მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კაპრალი ვალერი ვერსკიანი საქართველოში ჩამოასვენეს

კაპრალ ვალერი ვერსკიანის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს . საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აეროპორტში ცხედრის ჩამოსვენებას დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები და აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი.
'დღეს გერმანიიდან ჩამოასვენეს კაპრალი ვერსკიანი, რომელიც ჰელმანდის პროვინციაში ოპერაციის დროს დაიჭრა. იგი გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო ამერიკულ სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მაგრამ მიუხედავად მცდელობისა, ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა. მინდა, მივუსამძიმრო უპირველეს ყოვლისა მისი ოჯახის წევრებს, მის თანამებრძოლებს, ვისთვისაც ეს განსაკუთრებით დიდი დანაკარგია, მთელ საქართველოს ასეთი ვაჟკაცის დაკარგვა',- განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა.
აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა სამძიმარი გამოუცხადა კაპრალ ვერსკიანის ოჯახის წევრებს, თანამებრძოლებს, მეგობრებს.
'ამერიკის მთავრობისა და ამერიკელი ხალხის სახელით, მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა კაპრალ ვერსკიანის დაღუპვის გამო. ის შეეწირა სამშობლოს სამსახურს და იმ პრინციპებს, რომლებსაც საქართველო და ამერიკა ამ რეგიონში ემსახურებიან',-განაცხადა ელჩმა.
სამინისტროს ინფორმაციით, კაპრალ ვალერი ვერსკიანის ცხედარი მშობლიურ სოფელში ვერტმფრენით გადაასვენებენ. დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს თავდაცვის სამინისტრო საკუთარ თავზე აიღებს. გარდაცვლილი კაპრალის ოჯახი კანონით განკუთვნილი სოციალური პაკეტით იქნება უზრუნველყოფილი.
კაპრალი ვერსკიანი 32-ე ბატალიონის შემადგენლობაში IშAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან ირიცხება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.
კაპრალი ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას, 5 მარტს ნაღმზე აფეთქდა და მძიმედ დაიჭრა (აფეთქების შედეგად მან ყელის არეში სამი ჭრილობა მიიღო). ის მკურნალობას გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

'ინტერპრესნიუსი'

შ.კ.

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები