მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პარტიების ფინანსურ დეკლარაციაში ასახული ივანიშვილის მილიონები

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ' საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, პოლიტიკურმა პარტიებმა ყოველწლიური დეკლარაცია აუდიტის სამსახურს 1-ელ თებერვლამდე უნდა წარუდგინონ.

როგორც აუდიტის სამსახურში აცხადებენ, ჯერ არცერთ პარტიას ფინანსური დეკლარაცია არ წარმოუდგენია.

ფინანსურ დეკლარაციაში უნდა აისახოს საწევრო შენატანები და შემოწირულებები, შემოსავლები, მათ შორის, საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრები, საარჩევნო კამპანიის ფონდის ხარჯები, სსიპ  - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან მიღებული სახსრებით გაწეული ხარჯები, საბალანსო ანგარიშგება, საბანკო ანგარიშები, არაფინანსური აქტივები, შენობა-ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების რეესტრი.

თუ პოლიტიკური სუბიექტი დროულად არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას აუდიტის სამსახურს, იგი დაკარგავს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლებას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში.

დეკლარაციები რომ მსუყე და საინტერესო იქნება ამას დიდი მსჯელობა ალბათ არ სჭირდება, ვინაიდან საზოგადოებამ უკვე იხილა, როგორი იყო გასული წლის დეკლარაციები, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენისა და მასში ჩადებული ფულის შემდეგ.

მაგალითად 2011 წლის იანვრიდან, 2012 წლის იანვრამდე პერიოდის დეკლარაციით ,,ეროვნული ფორუმს'' მიღებული ჰქონდა 103 571 ლარი. აქედან სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეადგენდა 79 407 ლარს, ხოლო განვითარებისა და რეფორმების ფონდის დაფინანსება - 201 525 ლარს. სხვა შემოსავალი, არც საწევრო და არც შესაწირის სახით ,,ეროვნულ ფორუმს'' არ გააჩნდა. აღნიშნული თანხიდან მივლინებებში დაუხარჯავთ 36 510 ლარი, ოფისის ხარჯები - 16 831, იჯარის ხარჯი - 28 000, განვითარებისა და რეფორმების ფონდის ხარჯები - 21 630, რაც 2 639 ლარით აჭარბებდა მიღებულ შემოსავალს.

,,კონსერვატიული პარტიის'' წარმოდგენილი საფინანსო დეკლარაციის მიხედვით, სახელმწიფო  ბიუჯეტიდან პარტია დაფინანსდა 157 626 ლარით, ხოლო საარჩევნო სისტემის განვითარების, რეფორმებისა და სწავლებების ცენტრის მიერ კვარტალში ერთხელ - 16 143 ლარით. სულ დაფინანასება შეადგენდა 222 202 ლარს. საბანკო ანგარიშები პარტიას გახსნილი ჰქონდა ,,ქართუ ბანკსა'' და ,,საქართველოს ბანკში''.

დეკლარაციის მიხედვით, პარტიას ხელფასის სახით გაცემული აქვს 7 740 ლარი, (წარმოდგენილ ცხრილებში კი ხელფასის სახით გაცემული 9 675 ლარი ფიქსირდება). სოციალური და საშემოსავლო შენატანები შეადგენს  22 251 ლარს. ყველა რაიონში დაფუძნებული აქვს თავისი ორგანიზაცია, სადაც იხდის ოფისის ქირას, კომუნალურ და საკომუნიკაციო ხარჯებს. წლის მაძილზე გადახდილმა იჯარამ შეადგინა 103 326 ლარი, მათ შორის ავანსად არის გადახდილი 48 488 ლარი. მივლინებებში ,,კონსერვატიულ პარტიას'' დაუხარჯავს 56 020 ლარი.

აუდიტორულ დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ,,კონსერვატიულ პარტიას'' დეკემბერში სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, შემოწირულობის სახით ჩაერიცხა 1 100 000 ლარი. თუმცა საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ ეს სხვადასხვა ორგანიზაციები ბიძინა ივანიშვილის ფირმები გახლავთ. 

ამავე პერიოდში, პარტიამ აღნიშნული თანხიდან 1 020 000 ლარის საწვავი შეიძინა (ტალონური სისტემით). დეკლარაციაში მითითებულია, რომ ,,კონსერვატიულ პარტიას'' მთელი წლის განმავლობაში, 2011 წლის იანვრიდან - 2012 წლის იანვრამდე შეუძენია 1036 359 ლარის საწვავი.

რაც შეეხება კობა დავითაშვილის პარტიას, მან ივანიშვილის კომპანიებისგან ჩარიცხული თანხა პრემიებში გახარჯა, თუმცა თავიდან მანაც საწვავის შესაძენად ,,რომპეტროლ საქართველოს'' გადაურიცხა 825 000 ლარი, მაგრამ მოგვიანებით 600 000 ლარი უკან დაიბრუნა. ,,ხალხის პარტიას'' ბიუჯეტიდან 157 626 ლარი აქვს მიღებული, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან იღებს მიზნობრივ დაფინანსებას და წლის განმავლობაში მიღებული აქვს 64 575 ლარი. იურიდიული პირებისგან კი შემოწირულობის სახით, ცხადია ივანიშვილის კომპანიებისგან მანაც, ძიძიგურის მსგავსად, 1 100 000 ლარი მიიღო. ,,ხალხის პარტიის'' მთლიანმა შემოსავალმა, რომელიც დავითაშვილმა ,,ლიბერთი ბანკს'' მიაბარა, წლის განმავლობაში შეადგინა 1 322 202 ლარი. კონტროლის პალატაში წარდგენილი დოკუმენტებით, კობა დავითაშვილს წლის განმავლობაში ხელფასის სახით გაუცია 6 840, ხოლო პრემიის სახით 96 250 ლარი. დავითაშვილის პარტიის ოფისის ხარჯმა შეადგინა 14 590 ლარი, საიჯარო ქირის ხარჯში 102 490 ლარია გაწერილი. ოფისის რემონტმა 4 130 ლარი შეადგინა.

,,რესპუბლიკური პარტიას'' გასულ წელს ივანიშვილის კომპანიების გარდა სხვა შემომწირველებიც ჰყავდა, მაგალითად ვენერა სუთიძე ,,რესპუბლიკური პარტიას'' თითქმის ყოველთვიურად 100 ლარს სწირავდა და ეს დაფინანსება მას შემდეგაც კი არ შეუწყვიტავს, რაც ივანიშვილმა სხვა პარტიების მსგავსად 1 100 000 ლარი მისცა ''რესპუბლიკელებს''. პარტიას წლის მანძილზე 1 283 334 ლარი ჰქონდა შემოსავალი. აქედან, მათ ფონდზე მხოლოდ ვენერა სუთიძე და ბიძინა ივანიშვილი ზრუნდავნენ. 2011 წლის ბოლოს, 29 დეკემბერს, ,,რესპუბლიკელებმა'' შეიძინეს ,,ტოიოტას'' ფირმის ოთხი ავტომობილი - 57 092, 83 876, 49 032 და 46 345 ლარის ღირებულების. რამაც სულ 237 347 ლარი შეადგინა. 

,,რესპუბლიკურ პარტიას'' ხელფასის სახით გაუცია 213 050 ლარი, ქვეყნის გარეთ მივლინებებში დაუხარჯავს 7 521 ლარი (სულ, საქონელი და მომსახურების მუხლში 830 521 ლარია გაწერილი). ოფისის ხარჯები შეადგენს 143 759 ლარს, აქედან საკანცელარიო საქონლის, საოფისე ტექნიკისა და ინვენტარის შეძენა-დამონტაჟება, მოვლა-შენახვაზე დახარჯულია 106 220 ლარი. ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯმა შეადგინა 347 952 ლარი. ხოლო საწვავის ხარჯმა - 110 605 ლარი. საწვავსა და მონო ბარათებში ,,რესპუბლიკელებს'' 116 300 ლარი დაუხარჯავთ.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები