მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პოლიტიკური ემიგრაცია საფრანგეთში დასახლდა, გერმანიაში მცხოვრები ქართველები კი ინტელექტუალები იყვნენ.

ცნობილ ისტორიკოსს რუსუდან დაუშვილს სადოქტორო დისერტაცია აქვს დაწერილი მეორე მსოფლიო ომში ემიგრანტთა მონაწილეობაზე, - როგორც ანტიგერმანულ ბანაკსა და პარტიზანულ რაზმებში, ასევე გერმანელთა მხარეს მებრძოლებზე. დისერტაციის პირველი ნაწილი 'ქართული ემიგრაცია 1921-39 წწ' 2007 წელს გამოსცა.ახალს (1939-50 წწ) გამოსაცემად ამზადებს.  
  
- ქალბატონო რუსუდან, რაკი გივი გაბლიანის შესახებ ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულმა სტატიამ ასეთი ცხოველი გამოხმაურება გამოიწვია, უპრიანია იმ პოლიტიკურ პროცესებზეც ვისაუბროთ, რასაც ადგილი ჰქონდა გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროს საქართველოს საკითხის გადასაწყვეტად.

KvirisPalitra.Ge- ქართული ემიგრაციის მრავალფეროვან და ხშირად ურთიერთდაპირისპირებულ ჯგუფებს, რომლებმაც ქვეყანა 1921 წელს ოკუპაციის, 1924 წლის აჯანყების დამარცხების ან რეპრესიების გამო დატოვეს, აერთიანებდა სამშობლოს დიდი სიყვარული და სურვილი - ეხილათ დამოუკიდებელი საქართველო. პოლიტიკური ემიგრაცია საფრანგეთში დასახლდა, სამხედრო ელიტა - პოლონეთში, გერმანიაში მცხოვრები ქართველები კი ინტელექტუალები იყვნენ. ბერლინის ელექტრონებისა და იონების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ნიკურაძე იმავდროულად კონტინენტური ევროპის კვლევა-ძიების ინსტიტუტის დირექტორიც იყო. მისი ძმა, ივანე ნიკურაძე, ბრესლაუს უნივერსიტეტში ჰიდრავლიკისა და ჰიდროდინამიკის კათედრას განაგებდა, ბერლინის უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის კათედრას - მიხაკო წერეთელი, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას - გიორგი ნაკაშიძე, იურიდიულ ფაკულტეტზე ასწავლიდა ნიკო ნაკაშიძე. ბრესლაუს აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელ ინსტიტუტში სოვეტოლოგიის ცენტრის დირექტორი იყო მიხეილ ახმეტელი, იქვე ასწავლიდა გრიგოლ დიასამიძე, რომელიც საგამომცემლო საზოგადოება Neue  Osten-ის ხელმძღვანელი და მეკელაინთან ერთად ჟურნალ Morgenland-ის რედაქტორიც იყო.

უმაღლეს სასწავლებლებში ასწავლიდნენ დოქტორები: ბერლინის შარლოტენბურგის ტექნიკურ უმაღლეს სკოლაში ქიმიკოსი კირილე ვეკუა, ჰამბურგის უნივერსიტეტში ენათმეცნიერი კიტა ჩხენკელი, ჰალეს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე სევერიან ბუაძე. გერმანელთა პატივისცემით სარგებლობდნენ მწერლები გრიგოლ რობაქიძე და შალვა ამირეჯიბი, ექიმი გიორგი მაღალაშვილი, გაზეთ 'კლდეს' რედაქტორი შალვა ქარუმიძე, ქართული სტამბის დამაარსებელი ბერლინში არჩილ მეტრეველი, საქართველოს ყოფილი ელჩი ვლადიმერ ახმეტელი, მეცნიერები: გიორგი კერესელიძე, აკაკი პაპავა, მიხეილ ყაუხჩიშვილი, მიხეილ წულუკიძე, დავით ღამბაშიძე, ტიტე მარგველაშვილი და სხვები...

- რატომ გაიყო ემიგრაცია ორ ბანაკად?

- ემიგრაცია 2 ბანაკად საბჭოთა კავშირთან ომის დაწყებამდე გაიყო. პოლიტიკურ მოღვაწეთა ნაწილი ანტიგერმანულ ბანაკში აღმოჩნდა, ნაწილმა საქართველოს გათავისუფლება ომში გერმანიის გამარჯვებას დაუკავშირა. გერმანიის ხელისუფლებამაც მათ დახმარება აღუთქვა თანამშრომლობის სანაცვლოდ. ემიგრანტები, რომლებიც 1921 წლიდან იბრძოდნენ რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ, გერმანია-სსრკ ომის დაწყებას სიხარულით მიეგებნენ - გერმანიამ ომი გამოუცხადა იმ რუსეთს, რომელმაც ორჯერ დაიპყრო საქართველო და მოშალა მისიKvirisPalitra.Geსახელმწიფოებრიობა. ბევრი ემიგრანტი ჩავიდა გერმანიაში ოკუპირებული ჩეხოსლოვაკიიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, რომელმაც ორ კვირაში დაყარა იარაღი და მობილიზაციით გაწვეული 170 ქართველი გერმანელებს შეატოვა.

1942 წლის დასაწყისში ბრძოლები დაიწყო კავკასიის მისადგომებთან. აქ გერმანიამ სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გატარებული ანტიჰუმანური წესებისაგან განსხვავებულ პოლიტიკას მიმართა, რამაც ქართველებს იმედი ჩაუსახა. რომ გერმანია ისეთივე როლს შეასრულებდა, როგორიც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და ახალგაზრდა რესპუბლიკის დაცვის დროს შეასრულა. ასე აღმოჩნდნენ ქართველები მრავლად გერმანულ ბანაკში. გერმანიის დახმარების იმედად საიდუმლო ორგანიზაციები შეიქმნა საქართველოშიც.

გერმანიის უმაღლეს ეშელონებში სსრკ ხალხთა მიმართ გატარებულ კოლონიურ პოლიტიკას ბევრი არ იზიარებდა: გრაფი შულენბურგი საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ადმირალი კანარისი, გენერალი კოსტრინგი, მისი ადიუტანტი ჰერვარდი, გრაფი შტაუფენ-ბერგი, კაპიტანი ობერლენდერი, მისი ასისტენტი კუცშერბახი გენერალური შტაბიდან, ოტო ბრაუტინგამი და პროფესორი ფონ მენდე აღმოსავლეთის სამინისტროდან და სხვები. კვლავ გააქტიურდა პაულ რორბახის პირველი მსოფლიო ომის დროინდელი 'ფორთოხლის' თეორია. უხეში კანის შემოცლის შემდეგ რუსეთის მიერ ძალით მიკრული სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთს მოსცილდებოდა და რუსული კოლოსის ადგილას ეროვნულ სახელმწიფოთა ჯგუფი დაარსდებოდა. ისარგებლეს იმით, რომ ჰიტლერს კავკასიის ხალხებთან არ გააჩნდა ტერიტორიული პრეტენზიები და გარკვეული გეგმა მათ მომავალ სახელმწიფო მოწყობაზე, შეიმუშავეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პროექტი, რომელიც შეასრულებდა ბუნებრივი ბუფერის როლს რუსეთის სამხრეთული ექსპანსიის შესაჩერებლად, შემდეგ კი გახდებოდა მოკავშირე და საყრდენი გერმანიის აღმოსავლურ პოლიტიკაში.

გეგმის ავტორი იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო აღმოსავლეთის საქმეთა კომისარი, ქართველთა დიდი მეგობარი, 1911-14 წლებში გერმანიის კონსული თბილისში, 1916 წელს 'საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის' მიერ ტრაპიზონში შექმნილი ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი, 1918 წელს - გერმანული მისიის წევრი საქართველოში გრაფი ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგი. 1942 წლის აპრილში მან ბერლინში მიიწვია კავკასიელი ემიგრანტები და 'პოლიტიკური კომიტეტების' შექმნა შესთავაზა. სტუმრები ცხოვრობდნენ სასტუმრო 'ადლონში', ამიტომ გეგმას 'ადლონიადა' უწოდეს. ქართველებმა წამოაყენეს მონარქიის აღდგენის იდეა და ქართული კომიტეტის ხელმძღვანელად ირაკლი ბაგრატიონი დაასახელეს. მაგრამ სსრკ-ში შემავალი ქვეყნების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადებაზე ჰიტლერმა უარი თქვა. აღმოსავლეთის სამინისტროს შეფმა როზენბერგმაც არ დაუშვა საქართველოს საკითხის გამოყოფა აღმოსავლეთის საკითხებიდან და მისი საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის გადაცემა.

KvirisPalitra.Geკავკასიისა და საქართველოს საკითხზე გერმანიაში ერთმანეთს შეეჯახა სამი თვალსაზრისი: გრაფი შულენბურგის და მისი თანამოაზრეების - კავკასიის სრული დამოუკიდებლობა, როზენბერგის - დამოუკიდებელი სახელმწიფოები გერმანიის სრული ზედამხედველობით, ჰიტლერისა და კოხის - კავკასია გერმანიის საყრდენი გახდებოდა არაარიული ელემენტების გასახლებისა და გერმანელთა ჩასახლების შემდეგ.

- რა მოხდა შულენბურგის გეგმის ჩაშლის შემდეგ?

- შულენბურგის გეგმის ჩაშლის შემდეგ 'ადლონის' სტუმრების ნაწილი წავიდა, ნაწილი - გერმანიის სხვადასხვა უწყებას დაუკავშირდა, ნაწილმა აღმოსავლეთის სამინისტროსთან განაგრძო მუშაობა. გამომშვიდობებისას გრაფ შულენბურგს უთქვამს: 'მე დავმარცხდი. ვშიშობ, რომ გერმანიაც დამარცხდება, თუ სასწაული არ მოხდა'. არისტოკრატია, რომელიც არ იზიარებდა ჰიტლერის პოლიტიკურ კურსს, სასწაულს აღარ დაელოდა. ჰიტლერის წინააღმდეგ 1944 წლის 20 ივლისს მოწყობილ ახალ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის სიკვდილით დასაჯეს ქართველთა კეთილისმყოფელები: გრაფი შულენბურგი, ადმირალი კანარისი, მაიორი შტაუფენბერგი და სხვები.

გერმანიის სამხედრო მარცხისა და კავკასიიდან უკან დახევის შემდეგ როზენბერგი იძულებული გახდა ემიგრანტებთან ურთიერთობა გაეგრძელებინა. ბრაუტიგამისა და ფონ მენდეს ინიციატივით 1943 წლის გაზაფხულზე დაარსდა 'ქართული ეროვნული კომიტეტი' მიხეილ წერეთლის თავმჯდომარეობით (წევრები - ზურაბ ავალიშვილი, სპირიდონ კედია, გიორგი მაღალაშვილი), რომელსაც მონარქიის რესტავრაციის საკითხი აღარ დაუყენებია. კომიტეტს ევალებოდა: გერმანიასთან თანამშრომლობა, ქართველთა გაერთიანება, ყველა ქართული საქმის ხელმძღვანელობა და საქართველოს ინტერესების დაცვა გერმანიის ხელისუფალთა წინაშე. ეროვნულ ძალთა მობილიზაციის მიზნით გიორგი მაღალაშვილის რედაქტორობით ბერლინში 30000 ტირაჟით გამოიცა ჟურნალი 'ქართველი ერი' (17 ნომერი). ჟურნალი ეგზავნებოდა ტყვეებსა და ემიგრანტებს. ჰიტლერმა პოლიტიკური შეფერილობის ეს კომიტეტიც მალე აკრძალა. ამის შემდეგ შეიქმნა სამხედრო ხასიათის 'საკავშირო შტაბი', თუმცა მასაც ჰქონდა პოლიტიკური განყოფილება მიხეილ კედიას ხელმძღვანელობით.

დაპყრობილ ტერიტორიებზე თავდაპირველად გერმანელებს ისე შეხვდნენ, როგორც განმათავისუფლებლებს, მათ კი ეროვნული მთავრობების ნაცვლად 'გაულაიტერები' ჩაუყენეს, თავისუფლების ნაცვლად - ახალი ტიპის მონობა მოახვიეს. აღმოსავლეთის ფრონტზე სამხედრო მარცხს ხალხის უკმაყოფილებაც დაემატა, რამაც აიძულა როზენბერგი კავკასიური შტაბები კომიტეტებად ეცნო. კომიტეტად ქცეული 'ქართული ცენტრის' თავმჯდომარედ გ. მაღალაშვილი დასახელდა.

KvirisPalitra.Geრაც უფრო მცირდებოდა ქართულ პოლიტიკურ ორგანიზაციათა სტატუსი, მით უფრო იზრდებოდა სამხედრო ნაწილებისა და ორგანიზაციების როლი. 'ქართული ცენტრი' 'საკავშირო შტაბმა' შეცვალა, პოლიტიკური ლიდერები - სამხედრო მეთაურებმა, მაგრამ ქართველებს არ შეუსუსტებიათ პოლიტიკურ საკითხზე ზრუნვა და ყველა შესაძლო გზას ეძიებდნენ სამშობლოს დასაბრუნებლად თავისუფალ ერთა ოჯახში.

ასე რომ, 1942-44 წლებში გერმანიაში არსებული სამი ქართული პოლიტიკური ორგანიზაციიდან ერთმა - საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შექმნილმა 'ქართულმა პოლიტიკურმა კომიტეტმა' ირაკლი ბაგრატიონის თავმჯდომარეობით, ჩამოყალიბებაც ვერ მოასწრო, აღმოსავლეთის სამინისტროსთან შექმნილმა ორმა - 'ქართულმა ეროვნულმა კომიტეტმა' მიხაკო წერეთლისა და 'ქართულმა ცენტრმა' გიორგი მაღალაშვილის თავმჯდომარეობით, არსებობის მოკლე პერიოდში ვერ მოახერხა პოლიტიკური საკითხის გადაწყვეტა. მაგრამ საქართველოს საკითხის დაყენებამ გერმანიის ხელისუფლების წინაშე, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის აგიტაცია-პროპაგანდამ ჟურნალის, პროკლამაციების თუ შეკრება-საღამოების საშუალებით ხელი შეუწყო სამხედრო და ტყვეთა საკითხების მოგვარებას და ქართველთა ფიზიკურ გადარჩენას. გერმანიის მარცხმა მეორე მსოფლიო ომში ემიგრანტებს იმედი გადაუწურა და მთავარი საკითხი დამარცხებულთა ბანაკში მოხვედრილ თანამემამულეთა გადარჩენა გახდა.

კვირის პალიტრა

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები