მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მანანა მანჯგალაძე არჩილ კბილაშვილის განცხადებას ბინძურ ტყუილს უწოდებს

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებას ბინძურ ტყუილს უწოდებს. როგორც მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გუშინ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ერთ-ერთი სატელევიზიო არხის ეთერში განცხადა, რომ თითქოს პრეზიდენტი ტელეკომპანია 'იმედის' იმჟამინდელ ერთ-ერთ მფლობელს ჯოზეფ ქეის თავისი კუთვნილი წილის დათმობის შესახებ ტელეფონით ესაუბრა. 
'გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს არის ბინძური ტყუილი. სრულიად ნათელია, რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი და არ ჯდება არც ერთ სამართლებრივ ჩარჩოში. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პოლიტიკური დაკვეთა. ძნელია ილაპარაკო კოჰაბიტაციაზე, როცა ასეთი მეთოდებით იბრძვის მეორე მხარე. ამ პროცესებში პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საქართველოს პრემიერ-მინისტრს. შეუძლებელია ერთი მხრივ ილაპარაკო კოჰაბიტაციაზე და მეორე მხრივ, აწარმოო ბინძური ფაბრიკაცია როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ასევე იმ 25 ათასი მოქალაქის მიმართ, რომლებიც სხვადასხვა უწყების თანამშრომლები არიან', - განაცხადა მანჯგალაძემ. 
საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი არ გამორიცხავს, რომ ტელეკომპანია 'იმედის' საქმეზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოწმის სტატუსით დაიკითხოს.
როგორც კბილაშვილმა გუშინ გადაცემა 'ღია ეთერში' განაცხადა, ჯოზეფ ქეიმ მისცა ჩვენება სადაც წერია, რომ 'ტელეიმედის' მართვასთან დაკავშირებული საკითხები შეთანხმებული იყო საქართველოს პრეზიდენტთან მისი უშუალო და პირდაპირი შეხვედრის შედეგად.
'ჯოზეფ ქეის განმარტებით, ის საქართველოში ჩამოვიდა იმისთვის, რომ დაერეგულირებინა გამწვავებული ურთიერთობა პატარკაციშვილსა და ხელისუფლებას შორის. მისი ჩვენებით, ის ჯერ კიდევ ბადრი პატარკაციშვილის სიცოცხლეში, 2008 წლის იანვარში ჩამოვიდა საქართველოში და გამართა მოლაპარაკებები საქართველოს პრეზიდენტთან. ჯოზეფ ქეის ჩვენებიდან გამომდინარე, ის ადასტურებს, რომ 'ტელეიმედის' მართვასთან დაკავშირებული საკითხები შეთანხმებული იყო საქართველოს პრეზიდენტთან მისი უშუალო და პირდაპირი შეხვედრის შედეგად. შესაძლებელია, რომ გამოძიების მიმდინარეობის კვალობაზე ამ საკითხის გამორკვევის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი მოწვეული იყოს მოწმედ', - განაცხადა კბილაშვილმა და დასძინა, რომ ქეის თქმით, მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის სატელეფონო საუბარი დეკემბერში შედგა, როდესაც გადაწყვეტილება იყო მიღებული 'ტელეიმედის' დათმობის შესახებ.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები