გამო აკეთებს მტრის საქმეს თუ გაცნობიერებულად დგას მის სამსახურში, პასუხად ერთი ინგლისური ანდაზა გავიხსენოთ: „If it looks like a duck, quacks like a duck and walks like a duck, it's a duck', რაც შემდეგნაირად შეიძლება ითარგმნოს: „თუ იხვს ჰგავს, იხვივით დადის და იხვივით ყიყინებს, იხვი ყოფილა'.

ტაბულა

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები