მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი – გვსურს, საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი უცხოელი დამკვირვებლები ჩამოვიდნენ

საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტნიორ ქვეყნებს სთხოვა, საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი დამკვირვებლები გამოგზავნონ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად, ნატო-ს შტაბბინაში დღეს გამართულ  პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გენერალურმა მდივანმა, ისევე როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ  მასთან შეხვედრაზე, საქართველო მოდელ ქვეყნად დაასახელეს. სააკაშვილის თქმით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ხაზგასმა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 
'როგორც იცით, წინ არჩევნები გველოდება და მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას - ევროკავშირს, ევროპარლამენტს, ეუთო-ს, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს - მათ შორის ალიანსის წევრებს მოვუწოდეთ, გამოგზავნონ არა მხოლოდ მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი დამკვირვებლები. მათ უნდა გამოიკვლიონ მთელ ამ პერიოდში ხალხის აზრი, დააკვირდნენ ქართულ მედიაგაშუქებას, პარტიების დაფინანსების მექანიზმს საქართველოში, რათა დავრწმუნდეთ, რომ არა მხოლოდ არჩევნების დღე, არამედ მთელი პროცესი გამჭვირვალე, გათვლადი, ასევე გარე ძალებისგან თუ ნებისმიერ მხრიდან ზეწოლისგან თავისუფალია. ამ თვალსაზრისით წელს თქვენი დახმარება მართლაც გვჭირდება', - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე საბჭოს წევრებს მიაწვდის ინფორმაციას პროგრესის შესახებ, რომელსაც საქართველომ საბჭოსთან ბოლო შეხვედრის შემდეგ მიაღწია. პრეზიდენტის თქმით, იგი მზადაა, ნებისმიერი საკითხი განიხილოს. 
'ჩვენ მოველით ჩიკაგოს სამიტს და უფრო და უფრო იმედიანად ვართ განწყობილნი თანამშრომლობის იმ ჩარჩოს მიმართ, რომელიც შეიძლება, რომ ჩიკაგოში მივიღოთ, რადგან ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს წინსვლის ხაზგასმა', - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ნატო-ში საქართველოს მისწრაფებისა და რეფორმების ძლიერი მხარდაჭერისთვის გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა და გაიხსენა, რომ რასმუსენმა დანიის პრემიერის რანგში საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადა 2008 წელს და ცნობილი მოვლენების შემდეგ თბილისში მალევე ჩამოვიდა. 
პრეზიდენტმა ავღანეთის მისიაში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობაზეც ისაუბრა. 
'ეს მართლაც რთული მისიაა, მაგრამ ვიცით, რომ ეს მისია ალიანსს გვაახლოვებს და საქართველოს ისტორიასაც ეხმიანება - ვიყოთ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენ და ჩვენმა ხალხმა ვიცით, დანაკარგის მიუხედავად, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, ჩვენი მომავლისთვის', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ანდერს ფოგ რასმუსენისა და მიხეილ სააკაშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია ნატო-ს ოფიციალური ვებგვერდით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. პრესკონფერენცია თბილისის დროით 12:15 საათზე დაიწყო.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები