მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ირაკლი ალასანია - ჩემი მთავარი ამოცანაა, არ დავუშვა რუსეთსა და საქართველოს შორის ესკალაცია

მე ვარ იმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რასაკვირველია, ჩემი მთავარი ამოცანაა , არ დავუშვა მომავალში რუსეთსა და საქართველოს შორის ესკალაცია, - ამის შესახებ BBC-ის რუსულ სამსახურთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.
'მე ვარ იმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რასაკვირველია, ჩემი მთავარი ამოცანაა, არ დავუშვა მომავალში რუსეთსა და საქართველოს შორის ესკალაცია. ეს არის პრაგმატიზმის პოლიტიკა, რომლისკენაც მიმართულია ბიძინა ივანიშვილის ახალი მთავრობის კურსი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვალდებული ვართ, გვქონდეს რუსეთთან ურთიერთობა იმის მიუხედავად, რომ 4 წლის წინ ჩვენს შორის ომი იყო. ვფიქრობ, სავაჭრო-კულტურული ურთიერთობებით უნდა დავიწყოთ. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ უახლოეს მომავალში რუსეთი შეიცვლის შეხედულებებს საქართველოს პრიორიტეტებზე, იყოს ნატო-ს ან ევროკავშირის წევრი ან შეიცვლის დამოკიდებულებას ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში. თუმცა, ჩვენ რაღაცით უნდა დავიწყოთ და ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილისა და ჩვენი მთავრობის პრაგმატული მიდგომა შედეგებს მოიტანს', - აღნიშნა ალასანიამ. 
ჟურნალისტის კითხვას, წინამორბედ გენერალ ყურაშვილის მსგავსად, შეუძლია თუ არა დაასახელოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონკრეტული ვადები, ალასანია პასუხობს, რომ საქართველოს მთავრობას რეალობის სამხედრო ჩარევის გზით შეცვლის გეგმები არ აქვს. 
როგორც თავდაცვის მინისტრი აცხადებს, ურთიერთობის ნორმალიზება აფხაზებსა და ოსებთან კონფლიქტის გზით წარმოუდგენელია. 
'ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვიპოვოთ საშუალებები, რომელთა დახმარებითაც ჩვენ შევძლებთ მათთან მჭიდრო თანამშრომლობას ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ და სხვა სფეროებში. ვფიქრობ, ეს ძალიან სწორი მიდგომაა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, მომავალში მივაღწიოთ მეტ ურთიერთკავშირს აფხაზებს, ოსებსა და ქართველებს შორის. შემდეგ კი შეგვეძლება მოლაპარაკება პოლიტიკურ სტატუსზე. თუმცა ჯერ ადრეა. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩვენ, აფხაზებმა და ოსებმა დავიწყოთ დიალოგი არა პოლიტიკურ საკითხებზე, არამედ ისეთებზე, რომელთა გადაწყვეტა ჩვენს ხალხებს სჭირდება', - განაცხადა ალასანიამ. 
მისივე თქმით, ჟენევის პროცესი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფორუმია. როგორც თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, ის, რასაც პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობაში აკეთებს, ეხება მხოლოდ სავაჭრო და არა პოლიტიკურ საკითხებს. 
'პოლიტიკური საკითხები, მათ შორის კონფლიქტები, ჟენევაში განიხილება და საქართველოს ახალი ხელისუფლება ამ პოზიციას მხარს უჭერს. რაც შეეხება ძალის გამოუყენებლობის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერას, საქართველოს პრეზიდენტმა ნახევარი წლის წინ ევროკავშირში განაცხადა, რომ სახელმწიფო იღებს სამხედრო მოქმედებების განუახლებლობის ვალდებულებას და ეს სხვადასხვა ფორმატებში ჩვენც არაერთხელ დავადასტურეთ. ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ასეთი ნაბიჯები რუსეთმაც გადადგას. საერთოდაც ომი იყო საქართველოსა და რუსეთს შორის. რუსეთმა განახორციელა სუვერენული საქართველოს ოკუპაცია. ასე, რომ ეს არის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და ის ჩვენ ერთობლივად უნდა გადავწყვიტოთ. თუ რუსეთი ანალოგიურ ნაბიჯებს გადადგამს, ეს მისი მხრიდან ძალიან კონსტრუქციული იქნება', - განაცხადა ალასანიამ. 
ჟურნალისტის კითხვას, მზად არის თუ არა საქართველო, ხელი მოაწეროს დეკლარაციას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, ალასანია დასტურით პასუხობს, თუმცა აცხადებს, რომ ეს რეალობის ადეკვატური უნდა იყოს. 
'რეალობა კი ისეთია, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია, ის კი ჩვენი დეკლარაციის ნაწილი უნდა იყოს', - აღნიშნა ალასანიამ. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები