მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ირანი კვლავ იმუქრება, აშშ კი ახალ სამხედრო ოპერაციას გეგმავს

 

მიუხედავად მოლაპარაკებების დაწყებისა, ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები, დასავლეთის მისამართით, მუქარის განცხადებებს კვლავ ავრცელებენ. ისლამური რესპუბლიკის ელჩმა ლიბანში, კაზანფარ როკნაბადიმ განაცხადა, რომ ირანი საკადრის პასუხს გასცემს ნებისმიერ აგრესიას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან ან ისრაელიდან წამოვა. ელჩის თქმით, ასეთ შემთხვევაში, „სიონისტური სახელმწიფო' ან ამერიკული ბაზები რეგიონში, 11 ათას სარაკეტო დარტყმას მიიღებენ.  

„თუ სიონისტური რეჟიმი დაუშვებს შეცდომას და თავს დაესხმება ირანს, ჩვენ შესაბამისად ვუპასუხებთ' - განაცხადა ირანელმა დიპლომატმა, ბეირუთში, რეგიონალური განვითარების კონფერენციაზე გამოსვლისას.

შეგახსენებთ, რომ 8 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მოლაპარაკებების შეფასებისას, ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, ობამას პოზიციას მაღალი შეფასება მისცა. როგორც ცნობილია, ობამა ომის წინააღმდეგ გამოვიდა. აიათოლას თქმით, აშშ-ის ხელმძღვანელობის პოზიციის ცვლა, მიუთითებს იმას, რომ ვაშინგტონი ილუზიებისაგან თავისუფლდება.  

2012 წლის დასაწყისში კი, ირანის ლიდერის მრჩეველმა, ალი რეზა ფორგანიმ, სტატია გამოაქვეყნა, სადაც აიათოლას ოფიციალური პოზიცია გააჟღერა. ისლამური რესპუბლიკის სულიერი წინამძღოლი აცხადებდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი თავს დაესხმება ირანს, ისლამური რელიგიური პრინციპების მიხედვით, მათ ქვეყანას სრული უფლება ექნება, ჯიჰადი გამოუცხადოს მას და საპასუხო დარტყმა მიაყენოს.

ამასობაში, ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღება სირიისკენ კონცენტრირდა. გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სამშვიდობო ინიციატივების მიუხედავად, ვაშინგტონი, საკუთარ მოკავშირეებთან, სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ძალების გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია, რიგ ოფიციალურ, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობითვე, კოალიციის პოტენციურ მონაწილეებს შორის, აზრთა ერთიანობა არ არსებობს, ამიტომ მათ შორის აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები