მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თურქეთმა დასაქმების სურვილის მქონე უცხოელებისთვის მუშაობის ნებართვის გაცემის პირობები გაამარტივა

 

თურქულმა მხარემ დასაქმების სურვილის მქონე უცხოელებისთვის მუშაობის ნებართვის გაცემის პირობები და პროცედურები გაამარტივა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, გამარტივება მოხდა თურქეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის N2011/2306 დადგენილების ძალაში შესვლის პარალელურად, რომლის თანახმად, უცხოელებს, უფლება აქვთ, იმყოფებოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 დღის ვადით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საელჩოს მიერ ქვეყნის შესაბამის უწყებებთან გამართული კონსულტაციების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, შეღავათები ვრცელდება მხოლოდ იმ უცხოელებზე, რომლებსაც სურვილი აქვთ, დასაქმდნენ ოჯახებში, მოსამსახურედ, დამლაგებლად, ბავშვების, მოხუცების ან ავადმყოფების მომვლელად.

საგარეო უწყების განცხადებით, პირობების გამარტივების შემდეგ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა, მიიღონ მუშაობის ოფიციალური ნებართვა როგორც თურქეთში ყოფნის პერიოდში, ასევე, საზღვარგარეთ, თურქეთის დიპლომატიური წარმომადგენლობებისადმი განხორციელებული მიმართვის შედეგად. 

კერძოდ, მუშაობის ნებართვის მისაღებად, უცხოელებმა, რომლებსაც არ აქვთ თურქეთში ბინადრობის ნებართვები და არ იმყოფებიან ქვეყნის ტერიტორიაზე, დამსაქმებლებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, უნდა მიმართონ საზღვარგარეთ თურქეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირები იმყოფებიან თურქეთის ტერიტორიაზე და მიღებული აქვთ ბინადრობის ნებართვა ექვსი თვის ვადით (გარდა სასწავლო მიზნით მიღებული ბინადრობის ნებართვისა), მათ დამსაქმებლებს უფლება აქვთ მიმართონ პირდაპირ თურქეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით (www.turkiye.gov.tr www.csgb.gov.tr) და უზრუნველყონ დასასაქმებელი პირები მუშაობის ნებართვით, ქვეყნიდან გაუსვლელად.

საგარეო უწყების ინფორმაციით, დაინტერესებულმა პირებმა შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროში უნდა წარადგინონ განცხადება, დამსაქმებლისა და დასასაქმებელი პირის მიერ ხელმოწერილი სპეციალური ანკეტა ან შრომის ხელშეკრულება, უცხოელის ფოტოსურათი და პასპორტის ასლი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანითურთ.

თურქეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია, აცნობოს პასუხი დაინტერესებულ პირებს 30 დღის ვადაში.

მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია გადაიხადოს მუშაობის ნებართვის საფასური და უზრუნველყოს დასასაქმებელი პირი სახელმწიფო დაზღვევით.

მუშაობის ნებართვა გაიცემა ერთი წლის ვადით. დამსაქმებლის მოთხოვნის საფუძველზე, ნებართვა შესაძლებელია გაგრძელდეს თავდაპირველად ორი, შემდეგ კი სამ-სამი წლით.

დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, უცხოელი ვალდებულია 30 დღის განმავლობაში მიმართოს პოლიციის სამმართველოს უცხოელთა განყოფილებას ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან არსებულის ახალი ვადით გასაგრძელებლად.

ipn

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები