მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდა ატლანტიკოსების წინაშე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ხელისუფლების მისდამი დამოკიდებულებაზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჩიკაგოში, ახალგაზრდა ატლანტიკოსების წინაშე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ხელისუფლების მისდამი დამოკიდებულებაზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის ტექსტს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 
პრეზიდენტის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, აღნიშნა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე ერთი სულიერი სივრცეა, რომელშიც მხოლოდ ერთი ანომალიაა - საქართველოს მთავრობა. 
'ჩემი აზრით, მან კარგად განმარტა ის პრობლემები, რომელთა წინაშეც დგანან. რუსეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, მედვედევმა თანამდებობაზე მისი დამტკიცების ღონისძიების დროს დუმაში თქვა: ყველამ იცის, რომ მძულს სააკაშვილი, მაგრამ საქართველომ საოცარი რეფორმები განახორციელა, რომლებიც უნდა შევისწავლოთ და, შესაძლოა, რუსეთშიც გავატაროთო, დააკვირდით ცინიზმს', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
პრეზიდენტის თქმით, რუსეთის თავდასხმას ვერც ერთი ქვეყნის მთავრობა ვერ გადაურჩა. სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში არა მხოლოდ მთავრობა და დემოკრატია გადარჩა, არამედ რუსეთის ლიდერი ამბობს, რომ საქართველოსგან უნდა ისწავლოთ ქვეყნის მართვა. 
'ის ჩემი პატარა ქვეყნის შესახებ ამბობს ამას - ეს გასაოცარი სიმბოლოა. სწორედ ამიტომ ვმასპინძლობთ ყოველ კვირაში დელეგაციებს სხვადასხვა ქვეყნიებიდან - ცენტრალური აზიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდანაც ბევრი. მედვედევმა ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ ეს ელანდება, არამედ იმიტომ, რომ მის გარშემო ხალხი ამაზე საუბრობს. მოსკოველები, ჟურნალისტები, ინტელექტუალები ვისაც მასთან შეხება აქვს... ბიზნესმენებიც კი ამაზე საუბრობენ', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მუდმივი მუქარის ქვეშ იმყოფება, საქართველომ რუსეთთან ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი და საქართველო წელს, დაახლოებით, მილიონ რუს ტურისტს ელოდება. 
'ეს არის ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტი - სამშობლოში დაბრუნების შემდეგ რუსეთის ერთი მილიონი მოქალაქე საკუთარ ნათესავებსა და ახლობლებს უამბობს, რომ საქართველოში ბევრი ისეთი საოცარი რამ ნახა, რაც მათთან არ არის იმის მიუხედავად, რომ ბუნებრივი გაზიც აქვთ და ნავთობიც. მოუყვება იმას, რომ ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც ხალხს ემსახურება; გვაქვს სტაბილურობა; გამოვირჩევით დანაშაულის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით ევროპაში და დანაშაულის დონე 4,5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე რუსეთში. ეს არ არის ჩემი სიტყვები - ამას ევროკავშირის კვლევები ადასტურებს', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები