მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი - ვოცნებობ რუსეთის ფედერაციაზე, რომელიც იქნება ამაყი და სტაბილური

მიხეილ სააკაშვილი ამაყ და სტაბილურ რუსეთზე ოცნებობს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 'ძლიერი პროპაგანდისტული მანქანის მიერ გავრცელებული ტყუილების მიუხედავად, სიმართლე ისაა, რომ მე არ მსურს სუსტი რუსეთი და მე ძალიან შორს ვარ რუსეთის ნაციონალური ინტერესების მტრობისგან. სინამდვილეში, ვოცნებობ რუსეთის ფედერაციაზე, რომელიც იქნება ამაყი და სტაბილური, დარწმუნებული საკუთარ ძალაში და იმაში, რომ სწორი გზით მიდის. ვოცნებობ ქვეყანაზე, რომელსაც არ დასჭირდება სხვების დამცირება თავისი ილუზიური სიდიადის დასამტკიცებლად. ვოცნებობ ისეთ ქვეყანაზე, რომელიც უზრუნველყოფდა უსაფრთხო, დაცულ, მკაფიო საზღვრებს და არა ისეთზე, რომელიც მუდმივად ცვლის მათ', - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, რუსი პატრიოტები, რომლებიც 'არ აგზავნის თავის მილიარდებს საზღვარგარეთ და არ აგზავნის გაჭირვებულ თანამოქალაქეებს ყოვლად უაზრო ბრძოლის ველზე', მტრებად არ მიაჩნია.
'მათ ისევე სურთ ძლიერი რუსეთი, როგორც ჩვენ - ძლიერი საქართველო, ან ძლიერი აზერბაიჯანი. ისინი ჩვენი პარტნიორები არიან, ჩვენი ძმები. მათ სურთ თავიანთი ქვეყნისთვის ის, რაც ჩვენ საკუთარი ქვეყნებისთვის გვინდა. ერთ დღესაც, ჩვენ მათთან ერთად შევქმნით მშვიდობისა და თანამშრომლობის საერთო სივრცეს. ჩვენ ამას ენთუზიაზმით გავაკეთებთ, რადგან ვერ შევცვლით გეოგრაფიას და ვერ წავშლით ისტორიას. ჩვენ ეს არ შეგვიძლია და არც გვსურს. ეს არის ჩვენი საერთო ადგილი, ეს არის ჩვენი საერთო ისტორია. რუსეთთან საერთო წარსული და ერთად ასაშენებელი მომავალი გვაკავშირებს. ამ აზრს ვერაფერი შეგვაცვლევინებს - ამ მომავლის სახელი ევროკავშირი და ნატო იქნება და ეს არ ნიშნავს რუსეთთან ურთიერთობების აუცილებელ გაწყვეტას - ეს ამას არ უნდა ნიშნავდეს!', - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და ეს იყო 140 მილიონი რუსისთვის მოსაწვევის გაგზავნის ტოლფასი. 
'ჩვენ გელოდებით თქვენ, როგორც ტურისტებს, ბიზნესმენებს, მსახიობებს, მწერლებს, ჩვენ მოგესალმებით, ისე როგორც სტუმრებს და პარტნიორებს, მაგრამ - არა როგორც ოკუპანტებს. მათ, ვინც ამ გაწვდილ ხელს უარყოფს; მათ, ვისაც სურს მენტალური და ფიზიკური კედლების აშენება; მათ, ვისაც კვლავაც მიაჩნია ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოება საფრთხედ, მსურს ვუთხრა, რომ 'ცივი ომი' 1991 წლის დეკემბრის ერთ ბედნიერ დღეს დასრულდა. მინდა მათ ვუთხრა: არ არსებობს რაიმე საიდუმლო გეგმა ბრუსელში ან ვაშინგტონში, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მათ სუვერენიტეტს და სიახლეებთან ბრძოლის ნაცვლად, ცვლილებებს უნდა შეეგებონ. ყოველივე ეს მათ უნდა დაიწყონ იმით, რომ შეწყვიტონ ხალხის მიწების ოკუპაცია, ენთიკური წმენდა და განსხვავებული რელიგიური ჯგუფების პოლიტიკურ იარაღად გამოყენება. ყველა დანარჩენისათვის მე მხოლოდ ერთი სიტყვა მაქვს სათქმელი: მოგესალმებით! მოგესალმებით ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების წრეში', - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები