მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პაატა კოღუაშვილი - კომერციული ბანკების ამარა დატოვებული სოფელი სოფლის მეურნეობის პრობლემებს ვერ გადაწყვეტს

ახალი ხელისუფლების ინიციატივით სოფლის მეურნეობის სფეროში დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობასა და სოფლის მეურნეობის აქტუალურ პრობლემებზე 'ინტერპრესნიუსი' საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის წევრს, ტექნიკური უნივერსიტეტის აგროეკონომიკის სრულ პროფესორს, პაატა კოღუაშვილს ესაუბრა.

- ბატონო პაატა, თქვენი შეფასებით, რამდენად ეფექტურად ხორციელდება სოფლის მეურნეობის სფეროში ის პროექტები, რომლებსაც ახალი ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადრებას აქცევს. რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს ამ პროექტების განხორციელების კვალობაზე როგორც სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულებს, ისე ქვეყანას? 
- უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ სამივე პროექტი - მცირე ფერმერების ხელშეწყობის, აგროსესხებისა და მაგისტრალური სარწყავი არხების პროგრამები დაკისრებულ ამოცანას შეასრულებენ. სოფელში მცხოვრები მოსახლეობას სასოფლო სამეურნეო ბარათებით მოხდება მიწის არა მარტო მოხვნა, არამედ დადისკვა. ამაზე თითოეული სოფლად მცხოვრები ოჯახისთვის გამოყოფილია 210 ლარი. ვისაც 5 ჰექტრამდე მიწა აქვს, ეძლევა 300 ლარის ბარათი. საშუალება ექნებათ, იყიდონ სასუქი, სხვადასხვა წამლები მავნე დაავადებათა წინააღმდეგ, ასევე, შეუძლია სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ინვენტარის შეძენა. 
ჩვენი ქვეყნის უკანასკნელი 23 წლის ისტორიაში უპრეცედენტო რამ ხდება. უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ამ პროგრამებით მართლაც ბევრი გლეხი ისარგებლებს. ამ პროექტების წარმატებულად გამოყენება იმ შემთხვევაშიც არის შესაძლებელი, თუ სოფელში მცხოვრებლებს მიწის 1 ან 2 ჰექტარზე მეტი არ აქვთ. 
ეს პროექტები ხელს შეუწყობს, სოფლად მცხოვრებ ადამიანებს თავად შექმნად სოფლის მეურნეობის პროდუქცია და, თუ სხვა არაფერი, იმდენი მაინც შექმნან სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რაც მათ ოჯახებს გამოადგებათ. სოფელში კატასტროფული მდგომარეობაა. ქართულ სოფელს სიღარიბე შეეჩვია და ასე იოლად მოსაშორებელი ვერ იქნება. მაგრამ, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროექტებით საფუძველი ჩაეყრება იმას, რომ ქართველი გლეხი გამოვიდეს ამ უმძიმესი მდგომარეობიდან. 
შემდეგ ეტაპზე გათვალისწინებულია სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივები. უპირველეს ყოვლისა, საუბარია სოფლის მეურნეობის საწარმოო ბაზის გამსხვილება-გამასივებაზე. ამის გზა კი, კოოპერაციული გაერთიანებების, იგივე ამხანაგობების შექმნაზე გადის. მცირემიწიანი მიწების მფლობელები შექმნიან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს. ამ ტიპის კოოპერტივები გაცილებით საიმედო პარტნიორი იქნება ბანკისთვისაც, სხვა სახელმწიფო თუ კომერციული ორგანიზაციებისთვისაც, ვინაიდან პასუხიმგებლობა იქნება კოოპერატივზე და არა - ერთ ადამიანზე. 
გლეხები ურთიერთნდობასა და ურთიერთმხარდაჭერაში, ანუ ურთირთგარანტიებში ისწავლიან არა მარტო მუშაობასა და მოგების სწორად განაწილებას, არამედ პერსპექტივების უკეთ დასახვას, როგორც თავისი მეურნეობის განვითარებისათვის, ისე იმ სოციალური პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც სოფლის წინაშე დგას. პრაქტიკულად, ამ კანონით უნდა მოხდეს სოფლად კოოპერაციული მოძრაობის პროვოცირება. ამავე დროს, პარალელურად რეგიონული განვითარების სამინისტროში მზადდება კანონი სოფლის, ანუ სოფლის სტატუსის შესახებ. ყველასთვის ცნობილია, რომ ქართულ სოფელს სტატუსი დაკარგული აქვს. იგი დღეს მხოლოდ და მხოლოდ გეოგრაფიული სახელწოდებაა, რომელიც თავისივე ტერიტორიაზე, რომელზეც მდებარეობს, პრაქტიკულად არაფრის მფლობელი არ არ არის. აირჩევა სოფლის მამასახლისი, განისაზღვრება ტერიტორია, რომელიც მოქცეული იქნება ამა თუ იმ სოფლის საზღვრებში, საძოვრები ისევ დაუბრუნდება მათ და ის უდიდესი პრობლემა, რომელიც გლეხებს ბოლო 6 წლის მანძილზე ამ საკითხებთან დაკავშირებით აქვთ, მეტ-ნაკლებად მათ სასარგებლოდ იქნება გადაწყვეტილი. 
- ინტერვიუს ჩაწერამდე საუბრობდით იმაზე, რომ გვიანდება კოოპერაციის შესახებ კანონის მიღება, რომლის გარეშეც სოფლის მეურნეობაში დახარჯული თანხების ჩადება არაეფექტური იქნება. გარდა ამისა, საუბრობდით იმაზეც, რომ თქვენი ინფორმაციით, პარლამენტის მიერ მისაღებად მომზადებული კანონი მთლად სრულყოფილი არ არის და ასე შემდეგ. რა შენიშვნები გავთ ამ კანონის მიმართ და რა შესწორებებს შეიტანდით მასში, ვიდრე იგი ჯერ მიღებული არაა? 
- როგორც უკვე ვთქვი, ამ კანონის არსი, სოფლად კოოპერაციული მოძრაობის პროვოცირება უნდა იყოს. თუ კოოპერირების მასტიმულიზებელი ღონისძიებები არ იქნა გათვალისწინებული ამ კანონის პროექტში, ანუ რეალურად არ დაანახებს სოფლის მაცხოვრებლებს კოოპერირების სიკეეთეებს, მხედველობაში მაქვს შემდგომში კოოპერაციების გადამამუშავებელ საწარმოებთან ურთიერთობების ეფექტურობასა და სიმარტივეს, მაშინ ამ კანონის პროექტი კოოპერატივების ჩვეულებრივ წესდებად დარჩება, რომელიც რეალურად არაფრის მომტანი არ იქნება. 
სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ეს კანონი დაყვანილია კოოპერატივების წესდებაზე, რაც 'მეწარმეთა შესახებ' საქართველოს კანონის კოოპერატივების თავში ისედაც არის. კანონმდებლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ახლა მთავარია სოფლად კოოპარაციული მოძრაობის პროვოირება. ეს შემდგომ გაამარტივებდა გადამამუშავებელ საწარმოებთან მათ ურთიერთობას. ჩვენ ახლავე უნდა გავაცნობიეროთ ისიც, რომ საუბარია, არა მხოლოდ, სოფლის მეურნეობის პროდუქტის შექმნაზე, არამედ გადამამუშავებელ საწარმოებთან კავშირში წარმოების ერთიან ციკლზე. 
- სასოფლო-სამეურნეო ბარათები მწირემიწიან გლეხებზეც გაიცემა. ეს უფრო სოციალური დახმარებაა, თუ სოფლის მეურნეობის მასშტაბური აღორძინებისკენ გადადგმული ნაბიჯი? 

- შეიძლება ითქვას, რომ ერთდროულად ორივეა. ამის შესახებ განცხადებები წინასაარჩევნოდ გაკეთდა. იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობაზე განცხადებები იმის გამო გააკეთა, რომ კარგად იცოდა, თუ რა პრობლემები იყო სოფლად, თუ როგორ უჭირდა ცხოვრება სოფლის მოსახლეობას. ამიტომაც იყო, რომ თქვენს მიერ დასახელებული ხელისუფლების სამივე პროგრამა სოფლის ყველა მცხოვრებელზე იქნა გათვლილი. ჩემი აზრით, შემდგომ ეტაპზე ეს ასე არ უნდა მოხდეს და დახმარება უნდა გაეწიოს მხოლოდ სოფლის მეურნის სტატუსის მქონე ადამიანებს. სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის უნდა გაკეთდეს სპეციალური მიზნობრივი პროგრამები და ფინანსების გამოყოფაც ამ პროგრამებში მონაწილე გლეხებზე, ანუ სოფლის მეურნეობის მუშაკებზე უნდა გაიცეს. 
ფინანსების გაცემისას სოფლის მეურნის სტატუსი მთავარი განმსაზღვრელი უნდა იყოს. სოფლად ცხოვრობს ექიმიც, ექთანიც, მასწავლებელიც, პოლიციელიც, კულტურისა თუ კავშირგაბმულობის მუშაკიც. თქმა იმისა, რომ ყველა მათგანს აქვს მიწა, ეს ასე არ უნდა ფასდებოდეს. ეს ასე არსად არ ხდება. დღეს, ეს ღონისძიებები ასე დაიგეგმა, მაგრამ შემდგომ წლებში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ფინანსური დახმარება ხელისუფლებისაგან მხოლოდ სოფლის მეურნეობის სტატუსის მქონე ადამიანებსა და მათ მიერ შექმნილ გაერთიანებებზე უნდა განხორციელდეს. ამგვარი გაერთიანებების განვითარებისათვის ხელშეწყობა კანონით უნდა რეგულირდებოდეს. მათ კანონით გარკვეული შეღავათებიც უნდა ჰქონდეთ. ხელისუფლების მიერ გამოყოფილი თანხები სწორედ ამ კატეგორიის ადამიანებსა თუ იურიდიულ პირებზე უნდა იხარჯებოდეს. მათზე გამოყოფილი თანხა გაცილებით მეტიც იქნება და უფრო ეფექტურად იქნება გამოყენებული სოფლის მეურნეობის რეალურად განვითარებისათვის. 
- აგროსესხებზე ბევრი კი საუბრობს, მაგრამ თუ გაქვთ ინფორმაცია, ბანკში სესხის ასაღებად გარანტიად გლეხმა რა უნდა ჩადოს? 
- სამწუხაროდ, ეს ისევ კომერციული ბანკების მეშვეიბით ხორციელდება. კომერციული ბანკების საშუალებით სესხების გაცემა 90-იანი წლების ბოლოს ერთხელ უკვე მოხდა და ყველას გვახსოვს თუ რა დაემართა მაშინ ამ პროექტში მონაწილე რამოდენიმე კომერციულ ბანკს, რომელიც გაკოტრდა. მაშინ ამ პროექტში მონაწილე ქართული გლეხობის დიდი ნაწილიც გაკოტრდა. მაშინ პროექტებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო არჩევდა, მაგრამ კრედიტის ამოღების და დაბრუნების პასუხიმგებლობა კომერციულ ბანკებს ჰქონდათ. ეს მაშინ ძალიან ცუდად დამთავრდა.
კარგია, რომ ახლა პროექტების შერჩევის უფლება თავად კომერციულ ბანკებს გადაეცათ. მათი პრეროგატივაა პროექტების არა მარტო განხილვა, არამედ პარტნიორების შერჩევა და კრედიტების დაბრუნებაზე პასუხისმგებლობის აღება. ამიტომ ვფიქრობ, რომ კრედიტების გამოყოფას თავად ბანკები შეხედავენ ძალიან მკაცრად. მათ იციან, რომ სოფლის მეურნეობა სარისკო ბიზნესია. დღეს ბანკები გლეხებს ეუბნებიან იმას, რომ ისინი არ მიიღებენ გარანტიად მათ ბიზნესს, ანუ იმ პროდუქციას, რომელიც მოსალოდნელია რომ მან მიიღოს.
კომერციული ბანკები გლეხებისგან მოითხოვენ სხვა ბიზნეს ან სხვა რაიმე ლიკვიდურ ქონებას. სალიკვიდო ქონება კი, მინიმუმ 3-4-ჯერ უფრო ძვირი უნდა იყოს, ვიდრე ის თანხა, რომელსაც ეს გლეხი მოითხოვს. გარდა ამისა, საპროცენტო განაკვეთი საკმაოდ მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო თავისი კორპორაციის სახით კრედიტის ტარიფიდან 9%-ს სუბსიდირებას უკეთებს. კრედიტის წლიური ტარიფი 17%-ია, მას აკლდება 9% და რჩება 8 %, რომელიც ფერმერმა, ანუ გლეხმა კაცმა უნდა გადაიხადოს. 
ჩემი აზრით, კრედიტის ტარიფი საკმაოდ მაღალია, თუ რატომ აკეთებენ ასე ხელისუფლების მიერ შერჩეული კომერციული ბანკები, ამასაც აქვს თავისი ახსნა და ისინი ძირითადად რისკებზე მიუთითებენ. მიუხედავად ამისა, ამ კომერციული ბანკების წარმომადგენლები ტელევიზიით ხშირად აცხადებენ, რომ მზად არიან, კრედიტი დაახლოებით 14%-ით გასცენ. კრედიტი რომ რეალურად იყოს 14-%, 17%-ს 9% გამოაკლდებოდა და დარჩებოდა 5%. კრედიტის 14%-იანი ოდენობა გლეხობისათვის მისაღები იქნებოდა. 
მაგრამ, მე ამგვარ პერსპექტივას მაინც ეჭვის თვალით ვუყურებ და აი რატომ? სოფლის მეურნეობის სამინისტროს თავიდანვე უნდა დაეწყო ფიქრი სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის მატერიალური ბაზის შექმნასა და კრედიტის ხელმისაწვდომობაზე. ჩვენ სამინისტროს ვურჩიეთ დაემკვიდრებინა კარგად ცნობილი სპეციალიზებული აგროსაკრედიტო სისტემა. მათი პასუხი ამდაგვარი იყო - ახლა ეს არ მოესწრება. ყველას, მათ შორის მათ გასაგონად კიდევ ერთხელ ვამბობ - თუ არ დავიწყებთ სპეციალიზებული აგროსაკრედიტო სისტემის, ანუ, კოოპერაციული ტიპის სოლიდარული პასუხიმგებლობის, ურთიერთდახმარებისა და თავდებობის საბანკო სისტემის შექმნა- შენებას, იგი თავისით ვერანაირად ვერ შეიქმნება. 
პირველ ეტაპზე მის შექმნაში, ანუ საწესდებო კაპიტალში მონაწილეობა სახელმწიფომ უნდა მიიღოს. როგორც კი სოფლის მეურნეობა განვითარების გზაზე გავა, ნელ-ნელა ამ თანხების დაბრუნებაც დაიწყება. ასეთი გამოცდილება აქვს ევროპას, ამერიკას და ჩვენც სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის სწორედ ამ გზას უნდა დავადგეთ. კომერციული ბანკების ამარა დატოვებული სოფელი სოფლის მეურნეობის განვითარების პრობლემებს ვერ გადაწყვეტს. 
- სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რაიონებში საინფორამაციო-საკონსულტაციო ცენტრები შექმნა, რომელშიც 250 სოფლის მეურნეიბის სპეციალისტი შეირჩა და დასაქმდა. სულ 1000 ტრაქტორს შემოიყვანენ. უკვე 900 ტრაქტორისტი გადამზადდა. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ეს ცენტრები ეფექტურად იმუშავებენ?
- ამ საკითხზე არსებობს საერთო შეთანხმება, რომ ეს აუცილებლად გასაკეთებელი იყო. უბრალოდ, შესათანხმებელია და შესამუშავებელია ყველაზე რაციონალური და ყველაზე ეფექტიანი გზა ამ ცენტრების საქმიანობისათვის. ამგვარი ცენტრების უზარმაზარი გამოცდილება არსებოს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ასეთ სტრუქტურებს შეუძლიათ ძალიან დიდი ხელშემწყობი როლი ითამაშონ ადგილებზე სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. საბჭოთა კოლმეურნეობების გამოცდილების გამო, ხალხს მაინც უარყოფითი დამოკიდებულება აქვს კოოპერაციებისადმი. სწორედ ამ ცენტრებმა უნდა აუხსნან სოფლის მცხოვრებლებს, რომ ინდივიდუალურ შრომაზე გაცილებით მეტი უკუგება აქვს კოოპარაციულ შრომას. ამაში უნდა ჩაერთონ აკადემიური წრეები, მეცნიერები, სამღვდელოება.
ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სოფლის მეურნეობა და სოფელი საერთო ეროვნული საკითხია. სოფელი ეროვნული კულტურის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. სოფლის მეურნეობა და სოფელი ერის იდენტობის, ვინაობისა და რაობის განმსაზღვრელია და ამას მუდმივი ყურადღება, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, მაორგანიზებელი და მაორიენტირებელი როლის შესრულება სჭირდება. 
- ბრძანეთ, რომ სოფლის მეურნეობა გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. წელს თუ მოხდება სასოფლო-სამეურნეო სესხების დაზღვევა? ანუ, ვინ დააზღვევს რისკებს? 
- ქვეყანაში ასეთი სადაზღვეო სისტემა არსებობს, მაგრამ ჯერ კიდევ მყიფეა და არც თუ ისე ძლიერი. მით უმეტეს, რომ იგი ძალიან დიდი რიკების ქვეშ დგას სოციალური და ჯანმრთელობის მომსახურების დაზღვევის გამო. სოფლის მეურნეობის მომსახურებისათვის ძალიან ძლიერი სადაზღვევო სისტემის ჩამოყალიბება სჭირდება. ამგვარი სადაზღვევო კომპანიის ჩამოყალიბებაში და საწესდებო კაპიტალის ფორმირებაში სახელმწიფოები და მთავრობები საწყის ეტაპზე სერიოზულ მონაწილეობას ღებულობენ. 
გარდა ამისა, თუ ვინმე სოფლის მეურნეობის დაზღვევის სისტემას გააკეთებს, სახელმწიფოები ამ კომპანიების გადაზღვევებსაც აკეთებენ და ამ მიმართულებით მთელ სისტემებს აყალიბებენ და ამუშავებენ. ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ აგრარულ აიოვას შტატში, რომელიც პრაქტიკულად სადაზღვევო კომპანიების მექაა, ფერმერები მათი კონსერვატიული ბუნების გამო ასე ადვილად არ მიდიან დაზღვევებზე. ამ მიმართებით ჩვენც გარკვეული მუშაობის ჩატარება მოგვიწევს. 
სახელმწიფომ ამ შემთხვევაშიც უნდა შეასრულოს მაორიენტირებელისა და მაორგანიზებელის როლი და ამ ტიპის სადაზღვევო კომპანიებში პირველი კაპიტალის ჩამდები უნდა გახდეს. მაგრამ, საჭიროა ეს მიებას სწორედ იმ სპეციალიზირებულ აგრო-საკრედიტო საბანკო სისტემას, რომელზედაც ზემოთ უკვე ვისაუბრე. ამ სისტემის მთავარი დამფუძნებლები უნდა იყვნენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები და მათში მონაწილე ფერმერობა და გლეხობა, ან სოფლის მეურნის დამოუკიდებელი სტატუსის მქონე იურიდიული პირები. კოოპერაციას ის უპირატესობა აქვს, რომ ბანკს ურჩევნია მიიღოს არა ერთი ადამიანის გარანტიები, არამედ კოოპერატივში გაერთიანებული მრავალი ადამიანისგან გარანტია. ამ შემთხვევაში ვალის დაბრუნებაზე სოლიდარული პასუხიმგებლობაა და შესაბამისად სესხიც მეტად დაზღვეულია. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე რა ვითარებაშიც ვართ, ვგულისხმობ კლიმატის გათვალისწინებით ბუნებრივ რისკებსაც, პირველ ეტაპზე მაინც რიგ სასოფლო-სამეურნეო კულტურებსა და დარგებზე დაზღვევა უნდა იყოს სავალდებულო. სოფლის მეურნეობას გადამრჩენად ივანიშვილ კი მოევლინა, რომელმაც ამ საქმეში თავისი ფული დადო, მაგრამ ყოველთვის ასე ხომ არ უნდა იყოს. 
- არჩევნებამდე საუბარი იყო სოფლის მეურნეობაში 1 მილიარდის ჩადებაზე, ახლა კი საუბარია 700 მილიონ ლარზე . . .
- რატომ ითვლით მხოლოდ 700 მილიონ ლარს. 198 მილიონი ლარი რომ ხვნაზე იხარჯება, იმას არ თვლით? კრედიტებზე რომ გაიცემა თანხები ამას არ უნდა დაემატოს? ეს თანხები ხომ ივანიშვილის ფონდმა გაიღო. ივანიშვილმა თავისი დანაპირები შეასრულა. აქ პრობლემა სხვა რამეშია. მან კიდევ მეტის ჩადება რომ მოინდომოს სოფლის მეურნეობაში, ამის პირობები რეალურად არ არსებობს. ჩვენი სოფლის მეურნეობა არ არის მზად მსხვილმასშტაბიანი და დიდი ინვესტიციების ათვისებისათვის. 
ჩვენ მოგვიწევს ვიფიქროთ გადამამუშაველ მრეწველობაზე, რომელშიც შესაძლებელი იქნება დამატებითი ინვესტიციების განხორციელება. მაგრამ, ჩვენი პირველი ამოცანა სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებაა, ანუ სანედლეულო ბაზის შექმნაა. როცა ამ ბაზას შევქმნით, მერე უნდა ვიფიქროთ ძეხვისა და სოსისის ქარხნების წარმოებაზე და არა პირიქით. ჩემი გათვლებით, ჩვენს სოფლის მეურნეობას მხოლოდ 400 მილიონი ლარის ათვისება შეუძლია. ახლა აქცენი უნდა იყოს გაკეთებული წვრილ მესაკუთრე გლეხობაზე. დღეს ჩვენ სწორედ ეს ამოცანა გვაქვს გადასაწყვეტი. დღეს სხვა ყველაფერი მეორადია. პარალელურად, მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს სოფლის პოლიტიკის შემუშავებაზე და შესაბამისი ღონისძიებების გატარებაზე. სოფლის განვითარება სხვა რამეა, სასოფლო- სამეურნეო წარმოების განვითარება კი სხვა. ერთი ინფრასტრუქტურას და ინსტიტუციურ მოწყობას, ხოლო მეორე საკუთრივ სოფლის მეურნეობის განვითარებას ეხება. 
- ინტერვიუს ჩაწერამდე თქვენ საუბრობდით საქართველოში უცხოელების მიერ სახნავი მიწების შეძენის გახშირებულ ფაქტებზე. თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენი სახნავი მიწა აქვთ შეძენილი ირანელებს, ინდოელებს და კოპტებს საქართველოში? 
- ასეთი მონაცემები არ მაქვს, მაგრამ არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 22 ათასი სპარსელი, 4 ათასი კოპტია ჩამოსული და ყველა ისინი ცდილობენ როგორც უძრავი ქონების, ისე მიწის ნაკვეთების შეძენას. რამდენადაც ვიცი, ეკონომიკის სამინისტრო და საჯარო რეესტრი ამ პროცესს ამუხრუჭებს და სწორადაც. მაგრამ, ძალიან ნელა და ზანტად მუშაობს საქარველოს პარლამენტი, რომელმაც აუცილებლად უნდა მიიღოს გარკვეული რეგულაციები კანონში სასოფლო სამეურნეო დანიშნულების საკუთრების შესახებ. 
ამ თვალსაზრისით, თუ რა რეგულაციები უნდა შევიდეს ამ კანონში უკვე შემუშავებულია და ისინი საქართველოში ცნობილმა იურისტებმა შეიმუშავეს. სერიოზული მუშაობის შემდეგ მომზადდა რეგულაციები, რომელიც კანონში უნდა შევიდეს. ეს რეგულაციები ითვალისწინებს გარკვეულ შეზღუდვებს. 
საკონსტიტუციო სასამრთლომ 2012 წლის 26 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველოს სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ფორდი, ანუ სოფლის მეურნეობის სავარგულები გატანილი აღმოჩნდა მსოფლიოს ღია ბაზარზე. და ეს მაშინ, როცა, ამ ბაზარზე კონკურენციას საქართველოს მოქალაქე გლეხი კონკურენციას ვერავის ვერ გაუწევს. არა მგონია ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამრთლომ შეცვალოს, ვინაიდან იგივე გადაწყვეტილება გვამცნობს, რომ ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ეს იყო სააკაშვილის მორჩილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს სასამართლო სააკაშვილს გუნდს პრაქტიკულად სამომავლოდ მხარდამჭერებს უმრავლებდა. ანუ, ეს ხალხი ნებისმიერ არჩევნებზე მხარს სწორედ 'ნაცმოძრაობას' დაუჭერდა. 
სააკაშვილის გუნდის წევრს, ბენდუქიძეს არაერთხელ განუცხადებია, რომ ქართველმა გლეხმა მიწაზე მუშაობა არ იცის, ზარმაცია და ამიტომ საჭიროა მაღალი აგრარული კულტურის უცხოელები იქნან შემოყვანილი და ისინი ააყვავებენ საქართველოს სოფლის მეურნეობას. ეს აბსოლუტურად მცდარი და არასწორი მტკიცებაა. ჩვენ, როგორმე უნდა შევაჩეროთ ეს პროცესი, რომელიც სააკაშვილმა დაიწყო. მისი პოლიტიკა სხვა არაფერი იყო, თუ არა ქართველი გლეხის მიწიდან აყრისა და ქარული სოფლის ვერგადარჩენის პოლიტიკა. ჩემი აზრით, სწორდ ამიტომ მოახდინა წინა ხელისუფლებამ ქართველი გლეხის უკიდუროსობამდე ორგანიზებულად გაღატაკება. 
ჩვენ, ქართველ მეცნიერთა ჯგუფმა შევისწავლეთ ამ თვალსაზრისით მთელი მსოფლიოს გამოცდილება. ჩეხეთს დაშვებული აქვს უცხო ქვეყნების მოქალაქეებისათვის მიწის შესყიდვა, მაგრამ იქ მოქმედი რეგულაციებით ჯერჯერობით, ვერავინ ვერაფერი ვერ იყიდა. 
აშშ-შიც კი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მხოლოდ 0,7%-ია გასხვისებული უცხოელზე. იგივე მდგომარეობაა საფრანგეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში. ჩვენც ამ გზას უნდა დავდგეთ. საქართველოს პარლამენტმა ეს საკითხი ძალიან ოპერატიულად და რაც შეიძლება ჩქარა უნდა მიიღოს. 
პარლამენტმა თავი უნდა დაანებოს ამ თემაზე რაღაც თეორიებზე გამოდევნებას. ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოშიც კი, იმწამსვე ივიწყენებ თეორიებს, როდესაც ქვეყნის ინტერესებს საფრთხე რეალურად ემუქრება და ხისტად წყვეტენ საკითხებს თავიანთი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენც, ამ გზით უნდა ვიაროთ. 

'ინტერპრესნიუსი' 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები