მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პირობითი სასჯელისგან ყველა მსჯავრდებულის გათავისუფლების ინიციატივას იუსტიციის სამინისტრო არ იზიარებს

პირობითი სასჯელისგან ყველა მსჯავრდებულის გათავისუფლების ინიციატივას იუსტიციის სამინისტრო არ იზიარებს და პარლამენტს პირობითი სასჯელის პრევენციული მნიშვნელობის გათვალისწინებას ურჩევს. ამის შესახებ 'ინტერპრესნიუსს' 'ამნისტიის შესახებ' პროექტის ერთ-ერთი ავტორმა, დეპუტატმა გედევან ფოფხაძე განუცხადა. 
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე კანონპროექტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს წერილობით რეკომენდაციებს უკვე გაეცნო. მისივე ინფორმაციით, რეკომენდაციები და შენიშვნები პარლამენტში შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებიდანაც გადაიგზავნა. 
'იუსტიციის სამინისტროს შენიშვნები 'სისხლის სამართლის კოდექსის' ცალკეულ მუხლებს და პირობით სასჯელებთან დაკავშირებულ ჩანაწერს ეხება. კანონპროექტის თანახმად, პირობითი სასჯელისგან გათავისუფლება ყველას ეხება. იუსტიციის სამინისტრო კი მიიჩნევს, რომ პირობით სასჯელს თავისი პრევენციული მნიშვნელობა გააჩნია და ყველა მსჯავრდებულთან მიმართებაში პირობითი სასჯელის მოხსნა მიზაშეწონილი არ იქნება. ციხეში მყოფ საკმაოდ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პატიმრებს რეალურ სასჯელთან ერთად, პირობითიც აქვთ მისჯილი და არსებობს პოზიცია, თუ რატომ უნდა მოეხსნათ ასეთ პატიმრებს პირობითი სასჯელი. ადამიანი, რომელსაც პირობითი სასჯელი აქვს უფრო ფრთხილია, ვიდრე ის, ვისაც არ აქვს', - განუცხადა 'ინტერპრესნიუსს' გედევან ფოფხაძემ. 
კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, 'ამნისტიის შესახებ' კანონპროექტის იმ მუხლის კორექტირებაც, რომელიც ამნისტირებულ პირთათვის, სასჯელისგან გათავისუფლების პარალელურად, ნასამართლეობის მოხსნას ითვალისწინებს, დეპუტატმა განმარტა, რომ ნასამართლეობის მოხსნის საკითხი კითხვის ქვეშ არ დადგება. 
'პირიქით, დგას საკითხი იმის შესახებ, რომ ნასამართლეობის მოხსნასთან ერთად, ადამიანებს ის უფლებებიც დაუბრუნდეთ, რაც მართვის უფლებას, პოლიციაში, საექიმო სფეროში თუ საჯარო სამსახურში საქმიანობის გაგრძელებას ეხება, რათა მათი სრულფასოვანი რეაბილიტაცია მოხდეს და მიეცეთ საშუალება, დაიწყონ მუშაობა იქ, სადაც სურთ', - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ. 
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ინფორმაციით, 'ამნისტიის შესახებ' პროექტზე მუშაობას პარლამენტი მიმდინარე კვირიდან დაუბრუნდება და მას განხილვასთან დაკავშირებული პროცედურების დაცვით, წლის ბოლომდე მიიღებს.
'ამნისტიის შესახებ' კანონპროექტის განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტმა 19 ნოემბერს დაიწყო, თუმცა, სესიაზე მისი გატანის გადაწყვეტილება არ მიუღია. კომიტეტი შესაბამისი აღმასრულებელი სტუქტურების რეკომენდაციებს დაელოდა. მათი აზრით კი, ამნისტია არ უნდა შეეხოს ძალადობრივი ტიპის საქმეებს, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს, თაღლითობას, სიცოცხლის მოსპობას, სამოხელეო დანაშაულებს და სხვა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები