მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ივანიშვილი ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას აანონსებს...

საპარლამენტო უმცირესობა საქართველოს პრემიერისგან ახსნა-განმარტებს ითხოვს. საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს  'რადიო თავისუფლების' სომხურ რედაქციასთან, სადაც პრემიერი აცხადებს, რომ ქართველებისთვის სომხეთი კარგი მაგალითია, რომელიც კარგ ურთიერთობაშია რუსეთთან და მეგობრული ურთიერთობები აქვს ამერიკასთან და ნატო-ს სხვა წევრ-ქვეყნებთან.

პრემიერის განცხადებაზე კომენტარი „ნაციონალური მოძრაობის' სახელით დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა გააკეთა.

გოკა გაბაშვილი: ''ჩვენ არ შეგვიძლია გავაკრიტიკოთ ჩვენი მეზობლის საგარეო კურსი, რადგან სომხეთს სუვერენული უფლება აქვს საგარეო პოლიტიკა განსაზღვროს, მაგრამ ამ ქვეყნების საქართველოსთვის მაგალითად მოყვანა, პრემიერ-მინისტრის მხრიდან არის სერიოზული განცხადება საგარეო კურსის ცვლილებაზე.

მოგეხსენებათ, რომ ამ ქვეყანას, რომელზეც საუბარი იყო, არ აქვს გამოთქმული სურვილი ნატოში გაწევრიანებაზე, მის ხალხს რეფერენდუმის გზით არ აქვს გამოთქმული სურვილი გაწევრიანდეს ნატოში. ეს ქვეყანა ОДКБ-ს  წევრია. იგივე პოლიტიკური კურსის არჩევა, რაც ამ ქვეყანას აქვს, ნიშნავს 180 გრადუსით საგარეო კურსის ცვლილებას. ეს ძალიან საგანგაშოა ჩვენი ქვეყნისთვის.''

გაბაშვილის თქმით, პრემიერმა აუცილებლად უნდა გააკეთოს მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დამატებითი განმარტება, რომ საზოგადოებისთვის ნათელი გახდეს, დგას თუ არა სახელმწიფო აღნიშნულ პოზიციაზე, თუ ამ განცხადების გაკეთების მიზეზი პოლიტიკური გამოუცდელობა და წინადადების არასწორად დაწყობა გახდა.

'რადიო თავისუფლების' სომხური რედაქციასთვის მიცემულ ინტერვიუში პრემიერი პრიორიტეტების ცვლილებაზე საუბრობს.

ბიძინა ივანიშვილი: ''ქვეყნები, ხალხი, საზოგადოება ვითარდება და პრიორიტეტები იცვლება, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში პრიორიტეტებს შეცვლით. პრიორიტეტებზე არაერთხელ ვისაუბრეთ და ეს არის ევროპა და ევროატლანტიკური ალიანსი. ჩვენ ურყევად მივყვებით ამ კურსს. პარალელურად, ჩნდება კითხვა - შესაძლოა თუ არა რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების აღდგენა და ამავდროულად, გქონდეს კარგი ურთიერთობა ნატო-სთან, ისწრაფოდე მისკენ, გქონდეს კარგი ურთიერთობა ამერიკასთან და ნატო-ს წევრ-ქვეყნებთან. მე ვფიქრობ, რომ ქართველებისთვის სომხეთი კარგი მაგალითია, რომელიც კარგ ურთიერთობაშია რუსეთთან და მეგობრული ურთიერთობები აქვს ამერიკასთან და ნატო-ს სხვა წევრ-ქვეყნებთან.

შესაბამისად, ეს ყველაფერი შესაძლებელია და მივიჩნევ, რომ ვალდებულები ვართ და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფრის შეთავსებას შევძლებთ',- განაცხადა ივანიშვილმა.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები