მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თემურ ქეცბაია: ახლა ბიჭები ესპანეთთან თამაშს მოუთმენლად ელიან

7 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ციკლის I ჯგუფის მატჩი გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ბელორუსის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელები ჟურნალისტების წინაშე წარსდგნენ.

თემურ ქეცბაიამ ბელარუს კოლეგაზე გაცილებით დიდხანს ისაუბრა. პრესკონფერენცია მან ფეხბურთელებისათვის მადლობის გადახდით დაიწყო.

- დიდი მადლობა ბიჭებს, რომლებმაც გამარჯვებისთვის თავდაუზოგავად იბრძოლეს და მონდომება დაუფასდათ. დღეს ის თავდადება დავინახე, რასაც თითოეული ფეხბურთელისგან ვითხოვ. 

საბედნიეროდ, დღეს საკუთარი შანსი გამოვიყენეთ და ახალი შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დავიწყეთ.

მატჩი საკმაოდ რთული იყო. საქმე ძლიერ მეტოქესთან გვქონდა, თუმცა სირთულეების გადალახვა და საქმის გამარჯვებამდე მიყვანა მაინც შევძელით. იმედი მაქვს, ესპანეთთანაც ასე ვიბრძოლებთ. 

ამ მატჩს ბიჭები მოუთმენლად ელიან, საინტერესო თამაში იქნება.

მეამაყება, რომ ამ გუნდის მწვრთნელი ვარ. მჯერა, რომ ამ გუნდით მთელი საქართველო იამაყებს. ქართული ფეხბურთის წინსვლისთვის ეროვნული ნაკრების წარმატებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ფეხბურთის განვითარებაშს ბიძგს მივცემთ.

ცუდია, რომ სანდრო კობახიძე გამოგვაკლდა. იგი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. იმედია, ოქტომბრის მატჩებისთვის მაინც ჩადგება მწყობრში.

- ბოლო დროს საქართველოს ნაკრები მეორე ტაიმს პირველზე მაღალ დონეზე ატარებს ხოლმე...
- საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა, რომლებსაც სირბილიც შეუძლიათ და გამძლეობაც აქვს. 

მეორე ტაიმის პრობლემა სწორედ ამ ახალგაზრდული ენერგიით გამოვასწორეთ. დღეს სწორედ ამ კომპონენტით დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

- ლევან მჭედლიძის შეცვლა იმას ნიშნავდა, რომ 1:0-ის შენარჩუნება გსურდათ?
- დიახ, და შევინარჩუნეთ კიდეც.

- თორნიკე ოქრიაშვილი თავის კლუბში ბოლო დროს თავდამსხმელად თამაშობს. მის წინ წაწევას ხომ არ აპირებთ?
- ვნახოთ, შეტევაში რამდენიმე ვარიანტი გვაქვს და საჭირო გადაწყვეტილებას მივიღებთ.

ქეცბაიამ კიდევ ერთხელ გამოთქვა იმის იმედი, რომ სამშაბათს სტადიონზე თითოეული გულშემატკივარი საქართველოს ნაკრების და არა ესპანეთის საქომაგოდ მივა. 

ჩვენი ნაკრების თავკაცმა ისიც აღნიშნა, რომ მისი სურვილია, გუნდი საშინაო ოფიციალურ მატჩებს მხოლოდ ეროვნულ სტადიონზე ატარებდეს.

მეამაყება, რომ ამ გუნდის მწვრთნელი ვარ 

sportall.ambebi.ge 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები