მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კონსტანტინე ჩიკვილაძე: ნინო ბურჯანაძის განცხადება - ღირსების ნაპერწკალი ქართულ პოლიტიკაში

'დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს' ლიდერმა, ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ მისი პარტია არ მიიღებს 1 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას.
'მივიღეთ პოლიტიკური ძალისათვის უმძიმესი, მაგრამ ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - არ მივიღოთ მონაწილეობა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, რათა ხელი არ შევუწყოთ ოპოზიციის მომხრე ელექტორატის ხმების დაფანტვას...'- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ამ განცხადებას წინ უძღოდა 'დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს' და 'სახალხო კრების' თავდაუზოგავი და თანმიმდევრული ბრძოლა არსებულ რეჟიმთან, ქალბატონმა ბურჯანაძის არაერთხელ განაცხადა იმის შესახებ, რომ შექმნილ კრიტიკულ მდგომარეობაში ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში 'ნაციონალური მოძრაობის' დამარცხება, პარლამენტში რეალურად ოპოზიციური ძალების უმრავლესობით მოსვლა და დემოკრატიული, სისტემური ცვლილებების უზრუნველყოფაა, რისი მიღწევაც მხოლოდ ერთიანი ოპოზიციური ფრონტის ჩამოყალიბებით და კოორდინირებული მოქმედებით არის შესაძლებელი, რამაც სამწუხაროდ ვერ ჰპოვა გამოხმაურება და განხორციელება, პირველ რიგში, კოალიცია 'ქართული ოცნების' მხრიდან. 
არადა, რეალურად ოპოზიციური ძალების გაერთიანება და ერთიანი ფრონტით შეტევა პირველ რიგში საზოგადოების მოთხოვნაა. 'ქართული ოცნება' და მისი ლიდერი აშკარად ცდებიან, როდესაც ვითომ 'იდეოლოგიური' მოტივის გამო უარს აცხადებენ ამგვარ ერთიანობაზე, ეს ასუსტებს თავად 'ქართულ ოცნებასაც' და ზრდის 'ნაციონალების' შანსებს. სავალალოა ისიც, რომ თავად ივანიშვილი ერთის მხრივ საკუთარი თავის წარმოჩენას ცდილობს ძლიერ ლიდერად, მაგრამ ამავე დროს ყურს უგდებს თავისი გარემოცვის ყველაზე არაპოპულარული, შეიძლება ითქვას - მარგინალური წარმომადგენლების რჩევებს და მათ პრეტენზიებს ანგარიშს უწევს, რითაც საერთო-ეროვნულ საქმეს აზარალებს. 
ნინო ბურჯანაძე ქართულ პოლიტიკაში სხვა მასშტაბის ფიგურაა, მთელი რიგი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, საკუთარ იდეოლოგაზე უარის თქმის და ღირსების შელახვის ხარჯზე ბიძინა ივანიშვილის მზის ქვეშ ადგილის მოპოვებას იგი ნამდვილად არ ისურვებდა და არ ისურვა კიდეც. 
ნინო ბურჯანაძე თანმიმდევრულად და ღირსეულად სთავაზობდა ოპოზიციურ სპექტრს ძალზედ გონივრულ და კონსტრუქციულ წინადადებებს და, როდესაც დარწმუნდა, რომ ეს უშედეგო მცდელობა იყო, ჩამოშორდა საარჩევნო მარათონს, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართულ პოლიტიკაში ძალიან ცოტაა ნამდვილი ჯენტლმენი, ხოლო თავად ნინო ბურჯანაძე დღევანდელ საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთ უპირობო პოლიტიკურ ლიდერს, რომელსაც ღირსება ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს.
ფაქტია, რომ ქართული საზოგადოება არც ადრე იყო და არც ახლა არის განებივრებული მსგავსი ჟესტებით პოლიტიკური სპექტრის მხრიდან, შექმნილ ვითარებაში ეს იყო ერთადერთი ლოგიკური და გამართლებული ნაბიჯი - არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა, ასპარეზის დათმობა და გზის დალოცვა საზოგადოებაში მაღალი რეიტინგის მქონე კოალიცია 'ქართული ოცნებისთვის', რაც, რა თქმა უნდა, ამავდროულად დიდ პასუხისმგელობას აკისრებს ამ უკანასკნელს, ამომრჩეველზეც და საბოლოო შედეგებზეც. ფაქტია, რომ უამრავი ადამიანისა თუ ოჯახისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სწორედ 'ქართული ოცნება' არის იმედის უკანასკნელი ნაპერწკალი, არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში...
ამავდროულად თავის განცხადებაში ნინო ბურჯანაძე ხაზგასმით ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს არჩევნების ბოიკოტს, თუ ბრძოლის ველის დატოვებას, ის პირდება მხარდაჭერას ყველა იმ ძალას, ვინც იბრძოლებს ბოლომდე, რაც აგრეთვე მისასალმებელია და რაღაც ახალ სიოს თუ ნოუ ჰაუს ჰგავს ქართულ 'ჟლობურ' პოლიტიკაში - გუშინ ხომ დეპუტატმა გია თორთლაძემაც განაცხადა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და მოსახლეობას მოუწოდა, ივანიშვილის პარტიას მხარი არ დაუჭირონ... ანუ რისკენ მოუწოდა საზოგადოებას თორთლაძემ?! 'გავაპატიოსნოთ' ეს სიტყვები და მოვხსნათ ზედმეტი ანტურაჟი, გამოგვივა: 'ხმა მიეცით ნაციონალურ მოძრაობას'. მთაზე ამსვლელ თუ ვერ ამსვლელ თორთლაძეს არ შეშვენის ჩახლართული ფორმულირებები, შეიძლებოდა, რომ პირდაპირ ასე ეთქვა... 
დასასრულს მინდა, აღვნიშნო, რომ ჩემი გამოხმაურების მთავარი აზრი და მიზანი არა ნინო ბურჯანაძის განდიდებაა, არამედ ამორალურ და უსახო ქართულ პოლიტიკაში უზნეობის კედლის გარღვევის მცდელობის ფაქტის დაფიქსირება და წარმოჩენა. მივესალმები მსგავს გადაწყვეტილებებს არა მხოლოდ ნინო ბურჯანაძის, არამედ ნებისმიერი, თუნდაც ჩემთვის მიუღებელი პოლიტიკოსის მხრიდან. დღეს არ არის იმის დრო, რომ წარსულის შეცდომები ვახსენოთ ერთმანეთს და არჩევნებამდე დარჩენილი მწირი დრო ურთიერთბრალდებებში და ქიშპობაში გავატაროთ. 


იხილეთ ვიდეო: 'დემოკრატიული მოძრაობა' საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები