მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ირაკლი ალასანია - ავღანეთიდან ქართული კონტინგენტის გამოსვლა 2014 წლიდან დაიწყება

ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა ის ტვირთი და ვალდებულებაა, რომელიც საქართველომ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აიღო , - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა.
მისი თქმით, საქართველო მისიაში მონაწილეობას განაგრძობს და ავღანეთიდან ქართული კონტინგენტის გამოსვლა მხოლოდ 2014 წლიდან, ქვეყანაში სამშვიდობო მისიის დასრულების შემდეგ დაიწყება.
'ძალიან მძიმეა ისაუბრო მისიის გაგრძელებაზე, ამ პოლიტიკის გაგრძელებაზე, როდესაც სულ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ქართველი ვაჟკაცი დავკარგეთ. მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, ეს არის ის ტვირთი, რაც საქართველომ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აიღო. ასეთი ტრაგედიისგან დაზღვეული არავინაა. გაგრძელდება ეს მისია, ვიდრე არ დასრულდება ჩვენი მისია. 2014 წლისთვის იწყება და იგეგმება პრაქტიკულად საერთაშორისო ძალების გამოსვლა ავღანეთიდან. სწორედ, ამის მერე ჩვენ დავიწყებთ ზრუნვას ჩვენი ბიჭების სამშობლოში დაბრუნებაზე', - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. 
მისივე თქმით, როგორც მომავალი თავდაცვის მინისტრის მთავარი საზრუნავი იქნება ჯარისკაცის უზრუნველყოფა ყველა საჭირო რესურსით, რათა მან თავისი მისია ღირსეულად შეასრულოს. 
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჰელმანდის პროვინციაში დაღუპული კაპრალის, მინდია აბაშიძის ოჯახსაც მიუსამძიმრა. ამ მიზნით ალასანია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში აბაშიძის ოჯახში პანაშვიდზე იმყოფებოდა. 
'ძალიან დიდი ტრაგედიაა. მინდია აბაშიძე არის გმირი. ის იცავდა მთელი მსოფლიოს და ქართველების ღირსებას ავღანეთში ანტიტერორისტულ ბრძოლაში. ძალიან დიდი დანაკლისია ოჯახისთვის. ვუსამძიმრებთ ოჯახს და პატივს მივაგებთ მის ხსოვნას. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, უფრო მეტად გავაგრძელოთ ზრუნვა ჩვენს მეომრებზე, ჩვენს ჯარისკაცებზე, განსაკუთრებით კი მათზე, ვინც ფრონტის ხაზზეა და იცავს ჩვენს ღირსებას', - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. 
1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებული მინდია აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. ის სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 2010-2011 წლებშიც მონაწილეობდა.
იხილეთ ვიდეო: 2014 წლის შემდეგ ჩვენ დავიწყებთ ზრუნვას ჩვენი ბიჭების ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნებაზე - ირაკლი ალასანია

ინტერპრესნიუსი

ე.შ 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები