მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ვლაქერნის ღვთისმშობლის კვართის დადების დღესასწაულს აღნიშნავს

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ვლაქერნის ღვთისმშობლის კვართის დადების დღესასწაულს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით დადიანების სასახლის მუზეუმიდან წირვაზე ღვთისმშობლის კვართს და რამდენიმე წმინდანის წმინდა ნაწილს გამოაბრძანებენ, რათა მომლოცველებს სიწმინდეებთან მიახლოების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

საბჭოთა დიქტატურის მარცხის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ღვთისმშობლის კვართი ზუგდიდის დადიანების სასახლეში ესვენა. ისტორიული წყაროების მიხედვით კი წლების განმავლობაში ის, ძირითადად, ხობის მონასტერში იყო დაბრძანებული.

ღვთისმშობლის კვართს ბევრი სასწაული უკავშირდება. ერთი სასწაული საქართველოში 1891 წელს დაფიქსირდა. ყაჩაღებმა ხობის მონასტრიდან კვართი გაიტაცეს. ისტორიულ წყაროებში წერია, რომ საძებნად მთელი ხობი და სამეგრელო ფეხზე დამდგარა, მაგრამ ამაოდ. 3 დღის შემდეგ უეცრად კვართი ცისკრის ვარსკვლავით განათებულ ადგილას იპოვეს და სიწმინდე კვლავ მონასტერში დააბრუნეს.

ზუსტად 2000 წლის მიჯნაზე კვართზე იესო ქრისტეს გამოსახულება გამოჩნდა. მისი დანახვა მხოლოდ კინოობიექტივიდან გახდა შესაძლებელი. ის სტუდია 'მემატიანის' ოპერატორებმა გურამ როგავამ და დავით ასათიანმა აღმოაჩინეს. ღვთისმშობლის კვართზე იესოს გამოსახულების დაფიქსირების შემდეგ ინტერესი და ლტოლვა სიწმინდის სანახავად დღითიდღე იზრდება.

კონსტანტინეპოლის ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც ყოვლადწმიდა ქალწულის სამოსელი, თავსაბური და სარტყელის ნაწილი ინახებოდა, X საუკუნის შუა წლებში ანდრია სალოსმა ღამისთევაზე ზეციური შუქით გაცისკროვნებული ღვთისმშობელი ანგელოზებისა და წმიდათა დასის თანხლებით იხილა. მას იოანე ნათლისმცემელი და იოანე ღვთისმეტყველი კრძალვით მოაბრძანებდნენ.

ყოვლადწმიდამ მუხლი მოიყარა და ცრემლთაღვრით უფალს საქრისტიანოს დიდხანს ავედრებდა. შემდეგ ტრაპეზთან მივიდა და იქ განაგრძო ლოცვა. ბოლოს კი თავსაბური მოიხსნა და ტაძარში შემოკრებილ მლოცველებს გადააფარა. უბიწო ქალწული ღვთაებრივი დიდებით ბრწყინავდა, თავსაბური კი მის ხელში მზეზე უბრწყინვალესად ელვარებდა.

ჯეონიუსი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები