მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პრეზიდენტმა პედაგოგებს მოუწოდა, რომ 'ნურავის დაშინებას ნუ აჰყვებიან'

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პედაგოგებს მოუწოდებს, რომ 'ნურავის დაშინებას ნუ აჰყვებიან' . 'ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში იყოს მსოფლიო კლასის, თითით საჩვენებელი, საამაყო განათლება. ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე და არსად გადავუხვევთ. მინდა მივმართო ყველა პედაგოგს - ძალიან გვიყვარხართ და ნუ აჰყვებით ნურავის დაშინებას, ნურავის კრიტიკას', - განაცხადა სააკაშვილმა გუშინ საღამოს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გაკეთებულ ტელემიმართვაში.
მისივე განმარტებით, მთავრობის ამოცანაა, უახლოეს პერიოდში სერტიფიცირებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი 600 ლარი იყოს. 'მინიმალური ხელფასი სრულ შტატზე დღეს 350 ლარია. ჩვენი, მთავრობის ამონაცაა, უახლოეს პერიოდში სერტიფიცირებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი იყოს 600 ლარი. დღეს ვნახე რამდენიმე ათეული პედაგოგი, რომელსაც 1000 ლარიანი ხელფასი აქვს, ამაზე წლების წინ ოცნებაც არ შეიძლებოდა. პედაგოგებს არ უნდა შეეშინდეთ სერტიფიცირების', - განაცხადა სააკაშვილმა და აქვე განმარტა, რომ პედაგოგთა შეფასების ერთ-ერთი კრიტეტიუმია ისიც, თუ როგორ აბარებენ გამოცდებს მის მიერ მომზადებული მოსწავლეები.
ამასთან, ქვეყნის პირველმა პირმა უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ მომავალ წლებში სახელმწიფო გრანტის რაოდენობა გაფართოვდება. 'ჩვენ ვქმნით მოქნილ სისტემას, რომელიც წაახალისებს ინიციატივას და წაახალისებს კარგად მეცადინეობას. წელს ჩვენ უმაღლეს სასწავლებლებში ჩამოგვყავს რამდენიმე ასეული უცხოეული პროფესორი ჩვენი პედაგოგების დასახმარებლად და გამოცდილების გასაზიარებლად', - დასძინა პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, სააკაშვილი ბათუმში ამერიკული ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ის სტუდენტების მიღებას მომავალი წლიდან შეძლებს. 'ეს იქნება პირველი სასწავლებელი პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც გასცემს მთლიანად ამერიკულ დიპლომს. მე არ მეშინია, რომ ქართველები დატოვებენ საქართველოს. მიმაჩნია, რომ რაც უფრო ნასწავლია ადამიანი, მით უფრო მოინდომებს, დაეხმაროს თავის ქვეყანას, გააკეთოს რაღაც მისი სიკეთისთვის. შევეცადოთ, რომ ვიყოთ ინოვატიურები ყველა სფეროში. 4 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო მაღალტექნოლოგიურ იარაღს აწარმოებდა. არავის სჯეროდა, მაგრამ საქართველომ შექმნა მაღალი ტექნოლოგიები, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ ამ გზის დასაწყისში ვიმყოფებით', - განაცხადა პრეზიდენტმა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები