მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნიკოლაი კოვალიოვი - რუსეთის დელეგაციამ საქართველოს შესახებ რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა არ მისცა

რუსეთის დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა არ მისცა და კენჭისყრისას თავი შეიკავა , - ამის შესახებ რუსულ სააგენტოებს ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლაი კოვალიოვმა განუცხადა.
როგორც ნიკოლაი კოვალოვმა აღნიშნა, საერთო ჯამში ეუთო-ს სესია ტენდენციური იყო და რიგ შემთხვევაში მათი პოზიცია 'ანტირუსული იყო'. 
'ეს ეხება საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც, რომელიც ტენდენციურ ელემენტებს შეიცავდა, '-განაცხადა კოვალიოვმა.
მისი თქმით, რუსეთის დელეგაციამ, რა თქმა უნდა, არ დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას და თავისი შესწორებებიც დააფიქსირა.
'თუმცა სამწუხაროდ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ კონსოლიდირებულად მისცა ხმა რუსეთის პოზიციების წინააღმდეგ', - განაცხადა კოვალიოვმა. 
კითხვაზე - რუსულმა დელეგაციამ საქართველოს შესახებ რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა რატომ არ მისცა - კოვალიოვმა განაცხადა, რომ 'ამ რეზოლუციაში გონივრეული რაღაცებიც იყო'.
'აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში, რუსეთის დელეგაციის პოზიცია დაბალანსებული იყო და არავითარ შემთხვევაში არ იყო მიმართული ურთიერთობების დაძაბვისკენ. ჩვენი პოზიციაა, დაპირისპირება აბსურდამდე არ დავიყვანოთ', - განაცხადა კოვალიოვმა.
9 ივლისს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. 
რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უნდა შეასრულოს. ეუთო მოსკოვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის დამკვირვებლების დაშვების და დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაც მოუწოდებს. 
'ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ყველა ჩართულ მხარეს, დაიცვას საერთაშორისო სამართლის პრინციპები, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და გააძლიეროს ჟენევის პროცესი. ორგანიზაცია დაჟინებით მოითხოვს რუსეთის მთავრობისა და პარლამენტისგან, ასევე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელმძღვანელობისგან, შეფერხებების გარეშე დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და სრულად ითანამშრომლოს მასთან, ისე, როგორც არის შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებაში', - აღნიშნულია დოკუმენტში. 
მოსკოვი ტერმინს - 'დე-ფაქტო ხელმძღვანელობებსაც' აპროტესტებდა, თუმცა რეზოლუციაში, რომლის ავტორიც პოლონელი დეპუტატი მიხეილ შცერბაა, არც ეს რეკომენდაცია გაითვალისწინეს. დოკუმენტში კიდევ ერთხელ ჩაიწერა, რომ ეუთო მხარს უჭერს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები