მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი აშშ-ში დღეს იწყება

მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი აშშ-ში დღეს იწყება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 20-21 მაისს იგი ჩიკაგოში ნატო-ს სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველო სამიტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა ფორმატის შეხვედრის მონაწილე ქვეყანა იქნება. უკვე განსაზღვრულია ალიანსის მიერ დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი, რომლის ფარგლებშიც მონაწილე ქვეყნებს კონკრეტული სტატუსი აქვს მინიჭებული. ალიანსი ორი დღის განმავლობაში შეხვედრებს გამართავს 'ძირითად პარტნიორებთან' (28+13); მომავალ წევრებთან ('ასპირანტი პარტნიორები') (28+4); ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სახელმწიფოებთან (28+ISAF).
ჩიკაგოში ალიანსის შეხვედრაზე 'ძირითად პარტნიორებთან' (28+13) საქართველო იქნება ერთადერთი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან. 'ძირითად პარტნიორებთან' შეხვედრაზე (28+13) მიწვეული არიან ის ქვეყნები, რომელთაც განსაკუთრებული როლი აქვთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში (საქართველო, შვედეთი, ფინეთი, ავსტრია, შვეიცარია, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, იორდანია, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ყატარი, მაროკო).
ორდღიანი სამიტის მუშაობის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გეგმავს ნატო-ს მომავალ წევრებთან შეხვედრას, რომელშიც საქართველო მონაწილეობას ბალკანეთის სამ სახელმწიფოსთან ერთად მიიღებს (28+4 - იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო, ბოსნია და ჰერცოგოვინა, საქართველო).
საქართველო ასევე წარმოდგენილი იქნება ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სახელმწიფოებთან შეხვედრაზე.
ჩიკაგოს სამიტის მუშაობის დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტი ლოს-ანჟელესსა და ნიუ იორკს ეწვევა. მიხეილ სააკაშვილი პრინსტონის უნივერსიტეტის მიწვევით, უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს. მისი გამოსვლა 17 მაისს არის დაგეგმილი. პრინსტონის უნივერსიტეტში, ქვეყნის პირველი პირი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და იმ ცვლილებებზე ისაუბრებს, რომელიც ქვეყანაში ბოლო 8 წლის განმავლობაში მოხდა. 
პრეზიდენტის საჯარო ლექციის თემაა - 'საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია - პრეცენდენტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისათვის'. ნიუ იორკიდან პრეზიდენტის სამუშო გრაფიკი ჩიკაგოში გაგრძელდება.
შეერთებულ შტატებში საქართველოს პრეზიდენტი ასევე გამართავს შეხვედრებს პოლიტიკური და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან. იგეგმება რამდენიმე საჯარო გამოსვლა წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტებში. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები