საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი არ აპირებს, მემარჯვენე-რადიკალური პარტია 'ნაციონალური ფრონტის' ლიდერს, მარინ ლე პენს შეუთანხმდეს. ამის შესახებ ინფორმაციას 'ფრანსპრესი' ავრცელებს. მარინ ლე პენი ევროპარლამენტის დეპუტატია და საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც ამომრჩეველთა ხმების 17,90% დააგროვა. მან ნიკოლა სარკოზის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერის სანაცვლოდ, მთავრობაში ხელმძღვანელი პოსტები მოსთხოვა, რაზეც სარკოზიმ უარი განაცხადა. 'არავითარი შეთანხმება არ იქნება', - განაცხადა სარკოზიმ. საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 22 აპრილს გაიმართა. მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ ამომრჩეველთა ხმების 27,18% მოიპოვა, სოციალისტების კანდიდატმა, ფრანსუა ოლანდმა კი - 28,63%. საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 6 მაისს არის დაგეგმილი.
ინტერპრესნიუსი
ე.შ
|