მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თბილისი მოსკოვს მოუწოდებს 'სასწრაფოდ შეწყვიტოს შეიარაღების გადასროლა' ოკუპირებულ რეგიონებში

(განახლება: მეოთხე აბზაცად დამატებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება)


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას „სასწრაფოდ შეწყვიტოს შეიარაღების გადასროლა და ძალების კონცენტრირება ოკუპირებულ რეგიონებში', რაც უკანასკნელ ხანებში მიმდინარეობს და „პროვოკაციის საფრთხეს' ზრდის.

21 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, საქართველოს საგარეო უწყება იტყობინება, რომ დღეს „რუსეთის სამხედრო ძალების ვერტმფრენი დაეშვა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონის მახლობლად'.

„საგარეო სამინისტრო მკაცრ პროტესტს გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით', - აცხადებს ოფიციალური თბილისი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 21 სექტემბერს მოგვიანებით განაცხადა, რომ რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ვერტმფრენმა, რომელსაც ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული დახმარება მიჰქონდა, სანავიგაციო მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის გამო იძულებითი დაშვება განახორციელა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ეს ცხინვალიდან უმნიშვნელო დაშორების ადგილას მოხდა. „შენიშნეს რა შეცდომა, პილოტები დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ სამხრეთ ოსეთში', - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.   

„როგორც საქართველოს საგარეო სამინისტრო აცხადებდა, შემთხვევითი არაა მსხვილმასშტაბიანი სამხედრო წვრთნების „კავკაზ-2012'-ის მიმდინარეობის დამთხვევა საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდთან. მართლდება პროვოკაციების ზრდის შესაძლებლობის შესახებ ჩვენი ვარაუდებიც', - ნათქვამია განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ თბილისი მოახდენს უცხოელი პარტნიორების ინფორმირებას რუსეთის საოკუპაციო ჯარების ქმედებებზე.

21 სექტემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რაოდენობის ზრდა შენიშნა და რუსეთის შესაბამის წარმომადგენლებთან ამაზე შეშფოთება გამოთქვა. მისიამ მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

იმავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 21 სექტემბერს იტყობინება, რომ მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა და ევროკავშირის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ფილიპ ლეფორმა ტელეფონით განიხილეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან არსებული ვითარება.

„გამოითქვა მოსაზრება, რომ ამ თემაზე რიტორიკის გააქტიურება, როგორც ჩანს, უკავშირდება საქართველოში წინასაარჩევნო სიტუაციას, რომელიც იქმნება 1 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ', - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების საინფორმაციო შეტყობინებაში.

21 სექტემბერს საქართველოში ციხეების სკანდალზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა: 'ძალიან კარგად ვიცი, რაც ხდება საქართველოსთვის იმ პირობებში, როცა შემოსულია რუსული ფული, რუსული კომპრომატების ომი, რუსული მეთოდები და რუსეთის არმია არის ჩვენ საზღვრებთან  აურაცხელი რაოდენობით და ატარებს ძალიან საშიშ მანევრებს. და იმ პირობებში, როცა დაფიცებული აქვს ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტს, რომ  2008 წელს ვერ დამთავრებული საქმე მიიყვანოს უახლოეს კვირებში და თვეებში ბოლომდე და ამისთვის უნდა არჩევნების გამოყენება'.

სივილ ჯორჯია 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები