მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თომას დე ვაალი - არსებობს იმის რისკი, რომ საქართველო ერთპარტიულ ქვეყნად იქცევა

ჟურნალისტი და ანალიტიკოსი თომას დე ვაალი წერილში 'რეფორმა საქართველოში' ქვეყნის ეკონომიკისა და დემოკრატიის პერსპექტივებს აანალიზებს. მისი მტკიცებით, მიუხედავად საქართველოს მიერ რეფორმებისკენ გადადგმული ნაბიჯებისა, მმართველმა ელიტამ ჯერჯერობით ბევრი არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მდგრადი მოდელი შეექმნა. იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა თავის ქმედებებთან დაკავშირებით ანგარიშვალდებული იყოს, პასუხისმგებლობა ვაშინგტონსა და ბრიუსელს ეკისრება
'საქართველო პოსტ-საბჭოთა სივრცეში საინტერესო შემთხვევას წარმოადგენს. ის ნონკონფორმისტია და ყოველთვის იყო განსხვავებული... ამიტომ პარადოქსულია, მაგრამ ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შემდეგი ვითარების მოწმენი გავხდით - მისი ახალგაზრდა, მოდერნიზატორი, დინამიური მთავრობა, რომელმაც უამრავი რეფორმა წამოიწყო, როგორც ჩანს, ამავე დროს ერთპარტიულ ქვეყანას ქმნის. ოპოზიციური პარტიები საქართველოში სუსტია, ხოლო პარლამენტი ნაკლებად გავლენიანი. მთავრობა აკონტროლებს რეგიონულ მთავრობებს და მთავარ სატელევიზიო არხებს, რომლებიც მას მხარს უჭერენ', _ წერს დე ვაალი. 
თუმცა, მისივე თქმით, საქართველო ისეთ ქვეყნებთან შედარებით, როგორიცაა სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი, მაინც პლურალისტურია. 'მაგრამ ახლა, 2012-2013 წლებში გარდამავალი ეტაპი იწყება და მმართველმა ელიტამ უნდა გაარკვიოს, როგორ განიახლოს საკუთარი თავი, ან არადა იქმნება რისკი იმისა, რომ საქართველო კონსერვატიულ ერთპარტიულ ქვეყნად იქცევა'.
თომას დე ვაალი აღნიშნავს, რომ თუ დღეს მართვის მოწმობის აღებას ან შვილის უნივერსიტეტში მოწყობას მოისურვებთ, საქართველოში ქრთამის გადახდა აღარ დაგჭირდებათ და ეს პოსტ-საბჭოთა სივრცეში ძალიან დიდი მიღწევაა.
'მეორეს მხრივ, პოლიცია ახლა უკიდურესად ძლიერია. ის საზოგადოებაში ყველაზე ძლევამოსილ ინსტიტუტად იქცა. ციხეები სავსეა, საქართველო პატიმართა რაოდენობით (ერთ სულ მოსახლეზე გათვლით) მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა შეერთებული შტატების, რუსეთისა და ორიოდე პატარა ქვეყნის შემდეგ. საქართველოს სასამართლოებში, სისხლის სამართლის საქმეებიდან მხოლოდ 0.04% სრულდება გამამართლებელი განაჩენით, ანუ მაჩვენებელი პრაქტიკულად ნულს უტოლდება. კორუფციისა და კრიმინალის დამარცხების პროცესში, რაც თავისთავად პოზიტიური მოვლენაა, საქართველომ გრძელი გზა განვლო იქითკენ, რაც მსუბუქად წააგავს პოლიციურ ქვეყანას', _ წერს სტატიის ავტორი.
დე ვაალი მაისში გამართულ აქციებსაც ეხება. '25-26 მაისს, თბილისის ქუჩებში ოპოზიციის ერთი რადიკალური ჯგუფი აშკარად ეძებდა პრობლემებს. მთავრობას მეორე დღეს დამოუკიდებლობის დღის აღლუმის გამართვა უნდოდა და დილისთვის ქუჩები თავისუფალი უნდა ყოფილიყო. ამ თვალსაზრისით გასაგებია, რატომ უნდოდა მთავრობას გამთენიისთვის ქუჩების გათავისუფლება, მაგრამ ის, რაც მათ გააკეთეს უკიდურესად სასტიკი აღმოჩნდა. ვიდეოჩანაწერზე ჩანს, როგორ მიიწევს წინ მძიმედ შენიღბული სპეცრაზმი, როგორ უღობავს გზას დემონსტრანტებს და სასტიკად სცემს. შედეგად, იმ ღამეს დაიღუპა ოთხი ადამიანი, ორ მათგანს, პოლიციელს, ოპოზიციის მანქანებმა გადაუარეს', _ წერს დე ვაალი. 
ავტორი ასკვნის, რომ ოპოზიცია ძლიერი არ არის. პრეზიდენტი სააკაშვილი და 'გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა' ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ისევ დომინანტი ძალაა. მატულობს აპათია და შფოთი ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც სამომავლოდ კარგს არაფერს მოასწავებს.

მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, თომას დე ვაალი წერს, რომ საარჩევნო სისტემის მუშაობის გათვალისწინებით, 'გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა', როგორც ჩანს, არჩევნებზე წარმატებას მიაღწევს, უმრავლესობას მოიპოვებს და მერე ახალ პრემიერ-მინისტრსაც აირჩევს. 
'შედეგად კი შეიძლება ნაცნობი სურათი მივიღოთ. საქმე ისაა, გაბედავს კი მიხეილ სააკაშვილი ახალ პრემიერ-მინისტრად გახდომას. ტექნიკურად მას ეს შეუძლია, მაგრამ ამას ნამდვილად ექნება ცუდი გამოხმაურება და უცხოეთში მის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვებს გააჩენს', _ აღნიშნავს სტატიის ავტორი. 
წერილის ქართულ ვერსიას 'foreignpress.ge' აქვეყნებს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები