მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კალაძის სამუშაო მაგიდაზე დევს კონცეფცია, რომლის მიხედვით, თბილისში გაზის ტარიფის 50-დან 26 თეთრამდე შემცირებაა შესაძლებელი

ქართული საზოგადოება ტარიფების შემცირების მოლოდინშია. მთავრობაში მოსული ახალი ხელისუფლება კი აქტიურად ცდილობს, მოსახლეობისთვის წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე გაზის და ელექტროენერგიის გაიაფებას შეეხება, შეასრულოს. თუმცა არჩევნებიდან თითქმის ორი თვის თავზე, ქვეყნის ახალი ეკონომიკური გუნდი აცნობიერებს რა იმ საკითხს, რომ ეს არც ისე მარტივია, აცხადებს, რომ 'რამდენად არის შესაძლებელი, ტარიფების შემცირება, უახლოეს მომავალში გაირკვევა'. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აქტიურად მართავს შეხვედრებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახი კალაძე. 9 ნოემბერს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთად აზერბაიჯანის ნავთობკომპანია 'სოკარის' გენერალურ დირექტორ როვნაგ აბდულაევთან შეხვედრის შემდეგ, როგორც კალაძემ, ისე ივანიშვილმა ერთხმად განაცხადეს, რომ ქვეყანა აზერბაიჯანიდან გაზს 'საინტერესო ფასად' იღებს და გაზზე ფასის მატება შიდა ბაზარზე ხელოვნურად ხდებოდა. 

დღეს კი, კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, რომ გაზის ტარიფის შემცირებაზე საუბარი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელის ზურაბ ჯანჯღავას შეცვლის შემდეგ დაიწყება. 

'ტარიფი მაშინ გადაიხედება, როცა ნავთობისა და გაზის კორპორაციას ხელმძღვანელი შეეცვლება', - აღნიშნა კალაძემ.

თავის მხრივ, თბილისში გაზის ტარიფის 50-დან 26 თეთრამდე შემცირებას შესაძლებლად მიიჩნევს, კოალიცია 'ქართული ოცნების' წევრი, აკადემიური დოქტორი თენგიზ ჯავახიშვილი, რომელმაც წინასაარჩევნოდ, კოალიციისთვის ...'საქართველოს სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის, როგორც საბაზისო დარგის განვითარების კონცეფცია-პროგრამა' შეიმუშავა და რომელიც, მისივე თქმით, კახი კალაძეს სამუშაო მაგიდაზე უდევს.  

ჯავახიშვილი 'პირWელს' მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც სააგენტოს ვებ-გვერდზე (http://pirweli.com.ge/?menuid=16&id=19691) საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის ჟურნალ 'Business Time Georgia'-სთვის მიცემული ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც ის აცხადებს, რომ 'ტარიფების შემცირება შეუძლებელია, რადგან მან შესაძლოა, ჯამში ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვიოს'.

აღნიშნულ მოსაზრებას თენგიზ ჯავახიშვილი არ ეთანხმება.

'დარწმუნებული ვარ და მაქვს არგუმენტები იმის თაობაზე, რომ თბილისში გაზის ტარიფი შესაძლოა, განახევრდეს. ჩემ მიერ შემუშავებულ კონცეფციაში მე არ ვეხები მოცემულ მომენტში საზღვარგარეთიდან მოწოდებული გაზის ღირებულებებს საზღვრამდე. ჩემი კონცეფცია აგებულია საქართველოს შიგნით იმ სქემებს და იმ მოწოდებებს შორის, რომელიც ტარიფის მიღებას უზრუნველყოფს. საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ინტერვიუში საუბრობს იმაზე, თუ რა ტარიფები არსებობს და როგორია გაზის ღირებულებები. მე ამაში ვეთანხმები, მაგრამ არის სხვა მხარეებიც. მე ვიცი, თუ გაზის რა მოცულობა სჭირდება საქართველოს, რომლის ყოველწლიურ ბალანსს ადგენს ენერგეტიკის სამინისტრო. ხეთაგურს გამორჩენილი აქვს საკითხები, რომელსაც მე დავაზუსტებ. კერძოდ, არ ვიცი ალექსანდრე ხეთაგური რომელ დროზე საუბრობს, როცა წერს, რომ საქართველო წელიწადში 1 მლრდ 800 მლნ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს. შევნიშნავ, რომ იყო დრო, 1990-იანი წლების დასაწყისში, როცა საქართველო მოიხმარდა 6 მლრდ. მ3 მოცულობაზე მეტ გაზს, სამწუხაროდ, დღეს ასეთი მოხმარება არ გვაქვს. მე მაქვს მონაცემები 2010, 2011 (ამ წლებში საშუალოდ 1.6 მლრდ. მ3) და 2012 წლების. მაგალითად, 2012 წელს სამინისტროს მიერ მომზადებულ გაზის მოხმარების ბალანსში მითითებულია 1 მლრდ 400 მლნ კუბური გაზი. ანუ უფრო ნაკლებს მოვიხმართ. ლოგიკურად გამოდის, რომ ხეთაგური, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს მიერ გაზის წლიური მოხმარება 1 მლრდ 800 მლნ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს, 400 მლნ-ს მ3 ზედმეტად იყენებს, რის გამოც ცხადია, საერთო ბალანსში შეღავათიანი გაზის ღირებულებების ხვედრითი წილი მცირდება, ანუ ცხადია იზრდება გაზის შეწონილი ღირებულება. ამდენად, 2012 წელს, როცა ჩვენ ვიმყოფებით მოცემულობაში, რომ გვჭირდება 1 მლრდ 400 მლნ გაზი, ამასთან, ყოფილი მინისტრი გვეუბნება, რომ გაზის შეწონილი, შესასყიდი ღირებულება 143 აშშ დოლარია, ანუ საქართველოს მთლიანი მოხმარების მითითებულ ბალანსში ითვალისწინებს, როგორც სამომხმარებლო, ისე კომერციული მოხმარებისთვის გაზს, ე.ი მივიღეთ, რომ ის 240 აშშ დოლარიანი კომერციული გაზი საერთოდ დღევანდელ მოცემულობაში არ გვჭირდება', - განაცხადა ჯავახიშვილმა. 

ამასთან, ჯავახიშვილი ამტკიცებს, რომ 2007 წელს, როდესაც ფუნქციონირება დაიწყო სამხრეთ-კავკასიურმა მილსადენმა, ანუ ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენმა, იქიდან საქართველოს, როგორც ტრანზიტორ ქვეყანას, გატარებული გაზის 5% ეკუთვნის 55 აშშ დოლარად, რაზეც ენერგეტიკის ყოფილი მინისტრიც საუბრობს, თუმცა ასევე საქართველოს გატარებული გაზის 5% უფასოდაც ეკუთვნის და კიდევ 500 მლნ. მ3 დამატებითი გაზი, ფასი 55 აშშ დოლარი ყოველ ათას კუბურ მეტრზე, გამრავლებული ყოველი თვის საერთო თბოუნარიანობის მაჩვენებელზე და გაყოფილი 8500-ზე, რომელიც პირველი წლის გასვლის შემდგომ, ყოველწლიურად გაიზრდება 1.5 %-ით.

'პირWელის' კითხვაზე - პირადად ჯავახიშვილს აქვს თუ არა ის კონტრაქტი ნანახი, რომლის მიხედვით, საქართველოს ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენში გატარებული გაზის 5% უფასოდ, ეკუთვნის, მან განაცხადა, რომ კონტრაქტი პირადად არ უნახავს, მაგრამ იცის, რომ ასეა. 

გარდა ამისა, თენგიზ ჯავახიშვილს წინა ხელისუფლებასთან პრეტენზიები აქვს იმ მიმართულებითაც, თუ რატომ იღებს საქართველო რუსეთ სომხეთის ტრანზიტისგან გაზს 110 დოლარად, როცა კონტრაქტის თანახმად, ჩვენს ქვეყანას გატარებული გაზის 10% ნატურის სახით ეკუთვნის.

'წინა წლებში საქართველო რუსეთ-სომხეთის ტრანზიტისგან გატარებული გაზის 10%-ს უფასოდ, ნატურის სახით იღებდა. აღნიშნული ვიცი იქიდან, რომ 'ნავთობისა და გაზის კორპორაციაში' ვმუშაობდი. ყოველ შემთხვევაში 2007 წლამდე ასე იყო, ამას ვამბობ 100% დარწმუნებით. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ხელშეკრულება არ მაქვს.  ახლა კი, როცა 110 დოლარად ვიღებთ, ბუნებრივია, ეს საკითხი მიღწეულია საქართველო- სომხეთს შორის, მაგრამ საკითხავია, რამდენად სასარგებლოა, ეს საქართველოს მოსახლეობისათვის და რა უარყოფითი მნიშვნელობა აქვს ამას ეკონომიკურად? - ჩვენ რომ დავადგინოთ საქართველოს შიგნით, საზღვარზე გაზის შეწონილი ღირებულება, ეს უნდა ავსახო თავისი ღირებულებით, რაც გვინდა-არ გვინდა, აძვირებს გაზის შესასყიდ ფასს საქართველოს გეოგრაფიულ საზღვარზე, ეს კი პირდაპირ კავშირშია სამომხმარებლო ტარიფის გაძვირებასთან, მაგრამ თუ მე მექნება გაზის გარკვეული მოცულობა ნატურის სახით და მას ჩავთვლით, როგორც უფასო გაზად, მაშინ შეწონილი ფასი კიდევ უფრო მცირდება. ანუ ეს პარამეტრები სამომხმარებლო ტარიფში აისახება პირდაპირ პროპორციულად, შეღავათიან ფასად, ვიდრე ამ ციფრებით', - აღნიშნა ჯავახიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ თენგიზ ჯავახიშვილი გაზის ტარიფის დადგენას დოგმად არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს არის დინამიური პროცესი და შეიძლება, ტარიფი წლის განმავლობაში ორჯერაც იცვლებოდეს.

'მაგალითად, სეზონური ტარიფი ზაფხულის და ზამთრის პერიოდისათვის.  ასევე შეიძლება, ისეთი დინამიური პროცესები განვითარდეს, რომ წლის განმავლობაში გაზის ტარიფი შეიცვალოს - გაიზარდოს ან შემცირდეს, კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით ინფლაციური პროცესებისას ვალუტის კურსთა სხვაობა თუ იქნება 7%,  იგი ასახული უნდა იქნეს ტარიფში, ასევე ჩემი წინადადებით უნდა განისაზღვროს ის საორიენტაციო დამატებითი მოცულობა, რომელიც საქართველოსათვის დამტკიცებული ყოველწლიური ბალანსთან მიმართებაში, მოახდენს მნიშვნელოვან გავლენას გაზის შეწონილი ღირებულების ცვლილების კუთხით, ანუ თუ საჭირო გახდა ასეთი მოცულობის ასახვა საერთო ბალანსში, მაშინ სავალდებულო იყოს ტარიფის ცვლილება, ასევე გასათვალისწინებელია ფორს-მაჟორული სიტუაცია და არა ისე, როგორც წინა ხელისუფლება წლების განმავლობაში იქცეოდა. რა მაქვს მხედველობაში? - 2007 წელს, როდესაც სემეკ-მა თბილისელებისთვის დაადგინა სამომხმარებლო ტარიფი - 50 თეთრი, მაშინ საქართველო გაზს იღებდა 120 დოლარად (წყარო: გაზეთი 'რეზონანსი' 2008 წლის 22 იანვრი), ყოველივე ამის შემდეგ, როდესაც ექსპლუატაციაში შევიდა 2007 წელს სამხრეთ-კავკასიური მილსადენი, რის გამოც საქართველოს, როგორც ტრანზიტორ ქვეყანას, გატარებული გაზის 5% ეკუთვნოდა 55% აშშ დოლარად, 5% უფასოდ და კიდევ იმ დროისათვის დამატებითი მოცულობა 200 მლნ. მ3 (ექსპლუატაციაში შესვლიდან პირველ წელს 200 მლნ. მ3, მე-2 და მე-3 წელს 250 მლნ. მ3, მე-4 და მე5 300 მლნ. მ3, მე-6 დან მე-20-მდე 500 მლნ. მ3.) მაინტერესებს უნდა ასახულიყო თუ არა ეს ფაქტორი გაზის ტარიფზე და იგი გამოიწვევდა თუ არა ცვლილებას წლების მიხედვით?!' - აღნიშნა ჯავახიშვილმა. 

რაც შეეხება უშუალოდ თენგიზ ჯავახიშვილის მიერ შემუშავებულ კონცეფციას, რომლის თანახმად, შესაძლებელია, თბილისში გაზის ტარიფი 50-დან 26 თეთრამდე შემცირდეს, კონცეფციის ამოსავალი წერტილი სამომხმარებლო და კომერციული (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) გაზის შესასყიდი, შეწონილი ფასის გაერთიანებასა და საქართველოსთვის, როგორც ტრანზიტორი ქვეყნისთვის, არსებული შეღავათების გამოყენებაში მდგომარეობს. 

'კერძოდ, როგორც უკვე აღვნიშნე, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენიდან გვეკუთვნის გატარებული გაზის 5% 55 დოლარად და 5% უფასოდ, კიდევ 500 მლნ. მ3, ზემოთ აღნიშნული ღირებულებით და ასევე უფასოდ, ნატურის სახით უნდა გვეკუთნოდეს გატარებული გაზის 10% რუსეთ-სომხეთის ტრანზიტისგან. საქართველოსთვის საჭიროების სახით, ავიღე 1 მლრდ 600 მლნ კუბური გაზი და ამაზე გავაკეთე გათვლები. ჩემი შესასყიდი შეწონილი ღირებულება რეალური გათვლებით მივიღე დაახლოებით 96.8 აშშ დოლარი 1000 კუბურ მეტრ გაზზე გეოგრაფიულ საზღვარზე, რაც დაახლოებით, 160 ლარია. ამის შემდეგ ჩემს კონცეფციაში ავსახე ტრანსპორტირების ფასი, რომელიც 'ყაზსტრანსაგაზისთვის' დღგ-ის ჩათვლით 16 თეთრია, მოვიტანე თბილისში, მოვახდინე განაწილება. გარდა ამისა, ასევე არ შეიძლება 'ყაზსტრანსგაზის' საერთო ხარჯებში ხელფასის ფონდი საექსპლუატაციო ხარჯებთან მიმართებაში იყოს 42% და ჩემს კონცეფციაში ის მოვიყვანე გონივრულ ნიშნულამდე - 25%-მდე. ('პირWელის' კითხვაზე - რამდენად მართლზომიერია, სახელმწიფო, კერძო კომპანიის საქმიანობაში ჩაერიოს და სახელფასო ფონდი განუსაზღვროს, ჯავახიშვილმა აღნიშნა, 'ყაზტრანსგაზი' მართვის უფლებით გადაცემულია ენერგეტიკის სამინისტროსთვის და ასევე, ტარიფს ამტკიცებს სემეკ-ი, რომელმაც ყოველი ციფრი გონივრულ საზღვრებში უნდა დაამტკიცოს და არა ისე, რასაც გამანაწილებელი კომპანია წარმოგიდგენს)  ასევე არ შეიძლება დანაკარგები ასეთი დიდი იყოს, კერძოდ 10%-მდე. ჩემი გათვლები ეფუძნება 5%-ს, რაც ცხადია, მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს, ეს უკანასკნელი კი - ტარიფს. ამასთან, სემეკ-ს რეგულირების საფასურის სახით, მიაქვს დაახლოებით 3 თეთრი. ასევე მნიშვნელოვანია, საქართველოს გეოგრაფიული საზღვრიდან გაზის მიწოდების დღეს მოქმედი სქემისაგან განსხვავებით ჩემი წინადადება, რომლის გარეშეც შეუძლებელია საუბარი ტარიფის შემცირებაზე, რომელიც ეფუძნება შემდეგს: ნავთობისა და გაზის კორპორაცია', როგორც სატრანზიტო მოცულობების მფლობელი და განმკარგავი, ამასთან ერთად უნდა იყოს საქართველოს მთლიანი მოხმარების მოცულობების გამკარგავიც, ანუ უნდა იყოს ბუნებრივი გაზის მიწოდების პროცესების წარმართველი და მან უნდა შესთავაზოს ქვეყანაში ფუნქციონირებად გაზის მომხმარებელ კომპანიებს გაზის შეწონილი შესასყიდი ფასი. საერთო ჯამში, ბილისის მომხმარებლებისათვის ამ გათვლებით მე მივიღე გაზის ტარიფად 26 თეთრი.  ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით შევნიშნავთ, რომ ბუნებრივი გაზის ბაზარზე  დღეს დამკვიდრებული წესების - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს 2007 წლის 25 სექტემბრის 'ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივ დერეგულირების შესახებ' ბრძანების მიმართ, ჩემ მიერ წამოყენებული წინადადება მოდის წინააღმდეგობაში, აქედან გამომდინარე, საჭიროა, განხილული იქნას ამ ბრძანების ეკონომიური ეფექტურობა ქვეყნისათვის. ვინაიდან ქვეყანა იმყოფება გარდამავალ ეტაპზე და მომხმარებელთა გადახდის შესაძლებლობები შეზღუდულია, ამიტომ გადაუდებელ საშურ საქმედ მიმაჩნია, ქვეყნის შიგნით გაზის ბაზარზე ჩემ მიერ მითითებული ქცევის წესების დამკვიდრება, რაღაც პერიოდით მაინც. ამ სქემით 'ნავთობისა და გაზის კორპორაციას' ენიჭება ის ფუნქცია, რაც მან უნდა განახორციელოს ქვეყნისათვის და არა ის, რაც გაჟღერებული იყო პარლამენტის შენობის მშენებლობისათვის 50 მლნ ლარით დაფინანსებასთან დაკავშირებით. ჩემი ღრმა რწმენით, ამ თანხით შეიძლებოდა დაწყებულიყო 500 მლნ მ3 გაზსაცავის მშენებლობა, რომელიც ექსპერტთა და უცხოელი სპეციალისტების დასკვნებით 50-60 მლნ აშშ დოლარი ჯდება, რაც ცხადია, დადებით გავლენას იქონიებდა გაზის მიწოდების დინამიკაზე და ტარიფის შემცირებაზე. ასევე ალბათ, საინტერესოა, აღინიშნოს, უახლოეს წლებში საქართველოს სატრანზიტო მოცულობებით მომარაგების პერსპექტივების შესახებ, კერძოდ, თუ სრულად მოხდება სამხრეთ-კავკასიური მილსადენის დატვირთვა (მაგ. პროექტის მიხედვით 2012 წლისათვის ტრანზიტად უნდა იყოს 10.0 მლრდ. მ3) და თუ 2017 (ტრანზიტი 16.0 მლრდ. მ3 პირველ ეტაპზე, ხოლო მე-2 ეტაპზე 24.0 მლრდ. მ3) წლისათვის ექსპლოატაციაში შევა თურქეთის მხარესა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული 'ტანაპის' პროექტი, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ტარიფის შემცირება მნიშვნელოვანი სიდიდით', - განმარტა ჯავახიშვილმა.      

სააგენტომ თენგიზ ჯავახიშვილს სთხოვა, უფრო დეტალურად, ციფრებში გაეწერა ის ფორმულა, რითაც ის ამტკიცებს, რომ თბილისში გაზის ტარიფის 50-დან 26 თეთრამდე შემცირებაა შესაძლებელი, თუმცა მან აღნიშნა, რომ ამას ვერ გააკეთებდა, რადგან 'არსებობს გაანგარიშების სქემა, რომელშიც პარამეტრების სახით, დაახლოებით, 57 პარამეტრი შედის. მაგალითად, გაზის დანაკარგები, ძირითადი ფონდების ამორტიზაცია, ძირითადი ფონდების სარემონტო ხარჯები, ელექტროენერგია და სხვა'. 

ცნობისთვის, ჯავახიშვილის თქმით,...'საქართველოს სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის, როგორც საბაზისო დარგის განვითარების კონცეფცია-პროგრამა'  'ქართული ოცნების'  'ეკონომიკური პოლიტიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის თემატურ ჯგუფში' იქნა დამუშავებული და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სხვა კონცეფცია არავის წარუდგენია.

 'პირWელი'

ე.შ 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები