მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მოულოდნელი დასასრული

14 დეკემბრის 'უიკენდმა' გამოაქვეყნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას ინტერვიუ. სათაურად შეირჩა მინისტრის შემდეგი სიტყვები:

'ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო და რუსეთი გახდნენ სტრატეგიული პარტნიორები'. რა თქმა უნდა, ინტერვიუ, თუნდაც იმის გამო, რომ საკმაოდ ვრცელია, გარკვეულ კონტექსტს გულისხმობს და სათაურად რამდენიმე სიტყვის ამოღება არ არის დაზღვეული აზრობრივი ცვლილებისაგან. მართალია, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ კონტექსტში ჩასმა კიდევ უფრო ამძიმებს შინაარსს...

დავიწყოთ სათაურით. სიტყვას 'სტრატეგიული' ძალიან ხშირად მხოლოდ შთაბეჭდილების გასაძლიერებლად იყენებენ და ის არავითარ კონკრეტულ მნიშვნელობას არ ატარებს. გავიხსენოთ თუნდაც კახა ბენდუქიძე, რომელიც 'სტრატეგიულ' ობიექტებს ყიდდა. მაგრამ იმთავითვე ნუ ვიფიქრებთ, რომ ჩვენი თავდაცვის საქმე როყიო მოლაყბეს მიანდეს, ვიფიქროთ, რომ ალასანია სიტყვებს აზრიანად იყენებს.

მაშინ გვაქვს საფუძველი, ვიკითხოთ: რომელი სტრატეგიის ფარგლებში შეიძლება ვიყოთ პარტნიორები რუსეთთან?

როდესაც ვამბობთ, რომ აშშ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ვგულისხმობთ სავსებით კონკრეტულ მიზნებს: ქვეყნის საგარეო უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას, ეკონომიკურ განვითარებასა და იდეათა და ღირებულებათა ისეთ სისტემას, რომელიც ყველასათვის ღირსეულ და თავისუფალ არსებობას უზრუნველყოფს. ეს სტრატეგია მხოლოდ ერთი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების კუთვნილება არ არის და არც მხოლოდ მის ინტერესებს ემსახურება - ის აერთიანებს სხვადასხვა ენის, კულტურის, ისტორიის მქონე ერებს და თითოეულ ერშიც - სხვადასხვა წარმოშობის, აღმსარებლობის, გემოვნებისა და ინტერესების მქონე ადამიანებს.

რა კავშირი აქვს ამგვარ მიზნებთან და მათ მისაღწევ სტრატეგიასთან რუსეთს? - ეს შეკითხვა ამჯერად სავსებით რიტორიკულია. მაგრამ მოვიდა დრო და თავდაცვის მინისტრის ნათქვამი სიტყვიერ კონტექსტში უნდა ჩავსვათ. მაშ ასე, ინტერვიუს თანახმად, ირაკლი ალასანიამ თქვა შემდეგი: 'ვხედავ რუსეთისა და საქართველოს პარტნიორობის შესაძლებლობას. ეს, შეიძლება ოცი წლის მერეც მოხდეს - რუსეთში წამოვა საშუალო ფენა, ახალი განათლებული თაობა მოვა პოლიტიკაში. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ეს იქნება ხვალ, ან 5 წელიწადში. საბოლოო ჯამში, ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო და რუსეთი გახდნენ სტრატეგიული პარტნიორები და ერთად ვიყოთ ევროპული ოჯახის ნაწილი'.

ერთი ოცი წელი უკვე ვიცადეთ - რა პრობლემაა? - კიდევ ოცსაც დავიცდით. უბრალოდ, ამ 'ლოდინში' არ უნდა დაგავიწყდეს, რომ მინისტრი ხარ და არა ნოსტრადამუსი. თუმცა ალასანიას კატრენში ჩვენი ყოფითი ცნობიერებისათვის დამახასიათებელი ორი მითი გამოკრთა. ცხელ ათეულში ამ მითებს მეორე და მესამე ადგილები უჭირავს გეოგრაფიული სიახლოვის შემდეგ. ერთია: უბრალო რუსებიც კი ჩვენზე მდიდრები არიან (ალასანიასთან - 'წამოვა საშუალო ფენა'); მეორე: უბრალო რუსებიც კი ჩვენზე განათლებულები არიან (ალასანიასთან - 'ახალი განათლებული თაობა მოვა პოლიტიკაში').

აქ აღსანიშნავია, რომ ორივე მითი სრული სიმართლეა: ჯერ ერთი, უბრალო რუსებიც კი ნამდვილად ჩვენზე მდიდრები არიან; მეორეც, მარტო ვერბალიზაციის უნარიც რომ ავიღოთ, რუსები აქაც შესამჩნევად გვჯობიან. უფრო მეტიც, მარტო რუსეთთან შედარებითაც შეიძლება გაგვიჩნდეს ეჭვი: არსებობენ თუ არა ბუნებაში ქართველი ინტელექტუალები? მაგრამ ერთიც და მეორეც მაინც მითია.

მითი არ ნიშნავს ტყუილს. მაგალითად, ზევსის შესახებ მითში მნიშვნელოვანი ნაწილი სიმართლეა: ჭექა-ქუხილი არსებობს და საკმაოდ ხშირი მოვლენაცაა. მითის არსი კი ის არის, რომ ახსნაში არ მონაწილეობს რაციონალური აზროვნება. აი, მაგალითად, გაეროს ტელეკომუნიკაციების სპეციალური სააგენტოს ცნობით, 105 ქვეყანაში მობილური სატელეფონო ნომრების რაოდენობა აჭარბებს მოსახლეობის რიცხვს. ამ ქვეყნებს შორის არიან: ბოტსვანა, გაბონი, ნამიბია და ა. შ. გამომდინარეობს თუ არა აქედან დასახელებული ქვეყნების ეკონომიკური განვითარებულობა და მაღალ ტექნოლოგიათა დონე? ასევე რუსების 'სიმდიდრე' არ წარმოადგენს ეკონომიკური განვითარებისა და პოლიტიკური წინსვლის შედეგს; და არც რუსების უეჭველი განათლებულობა ადასტურებს ამ მხრივ რაიმე რეალურ ძვრას. ბოლო წლების პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ, თუმც კი ორივე გვჯობდა, ლოზანას უნივერსიტეტმა შესაძლებელ მომავალში მაგრძნობინა თავი, პეტერბურგის უნივერსიტეტმა კი შორეულ წარსულში.

საქმე სწორედ ეს არის: ჩვენ ვერ ვუგებთ რეალობას, რადგან მომავლის რაციონალურ პროგნოზირებას არ ვართ მიჩვეულნი. თუნდაც სკანდინავიური სოციალიზმის შესახებ მითი ავიღოთ. ქართველ მემარცხენეს რომ ჰკითხო, რატომ იკლავენ თავს, მაგალითად, შვედები, იტყვის, კარგი ცხოვრების ბრალიაო. აზრადაც არ მოუვა ბევრად უფრო ლოგიკური და, ამავე დროს, დასაბუთებული ახსნა: სარძნობი გაუმჯობესების შეუძლებლობა.

საიდან ასეთი უუნარობა? - მუდმივი უტოპიურობიდან. მიუხედავად იმისა, რო კომუნიზმი თითქოს მომავლისკენ იყო მიმართული, არ არის ძნელი შესამჩნევი, რომ ამ უტოპიისათვის ერთადერთი რეალობა წარსულია. ახლა არ ვგულისხმობ იმას, რომ მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში იმით ვამაყობდით, რომ ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებლები მეტი იყო 1913 წლისაზე. მე ახლა იმის თქმა მინდა, რომ სწორედ წარსულზე მუდმივი აქცენტის გამო ვერ მოხდა საბჭოთა რეალობის დაძლევა.

დაძლევის ცდებს ორი ძირითადი თვისება ახლდა და ორივე წარსულზე იყო მიბმული. ერთია მხილება, მეორე კი შენარჩუნება. საბჭოთა კავშირში, როგორც პოლიტიკას, ასევე კულტურას, ისტორიის ყველა ეტაპზე ტოტალიტარიზმთან ურთიერთობის ორად-ორი ხერხი ჰქონდა: მხილება და შენარჩუნება.

მხილება, თავისთავად, წარსულში იხედება და, ასე ვთქვათ, გვერდით ეფექტებს იწვევს. ჯერ ერთი, დაკავშირებულია უარყოფით ემოციებთან: არა მგონია, ვინმემ, თუ საგანგებო კვლევითი მიზანი ან სხვა რამ პროფესიული ინტერესი არ ამოძრავებს, ორჯერ წაიკითხოს 'არბატის შვილები', ან ორჯერ ნახოს 'ჩემი მეგობარი ივანე ლაფშინი'. მაგრამ არის მეორე, უფრო მნიშვნელოვანი მომენტი: მხილება აღადგენს 'სამართლიანობის შეგრძნებას', მაგრამ არა თვით სამართლიანობას. თავი რომ დავანებოთ კანონიერების დაცვას, მხილებას ყოველთვის თან ახლავს შეცდომა, რომლის წყალობით ადამიანებს ჰგონიათ, თითქოს ყველაფერი დასრულდა, ყველაფერი უკან დარჩა, აღარაფერი განმეორდება. ასეთი განწყობა ადუნებს სიფხიზლეს და ხელებს უხსნის მათ, ვინც კონტროლის ბერკეტებს ფლობს.

შენარჩუნების შედეგიც იგივეა, მაგრამ რაში მდგომარეობს თვითონ შენარჩუნება? აქ საქმე უფრო რთულადაა...

მაგალითად, შეიძლება ვთქვათ, რომ პოლიტიკური მმართველობის თვალში სტალინიზმის კრიტიკა წარმოადგენდა ლენინიზმის შენარჩუნების ხერხს. აქ გადის წყალგამყოფი შემოქმედთა თაობებს შორის: ძველი თაობა უპირისპირდებოდა საბჭოთა წყობილებას როგორც ასეთს, ახალი თაობა კი საკუთრივ სტალინიზმს.

მაგრამ იყო სხვა მომენტებიც, რომელთა შორის ერთს გამოვყოფდი: საბჭოთა კულტურის ანტისტალინური ნიმუშები სათუთად ინარჩუნებდა სტალინის დამკვიდრებულ ზნეობრივ პურიტანიზმს. თუ ხრუშჩოვის სანქციით აზვირთებული ტალღა ლამის რენესანსული პათოსით უბრუნდებოდა 1918-20 წლების სამოქალაქო ომს, თუ მის მღვრიე ნაკადში შესაშური მდგრადობითა და მკაფიოდ ირეკლებოდა ბუდიონოვკიანი კომისრების სახეები, მასში ვერავინ შენიშნავდა 1920-იანი წლების სითამამესა და ნოვატორობას, სილაღესა და სიახლეს. თვით სამოქალაქო ომიც 1930-იან წლებში ჩამოყალიბებული მითების მიხედვით ისახებოდა. სწორედ 1963 წელს გადაიღეს 'ოპტიმისტური ტრაგედია' - ვსევოლოდ ვიშნევსკის 1932 წელს დაწერილი პიესის ეკრანიზაცია. აქ არის ერთი ეპიზოდი, რომელიც ჩვენი განხილვისთვის საკვანძოა:

'ამხანაგო, ხომ არ დავქორწინებულიყავით', - მიმართავს ანარქისტი მატროსი კომისარ ქალს. პასუხად კი გულში ბრაუნინგის ტყვიას იღებს და კიდევ საყოველთაოდ ცნობილ ფრაზას: 'აბა, კიდევ ვის სურს იგემოს კომისრის სხეული?'. ჯგუფური გაუპატიურების მცდელობა არაარსებითია: არსებითია ტაბუ. ფრაზა დიდი ხანია მოსწყდა სიტუაციურ კონტექსტს და თაობათა მეხსიერებაში სწორედ ტაბუს აღმნიშვნელად იქცა.

სექსზე ტაბუ ძალიან მნიშვნელოვანი იყო შენარჩუნებისათვის: ყოველგვარი პოლიტიკური და სოციალური გარდატეხა აღინიშნება სექსუალური ქცევის ცვლილებით. ამის გამოცდილება იმავე ოციანებში ჰქონდა საბჭოთა კავშირს. სტალინმაც დროზე მოახრჩო და უკიდურესი პურიტანიზმი აქცია მისი რეჟიმის ატრიბუტად. ძველი თაობის შემოქმედები ამას გრძნობდნენ: ბუნინის გვიანდელი მოთხრობები ცდილობს რუსულ ლიტერატურაში ფაქიზი ეროტიზმის ნაკლებობის შევსებას, ბულგაკოვის მარგარიტა კი უფრო გაბედულად არღვევს მოსაწყენ შეზღუდვებს.

1960-იანი წლების ანტისტალინისტების მემკვიდრეობას კი ისევ ის ძველი დამპალი პურიტანიზმი ახასიათებს. ძნელად, ძალიან ძნელად შემოდიოდა საბჭოთა კულტურაში სექსი. შეიძლება ითქვას, ვერც შემოვიდა. დაბრკოლებები კი ბევრად უფრო სერიოზული იყო, ვიდრე ჩვენში გავრცელებული 'ბაითის პრობლემა'. ეს დაბრკოლებები დღემდე დაუძლეველია. მე, პრაქტიკულად, ერთადერთი საბჭოთა ფილმი ვიცი, რომელშიც რაღაც გაბედეს: ეს არის ანდრეი სმირნოვის 'შემოდგომა', რომელშიც ერთი წყვილი ზეწრებში მორცხვად გახვეული ეძლევა ტრივიალურ ბუღრაობას და რომელიც 'პორნოგრაფიულობისათვის' ლამის იყო დაგმეს და აკრძალეს. მე არ ვამბობ იმას, რომ ყოფით დონეზე სსრკ-ში სექსი 'არ არსებობდა' - ყოფითი ცხოვრების ზნეობრივი ქაოსი საერთოდ არაფერს წყვეტს და არაფერს ნიშნავს. მე ვამბობ იმას, რომ დღესაც ვლადიმირ სოროკინს იმიტომ ლანძღავენ რუსეთში, რომ 'საზოგადოების ზნეობრივ საძირკველს შეეხო', საქართველოში კი ფარატინა მწერლები ფარატინა წარმატებას აღწევენ, ეროტიზმის არა, უბრალოდ, არანორმატიული ლექსიკის ბეჭდური აღორძინებით.

ჩვენი დღევანდელი ვითარება სწორედ პარტიის მეოცე ყრილობის დირექტივებიდან გადმოწერილს ჰგავს. ხილულად მას 'დაპაუზებული' ადამიანობის ორი ქალი წარმართავს: ერთი მხილებაზე აგებს პასუხს და აკონტროლებს, რომ დაპირებებით დარეტიანებული ხალხი მუდამ წარსულში იყურებოდეს, მეორე კი იმდენად უმანკოა, რომ სექსთან დაკავშირებულ სიტყვებსა და ცნებებს მხოლოდ ნაცვალსახელებით იხსენიებს და იმას უზრუნველყოფს, რომ ქართველობამ თავისუფლების ნამდვილი გემო არ ირგძნოს...

24 საათი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები