მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თბილისის საკრებულოს დეპუტატებზე შეტევა გრძელდება

თბილისის საკრებულოს 7 დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან' დღეს ფინანსურ პოლიციაშია დაბარებული.

მამუკა გუგეშაშვილის, ხვიჩა სანაიას, ვახტანგ ცაგარეიშვილის, შოთა ქურდაძის, თემურ გრიგალაშვილის, დავით წერეთელისა და ბესარიონ ბენდელიანის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთეს საკრებულოს თავმჯდომარემ და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარემ კოკი იონათამაშვილმა. მათი თქმით, საგამოძიებო ორგანოში დეპუტატები დღეს ვერ მივლენ, რადგან დღეს საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი.

უნდა აღინიშნოს, რომ დაითხვებზე საკრებულოს ნაციონალი დეპუტატების დაბარება უკვე მერამდენედ ემთხვევა სწორედ საკრებულოს სხდომას. ამასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ზაალ სამადაშვილმა მიმართა კიდეც პარლამენტის თავმჯდომარეს და მასთან შეხვედრა მოითხოვა, რათა ზომები ყოფილიყო მიღებული პოლიტიკური ზეწოლის შესაჩერებლად. თუმცა იგივე პრაქტიკა კვლავაც გრძელდება.

ზაალ სამადაშვილის თქმით, მან უკვე მიმართა ამასთან დაკავშირებით საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობა ხელყოფისგან დაიცვან.

„ნაციონალური მოძრაობის' ფრაქციის დეპუტატების დაბარებას დღეს პარტიის წევრები „ფეისბუქზე' გამოეხმაურნენ. დეპუტატ მარიამ საჯაიას განცხადებით „თბილისის საკრებულოზე შეტევა გრძელდება', ხოლოს ის ფრაქციის წევრები, რომლებმაც დატოვეს „ნაციონალური მოძრაობა', ხელშეუხებელნი რჩებიან და მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.

 მიხეილ მაჭავარიანის ინფორმაციით კი „ქართული ოცნება' დედაქალაქის მერისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების შეჩერებასა და მისი უფლებების საკრებულოსთვის დელეგირებას გეგმავს. ეს კი მას შემდეგ მოხდება, რაც „ქართულ ოცნებას' საკრებულოში უმრავლესობა ეყოლება. მაჭავარიანის თქმით, თბილისის ხელში ჩასაგდებად გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს.

ამას არც საკრებულოს „მეოცნებე' დეპუტატები მალავენ და აცხადებენ, რომ მათი მიზანია საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი ნაციონალების დასუსტება და მათი უმცირესობაში დატოვება. 

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები