მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ირმა ნადირაშვილი - აეროპორტში წუხელ სპეცრაზმი იყო მობილიზებული

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ყოფილ პრემიერს, ვანო მერაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორია წუხელ პრეზიდენტის ესკორტით არ დაუტოვებია. 
'შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ ვანო მერაბიშვილი ყალბი პასპორტით აპირებდა ქვეყნიდან გასვლას, მაგრამ იმისთვის, რომ პრეზიდენტის დელეგაციის ვიზიტი არ შეეფერხებინა, მისთვის შეკითხვები არ დაუსვამთ. მათ განაცხადეს, რომ ვანო მერაბიშვილმა პრეზიდენტის ესკორტით დატოვა აეროპორტის ტერიტორია და ამის გამო მათ ისევ არ დაუსვეს შეკითხვები. მე გახლდით იქ და მინდა გითხრათ, რომ ეს განცხადება არის სრული ტყუილი. ვანო მერაბიშვილმა ტრაპიდან ჩამოსვლის შემდეგ სასაზღვრო კონტროლამდე მთელი მანძილი ფეხით გაიარა და შემდეგ მან თავისი მანქანით და არა პრეზიდენტის ესკორტით, დატოვა აეროპორტის ტერიტორია, თუმცა წუხელ ასეთი კითხვა არ დაუსვამთ', - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, აეროპორტში წუხელ სპეცრაზმი იყო მობილიზებული, სპეცოპერაციას კი,  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალეკო ტაბატაძე ხელმძღვანელობდა. 
აღნიშნულის კონტექსტში ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ ისინი აეროპორტის ვიდეოკამერებით დაფიქსირებული შესაბამისი მასალების გასაჯაროებას და გამოქვეყნებას მოითხოვენ.
ამასთან, ნადირაშვილი ფიქრობს, რომ 'ნაციონალური მოძრაობის' წევრების საწინააღმდეგო კამპანიის მთავარი სცენარისტი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილია.
'ჩვენი ვარაუდით, ეს დრო შსს-ს სჭირდებოდა იმისთვის, რომ კარგად დაედგა აბსურდის თეატრი და რაც მთავარია, ამ სპექტაკლის სცენარი შეეთანხმებინა მთავარ სცენარისტ ბიძინა ივანიშვილთან. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს ხდება პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით - სწორედ მისი სურვილით მიმდინარეობს პოლიტიკური დაჭერები და 'ნაციონალური მოძრაობის' წევრების დევნა. ეს სწორედაც რომ შერჩევითი სამართალია', - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები