მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციების შესუსტების ნიშნებს ამჩნევს

საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციების შესუსტების ნიშნებს ამჩნევს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია 'რუსთავი 2'-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 
მისივე თქმით, წინა მთავრობა წლების განმავლობაში აშენებდა საქართველოს რეპუტაციას და შედეგად მიიღო ის, რომ საქართველო ყველასთვის უცნობი, უიმედო ქვეყნიდან დემოკრატიულ ქვეყანად იქცა. 
'ეს არის არა მხოლოდ ჩვენი გამოსვლების დამსახურება, არამედ იმის, რაც საქართველოში შეიცვალა. დიპლომატიით ამას ვერ გააკეთებ, თორემ რუსეთს რომ ფული აქვს და გამოცდილი დიპლომატები ჰყავს, ეგეთი ვის ჰყავს, მაგრამ რეპუტაცია მაინც არ აქვს. ჩვენ გვქონდა რეპუტაცია იმიტომ, რომ საქართველოში განვითარდა დემოკრატია. ეს ბოლო არჩევნებმაც დაადასტურა. ამ მთავრობას, იმის ნაცვლად, რომ მთელი ენერგია წინა მთავრობის ლანძღვაზე დაეხარჯა, უნდა მოეხდინა კონცენტრაცია იმაზე, რაც ჩვენ ავაშენეთ და დაეშენებინათ ბევრად მაგარი რამ. ეს კარგი იქნებოდა მათთვისაც და ქვეყნისთვისაც. ის, რაც ობიექტურად ხდება ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის 'რუსთავი 2'-ის, 'საზოგადოებრივი მაუწყებლის' გარშემო, როდესაც ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებს მასობრივად ქუჩაში ყრიან, როდესაც პარლამენტის დეპუტატებს აშინებენ და მათი ოჯახის წევრებს იჭერენ, ოღონდ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვონ, ეს რაც არ უნდა ვმალოთ, არ დაიმალება. ეს ასუსტებს საქართველოს იმუნიტეტს', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
მისივე თქმით, 2008 წელს საქართველოს იმიტომ დაუდგა გვერდით ბევრი მსოფლიო ლიდერი, რომ ქვეყანაში იყო დემოკრატია. 
'დემოკრატიის დაცვა ყველას სურს. როდესაც აღარ ხარ დემოკრატია, შენ არავინ დაგიცავს. თუ დემოკრატია სუსტდება, საქართველოს იმუნიტეტიც უცხოური აგრესიისა და ოკუპაციისადმი სუსტდება. ტერმინი ოკუპაცია გაქრა მთავრობის ტერმინოლოგიიდან, რიტორიკით რომ არ გაღიზიანდეს რუსეთი. შევარდნაძემ ამ წრეებზე იარა. დასაწყისში ჩვენც ასე ვფიქრობდით. რა თქმა უნდა, არ უნდა გააღიზიანო და თვალწინ წითელი ჩვარი არ უნდა უფრიალო, მაგრამ როდესაც მიწას გართმევენ, როდესაც შენი ტერიტორიის ოკუპაციას ახორციელებენ, ამის შესახებ ხმამაღლა უნდა ილაპარაკო და ეს ყველგან დააფიქსირო. დღეს ხდება თანმიმდევრულად ამის ეროზია და საქართველოს პოზიციების შესუსტების ნიშნები გაჩნდა. არ შეიძლება ამან არ შეგვაშფოთოს. ამდენი წელი ვაშენებდით ამ რეპუტაციას და ახლა კი არ უნდა დავანგრიოთ, კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ', - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები