მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კახი კალაძე - გაზისა და ბენზინის ტარიფების შემცირება შესაძლებელია

ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატი კახი კალაძე მიიჩნევს, რომ გაზისა და ბენზინის ტარიფების შემცირება შესაძლებელია. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პოსტზე დამტკიცებისთანავე მისი უწყება ამ მიზნით შესაბამის კომპანიებთან კონსულტაციებს დაიწყებს. 
'ჩვენი ინფორმაციით,შესაძლებელია როგორც გაზზე, ისე ბენზინზე ტარიფები შემცირდეს. თუმცა ეს მხოლოდ პირადად ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ამიტომაც თანამდებობაზე დამტკიცებისთანავე ჩემი უწყება შესაბამის კომპანიებთან კონსულტაციებს დაიწყებს', - განაცხადა კალაძემ. 
მისი თქმით, ენერგეტიკის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაა. 
'ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან მიმართებაში და ეს კითხვები დღესაც აქტუალურია. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობას, თუმცა გარკვეულ კონსულტაციებს გავივლით გარემოს დაცვის სამინისტროსთან დიდ ჰესებთან დაკავშირებით. ასევე გადაიხედება ყველა ის ხელშეკრულება, რომელიც მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობას შეეხება. ძალიან მნიშვნელოვანია გავერკვეთ, თუ რამდენად არის ამ კონტრაქტებში გათვალისწინებული სახელმწიფოს ინტერესი', - განაცხადა კალაძემ. 
რაც შეეხება 'საქჰიდროენერგომშენში' 'კალა კაპიტალის' 45%-იან წილს, მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, მის გასხვისებას მაშინვე მოახდენს, როგორც კი პოსტზე დაამტკიცებენ. 
'როცა მე ოფიციალურად დამამტკიცებენ ენერგეტიკის მინისტრად, 10 დღის ვადაში მოხდება ამ წილის გაყიდვა. მე რომ ეს წილი მაშინ გამესხვისებინა, ვთქვათ ჩემს მეგობარზე, როცა კანდიდატად დამასახელეს, ლამაზი არ იქნებოდა. ახლა კი არ მოხდება მისი გასხვისება მეგობარზე და ნათესავზე, ყველაფერი იქნება გამჭვირვალე და ამას საზოგადოება ნახავს', - აღნიშნა კალაძემ, რომელიც მთავრობის სხვა წევრობის კანდიდატებთან ერთად კომიტეტებში დაგეგმილ მოსმენებზე პარლამენტში იმყოფება.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები