მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პატრიარქის ვიზიტი უკრაინაში დასრულდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ვიზიტი უკრაინაში დასრულდა. უწმინდესი თბილისში წუხელ, 02:00 საათზე დაბრუნდა . 
პატრიარქი კიევში რუსეთის გაქრისტიანების 1023-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად 25 ივლისს გაემგზავრა. ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ილია მეორე შეხვდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს, ერთობლივი წირვა აღავლინა კიევისა და სრულიად უკრაინის პატრიარქ ვლადიმირთან ერთად, ასევე, შეხვდა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს და პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი აზაროვს. 
უკრაინაში საქართველოს ელჩის, გრიგოლ ქათამაძის ინფორმაციით, საქართველოს საელჩოში გაიმართა, ასევე, პატრიარქის შეხვედრა ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებთან. 
კიევში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრისას რუსეთის პატრიარქმა კირილმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მორწმუნე ადამიანების პრობლემების შესახებ დიალოგის დაწყების თაობაზე საზეიმოდ განაცხადეს. როგორც პატრიარქმა კირილმა აღნიშნა, არც ერთ სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან რუსეთის ეკლესიას ისეთი ძმური ურთიერთობა არ გააჩნია, როგორიც საქართველოსთან აქვს.
რუსეთის პატრიარქის განცხადებით, აშკარაა, რომ არსებობს საქართველოს საპატრიარქოს კანონიკური იურისდიქცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. 'მეორეს მხრივ კი, ამჟამად არსებობს გარკვეული კანონიკური უწესრიგობა როგორც ერთ, ისე მეორე ადგილზე', - განაცხადა პატრიარქმა კირილმა. 
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ კი იმედი გამოთქვა, რომ 'ხშირი შეხვედრები ნაყოფს გამოიღებს. მართლაც, პოლიტიკური მოღვაწეები მიდიან და მოდიან, ჩვენი ერები და ეკლესია კი რჩება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი ურთიერთობები იყოს ძმური და მეგობრული', - ბრძანა ილია მეორემ.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები