მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი - საქართველომ მესამე გზა აჩვენა

'საქართველო წარმატებულია მენტალურად, ეკონომიკურად, ტრანსფორმირებული ვიზუალურად _ ის რეგიონში კაშკაშა მაგალითად იქცა', - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში, პრისტონის უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა. ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და იმ როლზე ისაუბრა, რომელიც მას არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში გააჩნია.
'საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა მას უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მდებარეობა აქვს. ისაა კარიბჭე ცენტრალურ აზიას, კასპიის რეგიონსა და ევროპას შორის. ის წარმოადგენს დიდ სატრანზიტო მარშრუტს ცენტრალური აზიიდან, ჩრდილოეთ ჩინეთიდან და ავღანეთიდან ევროპისკენ. მიუხედავად შეცდომებისა, რაც შეიძლება დავუშვით, ჩვენ მოვახერხეთ შეგვექმნა მმართველობის ახალი, ალტერნატიული ნიმუში პოსტსაბჭოთა სივრცეში', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე განმარტებით, 1990-იან წლებში მხოლოდ ორი არჩევანი იყო: ვყოფილიყავით ქაოსში _ კრიმინალური და კორუმპირებული, როგორც რუსეთი ელცინის დროს, ან უფრო მოწესრიგებული, მაგრამ ავტორიტარული, როგორც იგივე ქვეყანა პუტინის დროს იყო. 
'აქ მესამე გზა არ არსებობდა, თუმცა, ვფიქრობ, საქართველომ მესამე გზა აჩვენა. რა თქმა უნდა, ჩვენი დემოკრატია იდეალური არაა, მაგრამ ნამდვილად გვაქვს სიტყვის და არჩევნის თავისუფლება, ასევე გვაქვს თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება, თუმცა ბევრი რამ ჯერ ისევ გასაუმჯობესებელია. ჩვენ მიზნამდე ჯერ კიდევ შორია, რადგან წინ გვაქვს არჩევნები და გვინდა ისინი გამჭვირვალედ ჩავატაროთ. საქართველო წარმატებულია მენტალურად, ეკონომიკურად, ტრანსფორმირებული ვიზუალურად _ ის რეგიონეში კაშკაშა მაგალითად იქცა', - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველო დღეს საკუთარ რეფორმებს სხვა ქვეყნებს ასწავლის. 
'ყოველ კვირას ვიღებთ დელეგაციებს სხვადასხვა ქვეყნიდან, ბევრი ადამიანი ჩამოდის ჩვენი რეფორმების გასაცნობად რუსეთიდანაც. ეს ძალიან კარგია, რადგან თუ ჩვენს ირგვლივ არსებული ქვეყნები მოდერნიზაციას მოახდენენ, გაიხსნებიან და ეს განსაკუთრებით რუსეთს ეხება, ჩვენ ყველანი უკეთესად ვიქნებით. ამ თვალსაზრისით ეს ძალიან საინტერესო თამაშია. სწორედ ამიტომ, საქართველოს წარმატება აჩვენებს, რომ იდეები უფრო ძლიერი შეიძლება იყოს, ვიდრე დაძაბულობა ან ფული. ეს არის იმედის გზავნილი მსოფლიოში თავისუფლების ყველა მოყვარულისთვის', - აღნიშნა სააკაშვილმა. 
მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით 16 მაისს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, ის 20-21 მაისს ჩიკაგოში, ნატო-ს სამიტს დაესწრება.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები