მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მერაბიშვილი VS ღარიბაშვილი

ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრსა და პრემიერს ვანო მერაბიშვილს დაკითხვისას ვიდეო გადაღების განხორციელება არ სურს. ეს მოთხოვნა მერაბიშვილმა შსს-ში პირველ დაკითხვაზე მისვლისთანავე გააჟღერა. 
ყოფილი პრემიერი არც სამართალდამცველებთან თანამშრომლობაზე აცხადებს მზაობას და პოლიციის დაბნევასაც ცდილობს. მერაბიშვილის ამ ქმედებას შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელისუფლო ძალები უპასუხისმგებლოსა და სამარცხვინოს უწოდებენ. მმართველი გუნდის წევრი თინა ხიდაშელი გაკვირვებას ვერ მალავს მერაბიშვილის მოთხოვნებთან დაკავშირებით და ლოგიკურ კითხვას სვამს: ადამიანი რომელმაც თავად შექმნა 'სატელევიზიო დაჭერების სერიალები' ვიდეო გადაღებაზე რა არგუმენტით ამბობსო უარს... 'ჩვენ ყველამ ვნახეთ ძალიან სამარცხვინო ვიდეო მასალა სადაც ის ამბობს, რომ გადაღება არ სურს, ამას ამბობს ის მინისტრი რომელმაც სამინისტრო კარიერა ააწყო აღიარებებზე და რომელსაც სერიალები აქვს გადაღებული: დაშინებული, ნაცემი და ნაწამები პატიმრებისა. ამ კაცს დღეს აქვს პრეტენზია, რომ არ მოხდეს მისი ჩვენების ჩაწერა', - აცხადებს ხიდაშელი.

უკვე მეორედ დაიბარეს ყოფილი პრემიერი დაკითხვაზე და კვლავაც უდრეკად არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ: 'მიუხედავად გამოძიების მიერ მოპოვებული, საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებებისა, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება მერაბიშვილის ჩვენებას, ყოფილმა პრემიერ მინისტრმა კვლავ არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. იგი შეგნებულად ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ცდილობს ხელი შეუშალოს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას.

საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქმეში არსებული დამატებითი მტკიცებულებები საზოგადოებისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი'. 

როდემდე გასტანს მერაბიშვილის უდრეკობა და ღარიბაშვილის უტყუარ მტკიცებულებათა ომი, დროის საკითხია, თუმცა აღშფოთებას, ყოფილისგან განსხვავებით არსებული შინაგან საქმეთა მინისტრი ვერ მალავს და მისი წინამორბედის არაგულახდილობას სამარცხვინოს უწოდებს: 
'ჩემთვის ძალიან უხერხული და სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ ყოფილი პრემიერი და შს ექს-მინისტრი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. დამზადებული იყო სხვა პასპორტი ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე. ეს ფაქტი დაფიქსირდა თბილისის აეროპორტში, დააფიქსირა პატრულის თანამშრომელმა და დაადასტურა პროტოკოლის თანამშრომელმა. მერაბიშვილი უბრალოდ ტყუის, როცა აცხადებს, რომ მსგავს ფაქტს არ ჰქონია ადგილი. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ ადამიანს, მითუმეტეს შს ყოფილ მინისტრს და ყოფილ პრემიერს უნდა გააჩნდეს საკმარისი ვაჟკაცობა, რომ აღიაროს აღნიშნული ფაქტი'. ღარიბაშვილის ამ განცხადებას და სხვა ბრალდებებსაც ყოფილი ხელისუფლება ცინიზმით პასუხობს. 'ნაციონალებს' ვერ წარმოუდგენიათ, თუ როგორ შეიძლებოდა საზღვარი უკანონოდ გადაეკვეთა ისეთ ცნობილ ფიგურას, როგორიც ვანო მერაბიშვილია.

როგორც პრეზიდენტი მის ქომაგში მერაბიშვილის მიმართ ამბობს: 'საქართველოს საზოგადოება იმსახურებს მსჯელობას იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია უკეთ ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და არა ისეთი ისტორიების ფაბრიკაციას, რომლებიც ემსახურება ყურადღების სხვაგან გადატანას და იაფფასიანი, მოკლევადიანი პოლიტიკური ქულების დაწერას. მეტიც, სააკაშვილი უგუნურებად მოიხსენიებს მათ ვისაც შეეძლოთ მერაბიშვილის სიწმინდეში ეჭვი შეეტანათ: თავისთავად ის იდეა, რომ ვანო მერაბიშვილი გამოიყენებდა ყალბ პასპორტს ასეთ ოფიციალურ ვიზიტზე გასამგზავრებლად იმდენად აბსურდულია, რომ ჩემთვის საერთოდ კომენტარის გაკეთებაც კი ძნელია ამ თემაზე. ის, რომ ვანო მერაბიშვილი, რომელსაც მთელი საქართველო იცნობს, შეეცდებოდა საზღვრის სხვის სახელზე გაცემული, ყალბი პასპორტით გადაკვეთას, რათა მთელი ევროპის ტელეკამერების წინ ჩაეტარებინა ღია შეხვედრა, მხოლოდ ძალიან უგუნურ ადამიანებს შეიძლება მოეფიქრებინათ', - აცხადებს პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილის ბრალეულობის კონტრარგუმენტად. 

ბოლოს კვლავ ვიდეო გადაღების თემას დავუბრუნდები და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრის მისამართით ერთ კითხვას დავსვამ (დიდი ალბათობით კითხვადვე დარჩება), მაშინ თუ ფიქრობდა ვანო მერაბიშვილი ვიდეო ჩაწერის მნიშვნელობაზე, როცა შუაღამისას აფორიაქებულ ოჯახებს 'ატელევიზორებდა'? 

ივერონი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები