მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'პოლიციის რეფორმა საქართველოს ახალი სახელმწიფოებრიობის შექმნის მთავარი სიმბოლოა'

პოლიციის რეფორმა საქართველოს ახალი სახელმწიფოებრიობის შექმნის მთავარი სიმბოლოა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, პოლიციის აღლუმის გახსნაზე განაცხადა. 
პრეზიდენტის თქმით, ქართველი პოლიციელების დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოს ბევრი ადამიანი შენატრის.
'ამდენი საუბარია იმის შესახებ, რომ საქართველომ შეძლო პრაქტიკულად შეუძლებელი და ამ პოსტსაბჭოთა სივრცეში შექმნა თანამედროვე სახელმწიფოს მყარი საფუძველი. ეს პირველ რიგში არის თქვენი დამსახურება. პოლიციის რეფორმა იყო პირველი მთავარი რეფორმა, რომელიც ჩვენ გავატარეთ და ჯერჯერობით არის მთავარი სიმბოლო ჩვენი გარდაქმნის და ჩვენი ახალი სახელმწიფოებრიობის შექმნის', - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა საბჭოთა მილიციასა და თანამედროვე ქართულ პოლიციას შორის განსხვავებაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, მთავარი განსხვავება არ არის ფორმები, ავტომობილები, შეიარაღება, ხელფასი ან კორუფციის აღკვეთა.
'მთავარი განსხვავებაა ის, რომ საბჭოთა მილიცია მიიჩნევდა, რომ ხალხი იყო მისი საკუთრება და დამცირების, გამოძალვის, წამების ობიექტი, დღევანდელი პოლიცია კი მიიჩნევს, რომ ის თავად ეკუთვნის ხალხს, წარმოადგენს, იცავს და ემსახურება ხალხს. ამიტომ ხალხი პასუხობს ამ ყველაფერს სიყვარულით. თქვენ ამას გრძნობთ თქვენს სამსახურში, თქვენი ოჯახების წევრები ამას ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძნობენ', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის შეფასებით, დღევანდელ პოლიციელებს საზოგადოება ეკიდება 
მოწიწებით, სიყვარულით, როგორც თავის და სამშობლოს დამცველებს. 
'ჩვენი პოლიციის წარმატება სახეზეა - საქართველო საერთაშორისო ობიექტური ორგანიზაციების დასკვნით, არის კორუფციასთან პირველი მებრძოლი მსოფლიოში', - განაცხადა პრეზიდენტმა.
ბათუმში ქართული პოლიციის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი მიმდინარეობს.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები