მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'კოალიცია ევროპული საქართველოსთვის' - ხორცის გაძვირება ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილების შედეგია

საქართველოში ხორცის გაძვირება ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილების პირდაპირი შედეგია. ამის შესახებ 'კოალიცია ევროპული საქართველოსთვის' წარმომადგენელთა ნაწილის განცხადებაშია ნათქვამი.
კოალიცია აღნიშნავს, რომ ის ყოველთვის მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას, ფრთხილად და მოქნილად დაენერგა ევრორეგულაციები, რადგან მათი ხისტი დანერგვა გარდაუვლად ზრდის ეკონომიკური საქმიანობის დანახარჯებს და ფასების ზრდას იწვევს.
'მალე ფასების ზრდის დონით ევროპას დავეწევით, რაც გააუარესებს ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით გაჭირვებული ნაწილის მდგომარეობას. 'კოალიცია ევროპული საქართველოსთვის' მიიჩნევს, რომ ხორცის გაძვირება ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილების პირდაპირი შედეგია. ნებისმიერი ტიპის აპელირება სასაკლაოების ახლად შექმნილ ბაზრის 'მონოპოლისტურ' მოთამაშეებზე მხოლოდ მოსახლეობის თვალში ნაცრის შეყრის მცდელობაა', - აცხადებენ კოალიციის წევრები.
კოალიცია მიესალმება ამ საკითხთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძის 'გულწრფელ განცხადებას, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა აღიარებს საკუთარ პასუხისმგებლობას'.
'ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროპასთან ურთიერთობების გაღრმავებას, მაგრამ ვინაიდან ევრორეგულაციები იწვევს დანახარჯების ზრდას და წაახალისებს არალეგალურ სექტორს, მთავრობა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. სწორედ, რომ ჩვენი მთავრობის ვალდებულებაა, დეტალურად გააანალიზოს ევრორეგულაციების მიღების შესაძლო ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე. სხვანაირად ევრორეგულაციების მიღებით გამოწვეული ნეგატიური შედეგების შემთხვევაში, როგორც ეს ხორცის შემთხვევაში მოხდა, ევროკომისია ყოველთვის აირიდებს პასუხისმგებლობას სწორედ იმ ფორმით, რომლითაც ეს ხუან ეჩანოვემ გააკეთა' - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერს კოალიციის 18 წევრი, მათ შორის ლევან ჩოლოყაშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ქეთევან გაბიანი, მიხეილ თავხელიძე, ზურაბ ჯაფარიძე, თამარ ჩერგოლეიშვილი, ლევან რამიშვილი.
ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ საქართველოში ხორცის გაძვირება უკავშირდება ევროკავშირის მოთხოვნას, რომელიც ბაზრისთვის მხოლოდ სასაკლაოებზე დაკლული საქონლის ხორცის მიწოდებას ეხებოდა. ბარამიძის თქმით, საქართველოს მთავრობის ამოცანაა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერამდე, მოწესრიგდეს შესაბამისი კანონმდებლობა და სფერო.
საპასუხოდ, საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის წევრმა ხუან ეჩანოვემ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ევროკომისიას არასოდეს უთხოვია ქართული მხარისთვის დაუყოვნებლივ შემოეღო რეგულაცია, რომელიც ბაზარზე მხოლოდ სასაკლაოზე დაკლული ხორცის შეღწევას უზრუნველყოფდა, მით უმეტეს, არ ყოფილა მოთხოვნა, რომ ეს რეგულაცია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დაწყებისთვის აუცილებელი წინაპირობა ყოფილიყო.

ინტერპრესნიუსი

მ.ბ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები